სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_27.jpg
30/10/2020 14:34

რა გაკეთდა ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში

დღეს მოგიყვებით რა გაკეთდა იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც გალაკტიონ ტაბიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ეს ფარცხნალის თემია - თემი, რომელმაც ათეულობით აკადემიკოსი, პროფესორი და სხვადასხვა მეცნიერების ფუძემდებლები აღუზარდა ქვეყანას. სწორედ ამის გამო სოფელი ფარცხნალი, შესაძლოა სოფელ მუზეუმად ჩამოყალიბდეს და გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდეს. ფარცხნალს და მის გენიალუირობას წიგნი „ფარცხნალი-კორიფეთა სამკვიდრო“ მიუძღვნა ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დამფუძნებელმა და რეჟისორმა იზა ვეფხვაძემ. ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში 4 სოფელი-ფარცხნალი, ახალსოფელი, ისლარი და ღუდუმექეთი შედის. ადმინისტრაციული ცენტრიდან ხარაგაულამდე მანძილი 4 კმ-ია. ტოპონიმ ფარცხნალის შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: ადრე, ჟამიანობის დროს, სოფელს სენი მოსდებია. დაავადებულებისთვის სოფლის განაპირად ფარცხები აუშენებიათ, რათა ჯანმრთელი ადამიანებისაგან იზოლირებულად ყოფილიყვნენ. როცა სენს გადაუვლია, გადარჩენილ მოსახლეობას ფარცხების სიმრავლის გამო და გარდაცვლილთა ხსოვნის უკვდავსაყოფად სოფლისთვის „ფარცხნალი“ უწოდებია. ფარცხნალში აღინიშნება სახალხო დღესასწაული კახორობა, როცა მომლოცველთა უწყვეტი ნაკადი, 2 დღის განმავლობაში, კახორის მთისკენ ეკლესიის მოსალოცად მიდის. სოფლები-ისლარი, ღუდუმექეთი და ახალსოფელი მდინარე ჯიხველას ნაპირზე გაშენებული იმერული პატარა სოფლებია, სადაც ძველ ოდებს თანამედროვე ინფრასტრუქტურა ერწყმის. სოფელ ფარცხნალში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ გზას; მობეტონდა ისლარის ცენტრალური გზა; მოეწყო გარე განათება ისლარისა და ფარცხნალის მთავარ გზაზე; ისლარში მოეწყო სარიტუალო სახლი; სოფელ ისლარში წყლის სათავე ნაგებობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია; ახალსოფელში, სასაფლაომდე მისასვლელი გზა მოიხრეშა; ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზას ფარცხნალში, ბარის უბანში; სოფელ ფარცხნალში 2 სასაფლაოს ღობეს ჩაუტარდა რეაბილიტაცია; ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა სოფელ ფარცხნალში; ჩაუტარდა რეაბილიტაცია სოფლის წისქვილებს ოთხივე სოფელში; ასევე, ოთხივე სოფელში საჭიროებისამებრ გაიცა სასმელი წყლის ავზები და წყლის მილები; კეთილმოეწყო ცაცხვის წყარო სოფელ ფარცხნალში; გარე განათება მოეწყო ისლარისა და ფარცხნალის მთავარ გზაზე; რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ ეტაპად სოფელ ღუდუმექეთის გზას. ფარცხნალის თემში გაზიფიცირებულია სამი სოფელი ახალსოფელი, ფარცხნალი და ისლარი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_26.jpg
30/10/2020 14:33

რა გაკეთდა ხარაგაულის, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს, ადმინისტრაციულ ერთეულში ლეღვანში

ჩვენი კამპანია რა გაკეთდა დასასრულს მიუახლოვდა. ბოლოსთვის შემოვინახეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ადმინისტრაციული ერთეული - ლეღვანი, რომელიც სოფლებს - მარელისს, ლეღვანს, დიდვაკეს და პატარა სახულარს აერთიანებს. თითქმის ყველა ხარაგაულელმა იცის, რომ სწორედ მარელისის თემიდან შევდივართ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ამ ადგილს ჩვენ ე.წ. „ხერგილს“ ვუწოდებთ, საიდანაც იწყება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ბიომრავალფეროვანი ეროვნული პარკი. როგორც ასეთი ლეღვნის თემში მეხუთე სოფელიც უნდა შედიოდეს - დიდი სახულარი, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ იქ მუდმივად ერთი მაცხოვრებელიც აღარ არის სოფელმა სტატუსი დაკარგა. ეს ერთადერთი სოფელია, რომელიც ეროვნულ პარკში მდებარეობს. ბოლო წლების განმავლობაში ლეღვნის თემში, ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა. ეს არის საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ განხორციელებული(USAID -ის დაფინანსებით) პროექტი - „ტყე-პარკის მიმდებარე სოფლებში ეკოტურიზმის განვითარება“, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა მცირე საოჯახო სასტუმროები, საცხენოსნო მომსახურება და ეკოპროდუქტის შეთავაზების სერვისი ტურისტებისთვის. გამოიცა ბუკლეტი „ხარაგაული - ბიომრავალფეროვნების კარიბჭე“, რომელიც ერთგვარი გზამკვლევია იმ ტურისტებისთვის ვინც ბორჯომ-ხარაგაულის პარკში მოგზაურობას ხარაგაულის მხრიდან გადაწყვეტს. თემს, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს, აქამდე დიდ პრობლემას წარმოადგენდა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის გაუმართაობა, ახლა ამ გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს და კიდევ არაერთი მცირე პროექტის განხორციელება შეიძლება. ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის წინ მოხდა დიდ სახულარში არსებული მიწების რეგისტრაცია მეპატრონეებისთვის. იქ ახლა დაახლოებით 70 ხის იმერული ოდა დგას და უმეტესობა მათგანი საკუთრებაშია. გარდა იმისა, რომ ლეღვნის თემში ბოლო წლების განმვალობაში არაერთი ტურისტული თუ ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ის ასევე ერთადერთია თემია, რომელიც მნიშვნელოვნად დააზარალა სტიქიამ, კერძოდ, ადიდებულმა მდინარე ლეღვნულამ ადმინისტრაციულ ერთეულს 5 მილიონამდე ლარის ზარალი მიაყენა.  მივყვეთ ეტაპობრივად რა გაკეთდა ლეღვნის თემში სოფელ მარელისში დაგებულია ასფალტის საფარი სოფლის ცენტრალურ გზაზე, საიდანაც შევდივართ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ბეტონის საფარი მოწყობილია ასევე კაპნარი-კელასოურის საუბნო გზაზე, კელასოური-ბერაწმინდი საუბნო გზაზე და ლეღვანი-მარელისის დამაკვშირებელ გზაზე. მარელისში რემონტი ჩაუტარდა დაწყებითი განათლების და საჯარო სკოლებს, საჯარო სკოლაში წელს მიმდინარეობს სველი წერტილების მოწყობა. მარელისში ფუნქციონირებს სკოლამდელი მზაობის ჯგუფი. სოფელში მოეწყო სამი ახალი საფეხმავლო ხიდი, მიმდინარეობს ერთი ახალი საავტომობილო ხიდის მოწყობა მდინარე ქუნცურზე. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცისკაძეების უბანში მისასვლელ ხიდ-ბოგირს. სოფელში შეკეთდა შიდა საუბნო გზები. შეკეთდა სამი სასმელი წყლის ავზი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემებს. სადგურ მარელისში მოეწყო წყალანირების სისტემა. მარელისში დანერგე მომავლის ფარგლებში ერთმა ბენეფიციარმა მოაწყო საკალმახე მეურნეობა, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. სოფელ ლეღვანში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 25 აღსაზრდელზეა გათვლილი და წარმატებით ფუქნციონირებს. აშენდა სარიტუალო სახლი მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბეტონის საფარი მოეწყო სოფლის ცენტრალურ გზაზე 4კმ-იან მონაკვეთზე. კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე, გზას სოფლის საჯარო სკოლის მიმართულებით. აშენდა ახალი საავტომობილო ხიდი მდინარე ლეღვნულაზე, რომელიც სტიქიამ დააზიანა. მოეწყო გაბიონი და საყრდენი კედელი ცენტრალური გზის სტიქიით დაზიანებულ ორ მონაკვეთზე. საჯარო სკოლის მიმართლებით ე.წ. „კიუტების ღელეში“ მოეწყო საყრდენი კედელი, რაც წლების განმვალობაში დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მოხდა სტიქიით ჩაწყვეტილი ცენტრალური გზის აღდგენა. მოწესრიგდა წყლის სისტემები და შიდა საუბნო გზები. საჯარო სკოლაში მოეწყო სველი წერტილები. დიდვაკეში გაკეთდა საფეხმავლო ხიდი; გადაიხურა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. სოფელში არსებულ სკვერს გაუკეთდა კიბის საფეხურები და მოეწყო გარე განათება. ცენტრალურ გზაზე გაკეთდა სანიაღვრე არხი და საყრდენი კედელი. პატარა სახულარში მოწესრიგდა წყლის სისტემა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა სადგურ მარელისიდან სოფლისკენ მიმავალ 4კმ-მდე მონაკვეთს. და ბოლოს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო წლებამდე სოფელ პატარა სახულარში არ იყო ელექტროენერგია. 2015 წელს არასამთავრობო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ვითმმართველობის ერთობლივი პროექტით მოხდა სოფელში დენის შეყვანა. სოფელ ლეღვანში ერთი ბენეფიციარი სარგებლობს კენკროვანი კულტურების სახელმწიფო პროგრამით.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90.jpg
30/10/2020 09:24

ფონას მხრიდან გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში ფონას მხრიდან ასფალტის საფარის დაგება დაიწყო! პროექტი ორ 25 კმ-იან მონაკვეთადაა დაყოფილი. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაცია მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას. საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს; პირველ ლოტზე, ასფალტის საფარი დაგებულია ძირულა-ხარაგაულის მონაკვეთზე. პროექტს, აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ჯამური ღირებულება 105 მილიონი ლარია
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/122824535_2921234171457070_23684996242833390_o.jpg
27/10/2020 11:43

თეატრალურმა საზოგადოებამ ირინე ჩხეიძეს „ამაგდარის“ წოდება მიანიჭა

იმერეთის თეატრალური ფესტივალი, წელს, განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. თაეტრებმა სპექტაკლები, ღია, თავისუფალ სივრცეში წარმოადგინეს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წელს არ იყო ნომინაციები, თუმცა იმერეთის თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, რამდენიმე თეატრს მიენიჭა ამაგდარის წოდება, მათ შორის ხრაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორს - ირინე ჩხეიძეს. თეატრალური_ფესტივალი2020 ხარაგაულის 120 წლის სახალხო თეატრმა სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ გახსნა. ირინე ჩხეიძეს ამაგდარის წოდების სპეციალური დიპლომი, მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის, 21 ოქტომბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გადასცეს. ვულოცავთ ქალბატონ ირინეს და მთელ დასს ამ წარმტებას, ასევე დიდი სიყვარულით ვულოცავთ ხარაგაულის სახალხო თეატრს 120 წლის იუბილეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/122701432_2921218164792004_6417245482845177527_o.jpg
27/10/2020 09:25

ხარაგაულის 2020 წლის ეტალონი მოსწავლე ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ლელაძე გახდა

ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე ხიდრის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელი გიორგი ლელაძე გახდა.  დღეს ხარაგაულში, 2020-2021 სასწავლო წლის ეტალონის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, რომლის მეშვეობითაც ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა. მეორე ადგილი დაიკავა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ელენე ჩიჩილიძემ. ხოლო მესამე ადგილზე ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ჭანკოტაძე გავიდა. პროექტ „ეტალონის“ ავტორის და წამყვანის გოჩა ტყეშელაშვილის განცხადებით, ხარგაულელმა მოსწავლეებმა, წელს განაკუთრებულად და გამორჩეულად მაღალი შედეგი აჩვენეს. სამეულში მოხვედრილმა მოსწავლეებმა თანაბრად 80-80 ქულა აიღეს, თუმცა მათი ადგილები წამების მიხედვით გადანაწილდა. ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, „ეტალონის“ პირველ სამეულს მერიისგან, ტრადიციულად, ფულადი ჯილდო გადაეცემა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინიციატივით, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, მეოთხე და მეთერთმეტე ადგილზე გასულ მოსწავლეებს. ეტალონის ფინალური შეხვედრა, სავარაუდოდ, დეკემბერში, ქ. თბილისში ჩატარდება, სადაც ხარაგაულის ეტალონის მოსწავლე გიორგი ლელაძე მიიღებს მონაწილეობას.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/122387411_2918207665093054_6859794701450711748_o_1.jpg
27/10/2020 09:11

რა გაკეთდა ღორეშაში

ალბათ ყველას სიამოვნებს, როცა სოციალურ მედიაში საკუთარი სოფლის სახელს ხშირად ნახულობს ან ესმის ხოდა თუ ღორეშაში ცხოვრობთ ამ ინფორმაციას გაეცანით დღეს მოგიყვებით რა გაკეთდა ღორეშაში, სოფელში, რომელიც ხშირად ხდება ხარაგაულის პოპულარიზაციის მიზეზი. ადმინისტრაციულ ერთეულში მხოლოდ ერთი სოფელი, ღორეშა შედის, რომელიც მდინარე კვადოურის ნაპირზე ხარაგაულიდან 33 კმ-ში მდებარეობს. გადმოცემის თანახმად ადრე სოფლის მახლობლად თურმე გარეული ეშვიანი ღორები სახლობდნენ , სახელიც აქედან წარმოიშვაო - ამბობენ! სოფელში სიმწვანეში ჩაფლული, ულამაზესი, „მოტყიერის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და მამათა მონასტერი მდებარეობს, რომელიც XIX ს-ის ძეგლია. საკრებულოს ცენტრთან ახლოს მდებარეობს ღორეშის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხოლო დასავლეთის მხრიდან სოფლის შემოსასვლელში სპორტულ-კულტურული კომპლექსი ხელოვნური ტბით, რომელიც ერთ დროს სრული დატვირთვით ფუნქციონირებდა. ულამაზეს დასვენების ადგილს წარმოადგენდა ასევე ვაჟა-ფშაველას სკვერი, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მოთხოვნით, ეტაპობრივად აღდგენას იწყებს. ღორეშა მთავარ მაგისტრალთან სიახლოვით, ძველი და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შერწყმით და ბუნების არაჩვეულებრივი ხედებით, მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული სოფელი ხდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. გავიგოთ, რა გაკეთდა სოფელში ბოლო წლების განმავლობაში! მოეწყო ახალი ინფრასტრუქტურა საბავშვო ბაღისთვის; დაიგო ბეტონის საფარი უბისა-ღორეშის დამაკავშირებელ 6 კმ-იან გზაზე; გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი, რაც დიდი შეღავათი იყო სოფლის მოსახლეობისთვის; აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს ღორეშა-ბაზალეთის 11 კმ-იანი გზის მობეტონების სამუშაოები; მობეტონდა 1კმ. გზა ე.წ. „კვადოურის“ უბანში; მდინარე კვადოურაზე მოეწყო 62მ. სიგრძის გაბიონი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდს ორჯონიკიძეების უბანში; შემოიღობა ეკლესია; ადმინისტრაციულ ცენტრთან მოეწყო საზოგადოებრივი საპირფარეშო; მოეწყო საჭიდაო დარბაზი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხბურთო მოედანს, სადაც განთავსდა ასევე, კალათბურთის ფარები; კეთილმოეწყო მოსაცდელები; მოეწყო სასმელი წყლის ჭა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა შინ მოუსვლელთა მემორიალს; მემორიალის მიმდებარედ მოეწყო გარე განათება; საბავშვო ბაღები აღიჭურვა ახალი სათამაშოებით; კვადოურის უბანში, მოეწყო სასაფლაომდე მისასვლელი გზა; გადაიხურა წისქვილები; გაიცა 6 000 მ წყლის მილი; ასევე, საჭიროებისამებრ მოსახლეობაზე გაიცა 6 ცალი წყლის ავზი. ე.წ. „ნარაზოულის“ უბანში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის გარკვეულ მონაკვეთს. სოფელ ღორეშაში 2020 წლის მონაცემებით 1200-მდე ადამიანი ცხოვრობს!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/122013209_2915311145382706_7667657483663206398_o.jpg
27/10/2020 09:02

ანგარიში ხალხს-რა გაკეთდა ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში

ხარაგაულის ცენტრიდან ერთ-ერთი ახლომდებარე ადმინისტრაციული ერთეულია-ლაშე. სოფელი, რომელიც მდიდარია თავისი ისტორიული წარსულითა და არქეოლოგიური აღმოჩენებით. სწორედ ამ მშვენიერ ადმინისტრაციულ ერთეულზე წარმოგიდგენთ რუბრიკას "რა გაკეთდა" და ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს გაგაცნობთ, რომლის საშუალებითაც სოფლის მოსახლეობას პრობლემები ნაწილობრივ მოუგვარდა. ლაშის ადმინისტრაციული ერთეული ხარაგაულიდან 5 კილომეტრში, მდინარე ჩხერიმელას ხეობაში, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მიმდებარედ მდებარეობს. ადმინისტრაციულ ერთეულში შედის ხუთი სოფელი: ლაშე, უჩამეთი, ლაშის იგორეთი, ღვერკი და ხემაღალი. მოსახლეობის რაოდენობა 900 ადამიანს შეადგენს. სოფელი ლაშე ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVI-საუკუნეში სახელწოდებით როგორც - მლაშე. აღნიშნული სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ვერძის ქანდაკება, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით VII-V საუკუნეებით თარიღდება. ასევე ლაშის ტერიტორიაზეა შემორჩენილი, უძველესი, პალეოლითის ხანის დროინდელი "დევისხვრელი", რომელიც სოფელი უჩამეთის ტერიტორიის მახლობლად, ხანდების კლდეში მდებარეობს. გასულ წელს ლაშის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ასევე ცარცული პერიოდის მოლუსკები. სოფელს ხემაღალი ალბათ იმ ტერიტორიაზე ტანმაღალი ხეების არსებობის გამო დაარქვეს. ლაშის ადმინისტრაციული ერთეული ბუნებრივი წიაღისეული სიმდიდრით არ გამოირჩევა, თუმცა სოფელ ღვერკში არსებობს მარმარილოსებრი კირქვის საბადო. სოფელ ლაშეში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა, რომელიც ერთ-ერთი უძველესია ხარაგაულში. სკოლა მეცენატი მღვდლის, სიმონ მჭედლიძის ინიციატივით აშენებულა. სოფელში ადგილობრივი მაცხოვრებლები მეფუტკრეობას, მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას მისდევენ. ლაშეში მრავალი წლის წინ გამოყავდათ რუხი ფუტკრის იშვიათი ჯიში. მაშ ასე, რა გაკეთდა ლაშის ისტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფელ ლაშეში მოეწყო ბეტონის გზა, რამდენიმე მონაკვეთზე, რომელმაც საერთო ჯამში 5 კილომეტრზე მეტი შეადგინა. იგორეთში მოეწყო სასმელი წყლის სისტემა კვირიკაშვილების უბანში, გაკეთდა სათაო და წყლის შემკრები ავზები; სოფელ ლაშეში მიმდინარეობს გაზიფიცირება, რის შემდეგაც ბუნებრივი აირით 120 მოსახლე ისარგებლებს. ასევე, სრულდება საავტომობილო ხიდის მშენებლობა, მდინარე ჩხერიმელაზე, რომელიც ორ სოელს უკავშირდება. სოფელ იგორეთში დაიგო ბეტონის გზა 2 450 მეტრზე; ლაშეში მდინარე ჩხერიმელაზე მოეწყო საფეხმავლო ხიდი. სოფელ იგორეთში კვირიკაშვილების უბნისთვის შეიძინეს წყლის ტუმბო. იგორეთში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოწესრიგდა შიდა საუბნო გზები. იგეგმება 2 500 მეტრზე საქარიქედი-იგორეთის დამაკავშირებელი გზის მობეტონება. სოფელ ხემაღალში მობეტონდა 3 კმ-მდე ცენტრალური და საუბნო გზები. მობეტონდა 2 კმ საუბნო და ცენტრალური გზა სოფელ ღვერკში. უჩამეთში 1 300 მეტრზე მობეტონდა სოფლის ცენტრალური და საუბნო გზა. დამონტაჟდა გარე განათების სისტემა ხემაღალში. ასევე, სოფელ უჩამეთში მოეწყო გარე განათება;
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94.jpg
19/10/2020 14:14

ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე სოფლის წამომადგენლებს შეხვდა

ხარაგაულის მერიაში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება იყო. ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ჩხეიძემ წარმომადგენლებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. ასევე აღნიშნა, რომ მაქსიმალურად გააკონტროლონ სოფლებში არასაჭირო მობილობა, თავშეყრა და ხალხმრავალი ღონისძიებები.  ისაუბრეს ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შესახებ. დღეის მდგომარეობით, მცირე პროექტები დარჩენილია რამდენიმე სოფელში თუმცა წლის ბოლომდე მათი დასრულება მოხდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90.jpg
19/10/2020 14:03

ჩინური კომპანია სამუშაოდ იწვევს მუშა-ხელს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხევი-უბისას (F2) მონაკვეთზე ავტობანის მშენებელი კომპანია "Building of Hunan Road & Bridge Construction Group" სამუშაოდ იწვევს მუშა-ხელს. სამუშაო საათები - 08 საათიდან 18 საათამდე. კომპანიას ამ ეტაპზე ესაჭიროება სატვირთო ავტომობილის მძღოლები და ექსკავატორის ოპერატორები! დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიაკითხოთ სოფელ ბორითში სამშენებლო ჯგუფის ოფისს ან სამუშაო საათებში დარეკოთ ნომერზე +995568686233 ლელა გოგოლაძე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_25.jpg
16/10/2020 15:55

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 2020 წლის 19 ოქტომბრის მორიგ სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 19 ოქტომბრის ბიუროს სხდომის საკითხთა ნუსხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე მომხს: ნანა კიკნაძე
სრულად