სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/_DSC0171.JPG
27/12/2018 11:36

ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულს„ - წლის შემაჯამებელი შეხვედრა

26 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციის „ნაბიჯი ხარაგაულს“ დამფუძნებელმა რუსუდან გურგენიძემ,  საზოგადოებას წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა.  ღონისძიებას, ხარაგაულის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე, სოციალური სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე,  სხვადასხვა პროექტებში ჩართული ბენეფიციარები და შშმ პირების მშობლები დაესწრნენ. რუსუდან გურგენიძემ  2018 წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს, ორგანიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მშობელთა კომიტეტის ჩამოყალიბება იყო. მშობელთა კომიტეტი მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა და მართავდა შეხვედრებს.  სამუშაო ფორმატში შეხვედრები ჩაატარეს ხარაგაულის მერთან, სოციალურ სამსახურთან, სადაც განხილებოდა სხვადასხვა პრობლემატური საკითხები და ისახებოდა მიზნები, რაც შშმ პირების სოციალიზაციასა და საზოგადოებაში მეტ ინტეგრაციაზე იყო ორიენტირებული. პროგრამის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა ფსიქოლოგთან, ვიზიტი დღის ცენტრ „ორიონში“, ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება შშმ ბავშვებისთვის.  რუსუდან გურგენიძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს ვინც აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივობებში. მისი განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც მთელი წლის განმავლობაში მუშაობის შედეგი გამოიღო არის, ის, რომ 2019 წლის ბიუჯეტში მძიმე დარღვევების მქონე შშმ პირთა სოციალური დახმარების პროგრამა აისახა.  შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ, მათ შორის მშობლებმა, თავის მხრივ მადლობა გადაუხადეს ქალბატონ რუსუდანს, საინტერესო და სასარგებლო პროექტისთვის და მომავალში უფრო მეტი აქტიურობისა და ჩართულობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/_DSC0142.JPG
25/12/2018 18:55

საახალწლო კონცერტი მუსიკალურ სკოლაში

დღეს, 25 დეკემბერს, ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.   სკოლასთან არსებულმა ვოკალურ-ინსტრუმენტალურმა ბენდმა „გრავემ“ მსმენელისთვის ცნობილი კომპოზიტორების კომპოზიციები წარმოადგინა. ინსტრუმენტალურ საკრავებთან ერთად, მუსიკალური სკოლის პედაგოგებისა და  აღსაზრდელების მიერ შესრულდა სხვადასხვა ვოკალური ნომრები.  ღონისძიებაზე გაიჟღერა „გოგონათა ვოკალური ანსამბლის“, „ბიჭუნათა კვარტეტის“, „მუსიკალური სკოლის კვარტეტისა“ და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მუსიკალურმა ნომრებმა. სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ლალი ალექსიძემ 2018 წელი შეაჯამა და ერთი წლის განმავლობაში სამუსიკო სკოლის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და  აღსაზრდელების წარმატებების შესახებ ისაუბრა. საახალწლო ღონისძიებას ესწრებოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძე. ნიკოლოზ თოფურიძემ სამუსიკო  სკოლის პედაგოგებს, აღსაზრდელებსა და მშობლებს  მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ხარაგაულის მერმა აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება დასტურია იმისა, თუ როგორი ნიჭიერი და მუსიკალური თაობა იზრდება ხარაგაულში. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0095.JPG
24/12/2018 19:44

„ვიცნობდეთ ხარაგაულს“-  ფინალში გიმნაზიამ გაიმარჯვა

24 დეკემბერს ხარაგაულის კინოთეატრში, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, კონკურსის „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ფინალური შეხვედრა ჩატარდა.   კონკურსის გამარჯვებული წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის გიმნაზიის გუნდი გახდა. მეორე ადგილზე ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა მოლითის საჯარო სკოლის გუნდს. პროექტში მონაწილეთა შედეგებს სპეციალური ჟიური აფასებდა. ფინალურ შეხვედრაში მოლითის, მარელისის, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლების, ხარაგაულის გიმნაზიისა და ბორის სკოლა პანსიონის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შემეცნებითი კონკურსი სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის, ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.    გამარჯვებულ გუნდებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს ერთ დღიან ტურს მოუწყობს ბაკურიანში. ტურიზმისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, გრიგოლ ჭიპაშვილის ინიციატივით, კი 2019 წლის ზაფხულზე ფინალში მონაწილე გუნდები ზვარის კარვების ბანაკში უფასოდ დაისვენებენ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/iuyiuoo.JPG
24/12/2018 18:06

2019 წელს ხარაგაულში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და  მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე დაესწრნენ. წლის ბოლო სხდომაზე საკრებულომ საბიუჯეტო ცვლილება განიხილა და 2019 წელს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები განიხილა. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის განცხადებით, 2018 წლის საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან  გამოყოფილი სახსრები 11 800 ლარით შემცირდა და 308 500 ლარით განისაზღვრა;  გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები  42 300  ლარით შემცირდა და 11 028 100 ათასი ლარით განისაზღვრა; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი  შემოსულობების ნაწილში    17 700  ლარით გაიზარდა და    13 601 200 ლარით განისაზღვრა; საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი  ტრანსფერი   29 500 ლარით გაიზარდა და  6 333 700  ლარით განისაზღვრა; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი  გადასახდელების ნაწილში  17 700 ათასი ლარით გაიზარდა და   18 320 400   ლარით განისაზღვრა; სტიქიით   დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ხარჯები 60 000 ლარით გაიზარდა და  125 300 ათასი ლარით განისაზღვრა. 2019 წელს ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდიდან  განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი, საკრებულოს, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, თემური თაბუკაშვილმა წარუდგინა. საკრებულოსა და მერიის შეთანხმებით, ასევე, მოსახლეობის მოთხოვნებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე ხარაგაულში, 2019 წელს, 41 პროექტის განხორციელება იგეგმება. გთავაზობთ პროექტების ჩამონათვალს. ხარაგაულის მერის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ხარაგაულს 3 700 000 ლარი გამოეყოფა და პრიორიტეტი იმ გზების მშენებლობას მიენიჭება, რომლის პროექტებიც უკვე არსებობს. ნიკოლოზ თოფურიძე განმარტავს, რომ თუ მუნიციპალიტეტი გეგმა გრაფიკით შეასრულებს პროექტებს, თანხების დამატება კიდევ მოხდება, რისი დიდი იმედიც აქვთ.  სხდომაზე დებატები გამოიწვია პროექტთა შესრულებისა და თანხების ათვისების დაბალმა მაჩვენებელმა. როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს შემსრულებელი კომპანიების დიდი ნაწილი არაკეთილსინდისიერად იქცევა და სამუშაოებს ჯარიმის თანხლებით აგრძელებენ. ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თემური თაბუკაშვილის ინფორმაციით, ის ვალდებულება, რაც მუნიციპალიტეტის მერიას სამუშაოების განსახორციელებლად ეკისრება, ზედმიწევნით ვადების დაცვით  სრულდება და პროექტების შესრულების დაბალი მაჩვენებელი ტენდერების ხშირი ჩავარდნითა და  მეწარმეების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებითაა გამოწვეული.          
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A3%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%A7.png
24/12/2018 14:57

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირებზე სტატუსის მინიჭება გრძელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი იხილეთ დანართი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hgjkkj98.PNG
24/12/2018 12:48

ყურადღება აუქციონი!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით  ელექტრონული აუქციონი ცხადდება. იხილეთ დანართი. აუქციონი 2018 წლის 24 დეკემბერს, 16:00 საათზე, დაიწყება და 31 დეკემბერს, 16:00 საათზე, დასრულდება. ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე:  eauction.ge  ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში.“      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0370.JPG
21/12/2018 17:50

შოთიკო ჭიპაშვილისა და ალეკო ავალიშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში

სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, 19-20 დეკემბერს, ხარაგაულის სპორტ დარბაზში შოთიკო ჭიპაშვილისა და ალეკო ავალიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.  ტურნირში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 13 საჯარო სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას.   ნახევარფინალური თამაშებში პირველ სამ ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდა. ტურნირის გამარჯვებული ვარძიის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი დაბის #2 საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად, ხოლო მესამ ე ადგილზე ბორითის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. გამარჯვებული გუნდები სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა, გრიგოლ ჭიპაშვილმა სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა. პირველი ადგილის მფლობელ ვარძიის საჯარო სკოლას კი, სპეციალური თასი, შოთიკო ჭიპაშვილის მამამ, ბესო ჭიპაშვილმა გადასცა.  ტურნირის მიმდინარეობას ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების მშობლები, ახლობლები, მეგობრები და თანაკლასელები დაესწრნენ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/_DSC0413.JPG
21/12/2018 17:34

ხარაგაულში შშმ ბავშვების მონაწილეობით სპექტაკლები გაიმართა

21 დეკემბერს, დღის ცენტრ „ორიონის“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა ხარაგაულის კინოთეატრში სპექტაკლები „განსხვავებული“ და „წუნა და წრუწუნა“ ითამაშეს. წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ხარაგაულელი შშმ ბავშვებისთვის სპექტაკლების ჩვენება არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაულისთვის“ მოწვევითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.  ცენტრის დამფუძნებელმა, ჟანა ფერაძემ დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და დღის ცენტრის შექმნისა და განვითარების შესახებ ისაუბრა. მან ასევე მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს მანანა ბარბაქაძესა და ა/ო „ნაბიჯი ხარაგაულისთვის“ წარმომადგენელს, რუსუდან გურგენიძეს წინასაახალწლოდ შშმ ბავშვების მიმართ გამორჩეული ყურადღებისთვის.  სპექტაკლის დასასრულს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები გადასცა. სპექტაკლის ჩვენებას ხარაგაულის მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ბავშვები და მშობლები დაესწრნენ, რომელთა ტრასპორტირების ხარჯები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/48413084_587454251667449_4961137661575168000_n_2.jpg
20/12/2018 14:27

ხარაგაულელი ანი ბლიაძე - იმერეთის წარმატებული სპორტსმენი კალათბურთში

ხარაგაულელი კალათბურთელი გოგონა ვერტყვიჭალიდან, ანი ბლიაძე(მწვრთნელი ნუგზარ კაპანაძე) სეოკ იმერეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა  „წარმატებული სპორტსმენის“ დიპლომით დააჯილდოვდა.  დაჯილდოების ცერემონიალი ქალაქ ქუთაისში გაიმართა, რომელშიც იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წლის წარმატებული სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. იმერეთის რეგიონის წლის წარმატებული სპორტსმენები სპორტის სხვადსხვა სახეობებში გამოვლინდნენ, რომელთა დაჯილდოება საზეიმო გარემოში წარიმართა. წარმატებული სპორტსმენები ფასიანი საჩუქრებითა და დიპლომებით   ოლიმპიური კომიტეტის ქუთაისის წარმომადგენლებმა დააჯილდოვა. ანი ვერტვიჭალის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. მას განსაკუთრებით უყვარს  სპორტის ეს სახეობა და კალათბურთელი გოგონების დიდი გულშემატკივარია. ვერტყვიჭალის კალათბურთელ გოგონათა გუნდი, 2018 წელს,  იმერეთის ჩემპიონატის  გამარჯვებული გახდა. ხოლო, ამავე წელს გოგონებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მესამე ადგილი მოიპოვეს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/Happy_new_year_06463.jpg
20/12/2018 11:44

საახალწლო ღონისძიებების გრაფიკი ხარაგაულში

ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის  და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ხარაგაული, 2019 წელს საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეხვდება.      1.საახალწლო ღონისძიებები ბაღების გაერთიანებაში, 17-28 დეკემბერი, 12:00 საათი      2.საშობაო ზღაპარი საბავშვო ბიბლიოთეკა, 20 დეკემბერი, 14:00 საათი;     3. დღის ცენტრის ,,ორიონის“ შშმ ბავშვების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი, კინოთეატრი, 21 დეკემბერი, 14:00 საათი;     4.შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საახალწლო კონცერტი, სამუსიკო სკოლა, 25 დეკემბერი, 15:00 საათი;     5. კონკურსი ,,ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ფინალი, კინოთეატრი, 24 დეკემბერი,     12:00  საათი;     6.მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კონცერტი, კინოთეატრი, 26 დეკემბერი,     15:00 საათი;      7.საახალწლო კარნავალი დაბის სკოლების მონაწილეობით, კინოთეატრი, 27 დეკემბერი, 15:00 საათი;     8.„თოვლის ბაშო“ - ხარაგაულში ე.წ. დევების მიმდებარე ტერიტორიაზე რიგით მეორე, სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატი ჩატარდება, -  29 დეკემბერი, 13 საათი.     9.ზღაპრის გმირები სტუმრად ბავშვებთან, ღია ცის ქვეშ, მერიის წინ, 30 დეკემბერი,     13:00 საათი;     10.კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საახალწლო კონცერტი, კინოთეატრი, 31 დეკემბერი, 15:00 საათი.     11.ჯგუფ ,,ოჩოს ქოხის“ კონცერტი ღია ცის ქვეშ, 31 დეკემბერი, 19:00 საათი.     12.საშობაო ტრადიციული „ალილო“ – 7 იანვარი, 12 საათიდან ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოდან ალილოს მსვლელობა ხარაგაულის ქუჩებში.     13.საბავშვო სპექტაკლის პრემიერა „ინდაური ინდიგოს საახალწლო თავგადასავალი“(რეჟისორი ირინე ჩხეიძე) - 14 იანვარი, 13 საათი, ხარაგაულის კინოთეატრი.          
სრულად