სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0438.JPG
13/03/2021 10:10

ხარაგაულში პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის მორიგი სოციალური აქცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, პანდემიის პირობებში დაზარალებული კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფებისთვის საკვები პროდუქტების ნაკრების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.  აღნიშნულ პროცესებს ორგანიზება გაუწია მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა, რომელიც აღნიშნავს, რომ კოვიდ ინფექციის გავრცელების პერიოდში მერიამ რამდენიმე ეტაპიანი სოციალური აქცია განახორციელა, ეს დახმარება კი, ძირითადად იმ პირებისთვის განისაზღვრა, ვინც ვერცერთ მოწყვლად ჯგუფში ვერ მოხვდა.  დღეიდან, ორი დღის განმავლობაში საკვები პროდუქტების ნაკრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 500 ოჯახი მიიღებს, რომლის გაცემაშიც აქტიურად არიან ჩართულები მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/159649608_816530452409208_544061310517341997_n.jpg
12/03/2021 17:00

ხარაგაულის მაღალმთიან სოფლებში საერთო კრებები ჩატარდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში ფონა, წიფა, გოლათუბანი და გუდათუბანი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის საერთო კრებები ჩატარდა.  მოსახლეობასთან შეხვედრებს ხარაგაულის მერის მოადგილე დავით დევდარიანი უძღვებოდა. წიფაში, სდაც მოსახლეობამ 16 000 ლარი უნდა გახარჯოს, წყლის სისტემების რეაბილიტაცია ასევე, წყლის მილების და ავზის შეძენა გადაწყვიტეს.  გოლათუბანში 10 000 ლარით  გარე განათების მოწყობა და წყლის სისტემის ნაწილობრივი რეაბილიტაცია იგეგმება. გუდათუბანში წყლის სათავე ნაგებობის და ცენტრალური გზის მოხრეშვა-გასწორხაზოვნების პროექტი შეარჩიეს, რაზეც 10 000 ლარი გაიხარჯება. ფონაში კი, ასევე, 10 000 ლარით წყლის სისტემების რეაბილიტაცია დაიგეგმა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_50.jpg
11/03/2021 17:54

ხარაგაულის საკრებულოს ბიურო 15 მარტს მორიგ სხდომას ჩაატარებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 2021 წლის 15 მარტს მორიგ ხდომას ჩაატარებს ბიუროს მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ. მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხს: გიორგი ჭყოიძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხს: ზურაბ ბანცაძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“-ს სახელწოდების ფრაქცია „მოძრაობა ხარაგაულისათვის“ სახელწოდებით შეცვლის ცნობად მიღების შესახებ. მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 5. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“-ს რეგისტრაციის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 02 აპრილის N 50/11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N50/70 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 7. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- მწვანეები“-ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 02 აპრილის N50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კომისიების 2021 წლის სამუშაო გეგმების დამტკიცების შესახებ. მომხს: კომისიის თავმჯდომარეები „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების და „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი“-ს დამტკიცების შესახებ. მომხს: ნანა კიკნაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/20210311_170919.jpg
11/03/2021 17:33

ხარაგაულის  კლინიკა   პაციენტებს  მაღალკვალიფიციურ  მომსახურებას  სთავაზობს - ინტერვიუ კლინიკის დირექტორთან, გიორგი ამურველაშვილთან

ხარაგაულის  რეგიონული  ჯანდაცვის  ცენტრი  მრავალპროფილურ  საქმიანობას   დაუბრუნდა.  კლინიკა  ბოლო  ერთი  თვეა,   აღარ  ემსახურება   კოვიდპაციენტებს  და  ამიტომ მუშაობას  ჩვეულ  რეჟიმში  განაგრძობს.   მოსახლეობას   შესაძლებლობა  აქვს,  24 საათის განმავლობაში მიიღოს  საჭირო  მომსახურება  და    ჩაიტაროს   მათთვის  სასურველი გამოკვლევები.   აქ მომუშავე  მედიცინის  ჯგუფი  შედგება   სხვადასხვა    დარგის  სპეციალისტებისგან, რომლებიც  ერთად  ქმნიან პაციენტის  გამოჯანმრთელებისთვის საუკეთესო  პირობებს.    საავადმყოფოს დირექტორი  გიორგი ამურველაშვილი   გახლავთ,  რომელსაც  სამედიცინო  განათლება  აქვს  და  წლების  განმავლობაში მუშაობს  სხვადასხვა  კლინიკებში  ხელმძღვანელ  პოზიციებზე. თამამად  შეიძლება  ითქვას, რომ იგი ნამდვილად გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით,  კვალიფიკაციითა  და  პაციენტებთან  ურთიერთობის  მაღალი  კულტურით. როგორ  მიმდინარეობდა  კლინიკაში   კოვიდპაციენტების მკურნალობა,  ჰქონდა  თუ  არა  რაიმე  გართულებებს  ადგილი  და  რა  სერვისებს  სთავაზობს  ამჟამად  სამედიცინო  დაწესებულება  პაციენტებს,  ამის  შესახებ  გიორგი  ამურველაშვილს  პირადად  ვესაუბრეთ. -გასული წლის ოქტომბრიდან  2021 წლის 15 თებერვლამდე ხარაგაულისა  და  ბორითის  სამედიცინო  ცენტრი მუშაობდა კოვიდინფიცირებულებთან.  ამ პერიოდის განმავლობაში მივიღეთ 179 პაციენტი, როგორც   ხარაგაულიდან, ასევე სხვადასხვა ქალაქიდან.   ჩვენი გუნდი  დაუღალავად და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებოდა  თითოეულ მათგანს, თუმცა  იყო გართულებებიც, ასეთ  შემთხვევაში  კი  რეფერირებას  ვახდენდით  შესაბამის  კლინიკაში. სამწუხაროდ,  ერთ შემთხვევაში  დაფიქსირდა  პაციენტის გარდაცვალება. უნდა  აღინიშნოს, რომ  კოვიდპაციენტების  მართვის საკითხში ერთ-ერთი  საუკეთესოები  გახლდით,   ამის  თქმის  უფლებას  მაძლევს  არაერთი  მადლიერი  პაციენტი,  რომლებიც  საჯაროდ   გამოხატავდნენ ამ  ყველაფერს. ჩვენი  მხრიდან კი მათ  ნამდვილად  არ  აკლდათ  ყურადღება,  უზრუნველყოფილი  იყვნენ როგორც  საკვებით, ასევე მედიკამენტებით. უსაფრთხოების  მიზნით, ყოველკვირეულად  ხდებოდა  მედპერსონალის  ტესტირება  და  ამ  დრომდე  კლინიკაში ინფიცირების არც ერთი   შემთხვევა არ  გვქონია.  ზოგადად, ამ ეტაპზე ხარაგაულში ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა  ამან არ  უნდა გაგვათამამოს, აუცილებლად  უნდა  დავიცვათ  რეკომენდაციები  და  ვატაროთ  პირბადე. -ბატონო გიორგი,   როდესაც   სამედიცინო  დაწესებულება  კოვიდცენტრად  გადაკეთდა, იყო თუ  არა  შესაძლებელი   ამბულატორიული  მომსახურება? -გარკვეულ  ეტაპზე  ამბულატორიული  მომსახურება  ვერ  ხერხდებოდა, რადგან ყოველივე ეს საკმაოდ დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. თუმცა,     მოსახლეობის დიდი  მომართვიანობის გამო, იანვრიდან,   წინასწარი  ჩაწერით, რეგულაციების სრული დაცვით, პაციენტებს  შესაძლებლობა  ჰქონდათ,   ამბულატორიული  მომსახურება  მიეღოთ.  ამ ეტაპზე  კლინიკა ჩვეულ  რეჟიმში  განაგრძობს  მუშაობას და  იმედს  გამოვთქვამ, უახლოეს  მომავალში  მაქსიმალურად  დაიტვირთება. თამამად  შემიძლია  ვთქვა,  რომ  მოქალაქეებს  ადგილზე  შეუძლიათ  მიიღონ  სამედიცინო  კონსულტაციები  წამყვან სპეციალისტებთან.  ჩვენთან  ყველა საჭირო  ამბულატორიული  და   დიაგნოსტიკური კვლევების  უმრავლესობა  ტარდება. -გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით. -არ ვიცი, როდის და რა ტიპის ვაქცინა შემოვა, თუმცა  ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე  მედპერსონალი აიცრება.  აქვე გეტყვით, როგორც რიგითი მოქალაქე და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი,  ვაქცინას აუცილებლად  გავიკეთებ. ამაში  ცუდს ვერაფერს  ვხედავ, პირიქით-  თუ  გვინდა, ცხოვრების  ჩვეულ  რიტმს  დავუბრუნდეთ,   ეს  ნაბიჯი  ყველამ  უნდა  გადადგას. არ  ახსოვს  ისტორიას,  რომელიმე  პანდემია  ვაქცინაციის  გარეშე  დამარცხებულიყოს  და  დღეს  ცოტა  გაურკვეველია,  რატომ არის  ამ  საკითხის  მიმართ  ასეთი  სკეპტიკური  დამოკიდებულება. -გვესაუბრეთ  კლინიკაში  არსებულ   სერვისებზე, რამდენად  გამართულად  მუშაობს    სამედიცინო  დაწესებულება. -საქართველოს მასშტაბით, ხარაგაულის საავადმყოფო ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და საერთაშორისო სტანდარტის ნორმებს შეესაბამება. აღსანიშნავია, რომ კლინიკაში  უკვე  სამი  წელია,   ფუნქციონირებს  რეანიმაციული განყოფილება,  სადაც განთავსებულია მაღალტექნოლოგიური აპარატურა, მათ შორის,   სასუნთქი აპარატი და მონიტორული სისტემა. გარდა  ამისა,  პაციენტებს    ადგილზე  შეუძლიათ,   მიიღონ   ქირურგიული, თერაპიული, ასევე გეგმიური და გადაუდებელი სერვისები,  ასევე კვირაში  სამი დღე  ექოსკოპიური  გამოკვლევები გაიკეთონ. აქვე აღვნიშნავ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროს, პირველ რიგში, აუცილებელია  დროული დიაგნოსტიკა. ამიტომ, როდესაც  ადგილზე ასეთი  თანამედროვე ტიპის სამედიცინო დაწესებულებაა, სხვაგან წასვლაზე არ უნდა ვიფიქროთ. აქ მომუშავე მედპერსონალი ორიენტირებულია  პაციენტების  ჯანმრთელობასა და  კეთილდღეობაზე, რითვისაც    მადლობა  მინდა,  გადავუხადო  თითოეულ მათგანს.    - როგორც  ვიცით,  კლინიკაში  ოპერაციებიც  ტარდება. კონკრეტულად  რა  სახის  ქირურგიული  მომსახურებაა  შესაძლებელი? - დიახ, ჩვენს   კლინიკაში  წარმატებით  ტარდება სხვადასხვა  სახის  ქირურგიული  ოპერაციები, (ბრმანაწლავი,  თიაქარი, თვალი, გლანდები) რომლებსაც   თბილისიდან მოწვეული  სპეციალისტები ატარებენ.  გვაქვს  კეთილმოწყობილი  საოპერაციო ბლოკი, სადაც   მაქსიმალურად  დაცულია  პაციენტის  უსაფრთხოება.  ოფთალმოლოგიურ  ოპერაციებს  აკეთებს  ბ-ნ საშა  ალექსიძე, რომელიც   ამჟამად რესპუბლიკურში ოფთალმოლოგიური  ცენტრის     ხელმძღვანელია.  არაჩვეულებრივი  ქირურგები არიან  ვახტანგ  მატარიძე,    ლევან  კობახიძე  და  მალხაზ  ბურნაძე, მათ  ამ  სფეროში  მუშაობის  საკმაოდ  დიდი  გამოცდილება  აქვთ  და თავისი  საქმის  პროფესიონალები  არიან.  უნდა  აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ოპერაციები  ტარდება   საყოველთაო  ჯანდაცვის  პროგრამის  ფარგლებში  და,   უმეტეს  შემთხვევაში,  პაციენტები   სრულად  ფინანსდებიან.  -სამედიცინო  დაწესებულების  თანამშრომლებს  რამდენიმე  თვის  სახელფასო  დავალიანება ჰქონდათ.   ამ  მიმართულებით  რაიმე   ცვლილებები  ხომ  არ  განხორციელდა? - სახელფასო  დავალიანება   წლებია,  მოგვყვებოდა და  ამ საკითხის  მოსაგვარებლად  აქტიურად  მუშაობდა  რეგიონალური  ჯანდაცვის  ცენტრის  ხელმძღვანელი  ნუგზარ  ბოლქვაძე.  რამდენიმე  ხნის  წინ ეს  პრობლემა  აღმოიფხვრა  და  მედპერსონალს  სახელფასო დავალიანება  აუნაზღაურდა.  აქვე  დავამატებ, რომ  კოვიდპაციენტებთან მუშაობის  პერიოდში,  თანამშრომლები  გაცილებით   მაღალ ანაზღაურებას  იღებდნენ,  ვინაიდან მათ ურთულეს  პირობებში  უწევდათ  საქმიანობა  და  მისასალმებელია,  რომ  სახელმწიფომ ამ   ადამიანების  მიმართ  ყურადღება  გამოიჩინა.   -რას  ეტყოდით  პაციენტებს? - ჩემთვის ყველა  პაციენტი  ძვირფასია.  ვცდილობ,   მათ ისე  ვესაუბრო,  როგორც  ჩემი  ოჯახის  წევრს,  დავეხმარო  და,  შეძლებისდაგვარად,   გვერდით  დავუდგე.  გულწრფელად  გეტყვით, რომ  კლინიკიდან  წასული მადლიერი ადამიანი   დიდ  სტიმულს  მაძლევს,   კიდევ  უფრო  შემართებით  ვემსახურო  იმ  საქმეს, რომელიც  მეტად  საპასუხისმგებლოა, მაგრამ ამავდროულად  ძალიან საინტერესო. აუცილებლად  ვითვალისწინებ  ყველა  კომპონენტს,   რომელიც საზოგადოების   საჭიროებებზეა  ორიენტირებული.  ჩემი მიზანია,  ხარაგაულის მოსახლეობა  მაღალი  სამედიცინო მომსახურებით იყოს უზრუნველყოფილი და გვყავდეს, რაც შეიძლება,   ბევრი  კმაყოფილი  პაციენტი.  კლინიკაში  კი  ამისთვის ყველა  სამედიცინო რესურსი და ინტელექტუალური პოტენციალია.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/159019327_949336272561418_8677099561997701359_o.jpg
09/03/2021 11:07

ხარაგაული „1000 მშობლის მარშს“ შეუერთდა

„ 1000 მშობლის მარშის“ მიზანი პროტესტი და ცვლილებების მოთხოვნა გახლდათ. გამო გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო გამო!”  არის აქციის მთავარი ლოზუნგი, რომლის მიზანია, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ჩაგვრის აღმოფხვრა და სისტემური პრობლემების მიმართ ახალი მიდგომების დანერგვა. ხარაგაულში მარში გენდერული თანასწორობის საბჭოს სახელით შედგა. მარში ქობულეთში 14 წლის მოზარდის, ნინი ცეცხლაძის ტრაგიკულ საქმეს უკავშირდება. ღონისძიებაზე მოსულ ადამიანებთან ერთად შემდეგი მოთხოვნები გახმოვანდა. შეცვალეთ სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შექმენით პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახადეთ სქესბრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაზარდეთ ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო. მომისმინე,პროტესტის 100 დღე კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ რომ ცვლილებების დროა. საქართველოს მასშტაბით “1000 მშობლის მარშის” ორგანიზატორია ქალთა მოძრაობა .
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/158629136_3032879546959198_689388758724723164_o.jpg
09/03/2021 10:27

რვა მარტი ხარაგაულის მაღალმთიან სოფელში, სადაც მხოლოდ სამი ქალბატონი ცხოვრობს

35 წელია აქ ვცხოვრობთ და ასეთი რვა მარტი არ გვახსოვს“ - ეს სიტყვები მაღალმთიან სოფელ პატარა სახვლარში გვითხრეს, სადაც ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის ინიციატივით ავედით და სოფელში მცხოვრებ სამ ქალბატონს რვა მარტი მივულოცეთ.  არ გველოდნენ, გაუკვირდათ, ცოტა დაიბნენ კიდეც, მაგრამ გაეხარდათ და ემოციებს ვერ მალავდნენ.  ნინო სამხარაძე, რომელიც ბოლო ორი წელია ქალაქიდან გადმოსახლდა და პატარა სახვლარში მარტო ცხოვრობს, ასევე, მერი გოგოლაძე ოთხი შვილის დედა და მაია თათარაშვილი მეუღლესთან ერთად - ეს ქალები ნამდვილი გმირები არიან. გმირობაა ცხოვრობდე სოფელში, სადაც მხოლოდ სამი ოჯახია, სადაც რთული რელიეფის გამო ფეხით ან ცხენით უნდა გადაადგილდე. სოფელში, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს, ცხოვრობდე და სოფელს სტატუსს უნარჩუნებდე!  „მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აქ არასდროს მოსულა, ჩვენთან არც შეხვდრები იმართება და არც სტუმარი მოდის. ელექტროენერგიაც მხოლოდ 2016 წელს ჩაგვირთეს და მადლობა ამისთვის ხარაგაულის მერს კობა ლურსმანაშვილს, მართლა შეუძლებელი შეძლო და ჩვენს აქ ცხოვრებას აზრი მიეცა“ - გვეუბნება მერი გოგოლაძე და სოფელში ცხოვრების ყოველდღიურობას ჭიშკრამდე გვიყვება, ჩანს ჩვენი გამოშვება ენანება.  ხარაგაულის მუნიციპალლიტეტის მერია გილოცავთ რვა მარტს! სიხარულს, სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებთ!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0008_1.JPG
05/03/2021 18:15

ახმედ გოგოლაძის წიგნის პრეზენტაცია

5 მარტს ხარაგაულში იზა ვეფხვაძის წიგნის „ხარაგაულის მსახური-ახმედ გოგოლაძე“ პრეზენტაცია გაიმართა.  იზა ვეფხვაძემ თავის საავტორო რიგით მეცამეტე წიგნზე მუშაობა ახლხანს დაასრულა.  თუ ძველი ხარაგაულის ფოტო ისტორია გინახავთ, ხარაგაულის წარსულში გიმოგზაურიათ, ფოტოებიდან ხარაგაულის ძველი არქიტექტურა, ქუჩები და შენობები გახსოვთ, მაშინ აუცილებელია იცოდეთ, რომ ეს უნიკალური ფოტო არქივი ხარაგაულს, ახმედ გოგოლაძემ შემოუნახა.   მათ შორის, ხარაგაულის მერიის ოფიციალურ Facebook გვერდზე არაერთხელ განგვითავსებია ახმედ გოგოლაძის მიერ გადაღებული ფოტოები და გაგვიცოცხლებია ხარაგაულის წარსული.  დღეს, ხარაგაულში ახმედ გოგოლაძის წიგნის პრეზენტაცია შედგა, რომელზე მუშაობა, სულ ახლახანს დაასრულა ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ და წიგნს ასე უწოდა - „ხარაგაულის მსახური - ახმედ გოგოლაძე“  იშვიათია ასე დაახასიათო ადამიანი, როგორც ახმედ გოგოლაძეს მისი მეგობრები, ნაცნობები, შთამომავლები, მეზობლები და უბრალოდ ხარაგაულელები ახასიათებენ. „ხარაგაულის სინამდვილეში ახმედი დიდი კაცი იყო, არის და იქნება“ - ამბობს იზა ვეფხვაძე თავის წიგნში, სადაც ყველა დიდი სიყვარულით იხსენებს მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ახმედ გოგოლაძეს!  წიგნის პრეზენტაციას, რომელიც ხარაგაულის სამკითხველო დარბაზში თითქმის ორი საათი გაგრძელდა ახმედ გოგოლაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.  განსაკუთრებული სიყვარულით მოეფერა, დღეს, ხარაგაულის საზოგადოება ახმედის უმცროს ვაჟს ანდრია გოგოლაძეს და შვილიშვილს- ბარბარე გოგოლაძეს.  გაიხსენეს მეზობლებმა, მეგობრებმა, ნაცნობებმა, მაგრამ დიდი კაცის ცხოვრებაზე, მის მოღვაწეობაზე, სხვადასხვა ცნობებზე, აქამდე უცნობ და საინტერესო ისტორიებზე ყველაზე ვრცლად ისაუბრა ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ, რომელმაც ერთ წიგნად შეკრა ყველა ეს მოგონება და უნიკალური ცნობები დაუტოვა მომავალ თაობას!  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0520_1.JPG
02/03/2021 09:55

ხარაგაულის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი რეგულაციების დაცვით განახლდა

1 მარტს დაბა ხარაგაულის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას -პანდემიასთან შესაბამისობაში, პირადად გაეცნო. ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, სწავლის დაწყებამდე ტესტი კორონავირუსზე ყველა აღმზრდელმა და პედაგოგმა ჩაიტარა. "ბავშვების უსაფრთხოების მიზნით და კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, სასწავლო ჯგუფებში რეგულარულად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. საბავშვო ბაღში აკრძალულია გარეშე პირების შემოსვლა. გათვალისწინებული და დაცულია ჯანდაცვის და განათლების სამინისტროს ყველა რეგულაცია. იმედი გვაქვს სასწავლო პროცესი აღარ შეჩერდება,“-განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ. ბაღების გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ სასწავლო პროცესი, 1-ელ მარტს, მხოლოდ დაბის ორ საბავშვო ბაღში განახლდა, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებში სწავლა 4 მარტიდან აღდგება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0570_1.JPG
01/03/2021 16:16

საკრებულომ იურიდიული კომისიის ანგარიში დადებითად შეაფასა

1 მარტს გამართულ  ხარაგაულის საკრებულოს მორიგი სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. სხდომის მიმდინარეობას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის  სამოქმედო  გეგმის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. აღნიშნული საკითხი მერის თანაშემწემ, გენდერული თანასწორობის საკითხებში, ინგა ბერაძემ წარადგინა.  ინგა ბერაძემ სხდომის მონაწილეებს სამოქმედო გეგმით გაწერილი ამოცანების შესრულების ანგარიში გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, გასულ წელს, გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, რომლიც მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერას. ინგა ბერაძემ ასევე ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელიც უახლოეს მომავალში  ხარაგაულში გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართება,  კერძოდ 9 მარტს ჩატარდება „მშობლების მარში“, და ასევე სკოლის მოსწავლეების ჩართულობით- ესეების კონკურსი- „მომისმინე“. სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა საკრებულოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ სამართლებრივ აქტებზე, რომლის შემუშავებაში გუნდთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა. „კომისია თავისი უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და კომისიის დებულების“ შესაბამისად. კომისია სხდომებზე განიხილავს სამოქმედო გეგმას და საკრებულოს მუშაობის პროცესში წარმოშობილ დამატებით საკითხებს. შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს საკრებულოში პროცედურული ნორმების დაცვას. ასევე პასუხისმგებლობელია საკრებულოს სამართებრივი აქტების კანონშესაბამისობაზე"- აღნიშნა ოთარ ლურსმანაშვილმა. დასასრულს კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. საკრებულოს წევრის საქმიანობა დადებითად შეფასდა. სხდომაზე ვარლამ ჭიპაშვილმა ოპოზიციური პარტიის დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რაც ძირითადად ა(ა)იპ-ებში საკადრო პოლიტიკას შეეხებოდა. კერძოდ, რის საფუძველზე მოხდა ზოგიერთ თანამშრომელთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა, რაზეც მერის პირველმა მოადგილემ უპასუხა, რომ ა(ა)იპ -ში თანამშრომლის დანიშვნაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი და ისაა პასუხისმგებელი მიღებულ გადაწყვეტილების კანონიერებაზე. რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ გეტყვით, რომ, დღეს, ჩვენი ხელისუფლება დასაქმების საკითხებს პოლიტიკური ნიშნით არ წყვეტს განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან. მერია არ ერევევა ა(ა)იპ-ების შიდა საკადრო პოლიტიკაში - აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ.       
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/153142155_157901742715690_5761569584131115028_n.jpg
25/02/2021 12:06

ვახანის მოსახლეობა სოფლის მცირე პროექტებისთვის 32 000 ლარს დახარჯავს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა ვახანის თემში გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე, დავით დევდარიანი უძღვებოდა.  მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში შემდეგი პროექტები განხორციელდება:  სოფელ ვახანში 12 ათასი ლარის ფარგლებში იგეგმება - ვახანის ციხემდე გზის შეკეთება, ცხადაძეების საუბნო გზის მობეტონება და წყლის მილების შესყიდვა ინასარიძეების უბნისთვის. ვახანის მაცხოვრებლები ასევე, კუთვნილი თანხის ნაწილს სოფელ სერბაისთან საერთო პროექტის განხორციელებას მოახმარენ, რითაც წყლის სისტემის მოწყობას გეგმავენ. რაც შეეხება სერბაისის 10 000 ლარიდან დარჩენილ თანხას, მოსახლეობა სოფელში ცხაურის მოწყობას გეგმავს.  სოფელ ზედუბანში 10 ათასი ლარის ფარგლებში ჭაბურღილის მოწყობას გეგმავენ. დავით დევდარიანის ინფორმაციით, რადგან ეს თანხა ჭაბურღილის მოწყობისთვის არასაკმარისია, სავარაუდოდ, აქაც ფინანსური შესძლებლობის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება მოხდება. შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში მუნიციპალიტეტს 890 000 ლარი გამოეყო. მოსახლეობასთან შეხვედრები წინასწარ გაწერილი გრაფიკით იმართება და 16 მარტს დასრულდება. ამის შემდეგ კი გამარტივებული შესყიდვით პროექტების განხორციელება დაიწყება.
სრულად