ბიურომ მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში მოისმინა
დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ საკრებულოს ბიუროს წევრებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
საკითხის განხილვა კითხვა- პასუხის ფორმატში წარიმართა.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი დაინტერესდა, რა მიზეზით შეფერხდა სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი თანხით საუბნო გზების რეაბილიტაცია ბაზალეთში, რა შედეგები გამოიღო ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციამ და რომელი პროექტების დაფინანსებაზე აწარმოებს მერია მოლაპარაკებებს მუნიციპალური განვითარების ფონდთან.
ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტებზე ტენდერში არაკეთილსინდისიერმა მეწარმემ გაიმარჯვა, რის შედეგადაც, ამ დრომდე, ვერ მოხერხდა ბაზალეთში პროექტების განხორციელება. ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, ბაზალეთში ნანიტაშვილების გზის რეაბილიტაციის პროექტი, ამ დროისათვის ტენდერზეა და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
მუნიციპალიტეტის მერმა, ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდში წარდგენილ პროექტებზე ისაუბრა. ესენია ღორეშა-ბაზალეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, კიცხის სკოლის რეაბილიტაცია, სოფლებში ვერტყვიჭალასა და საღანძილეში საბავშო ბაღების მშენებლობა, ასევე, ნადაბურის ხიდის რეაბილიტაცია.
კომენტარი გააკეთა მერმა ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის შესახებაც და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ხარაგაულში რეორგანიზაციები ისევ გაგრძელდება. ფრაქცია „თვითმმართველობა ხალხისთვის“ თავმჯდომარე ინგა მაღრაძე დაინტერესდა, რა ბედი ეწევა ცენტრალურ პარკში არსებულ ამფითეატრს. მისი აზრით, ასევე ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციამ. ნიკოლოზ თოფურიძის თქმით, ამფითეატრთან დაკავშირებით ლევან სამხარაულის ექსპერტიზამ დადო დასკვნა, რომ შენობა ექსპლუატაციისთვის არ არის ვარგისი. აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ობიექტის დემონტაჟი და აშენდეს ახალი.
დეპუტატ მალხაზ ფხალაძის განცხადებით, წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ყველაზე მეტად წყალთან დაკავშირებით არის პრობლემები.
ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, 2019 წელი, მერიამ წყლის წლად გამოაცხადა, ამისთვის ბიუჯეტში თანხებიც განისაზღვრა. მერი განმარტავს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებას, დაემატება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხები და სახელმწიფოს ნება, რომელიც არტეზიული ჭების დაფინანსებას გეგმავს.
ფრაქცია „ქართული-ოცნება მრეწველების“ თავმჯდომარემ ვალოდა კელენჯერიძემ „საპატიო ხარაგაულელის“ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ვალოდა კელენჯერიძის განცხადებით, სპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა 2014-2015 წლებში რამდენიმე წარმატებულ ხარაგაულელს და კარგი იქნება ეს ტრადიცია თუ აღდგება.
ნიკოლოზ თოფურიძემ აღნიშნა, რომ მომავალ წელს აუცილებლად მოხდება „საპატიო ხარაგაულელების“ არჩევა.
ხარაგაულის მერის წლიურ ანგარიშს საკრებულო 2019 წლის 8 იანვარს მორიგ სხდომაზე მოისმენს.
ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს 2018 წელს რეგიონული განვითარების ფონდში წარსადგენი დასაფინანსებელი პროექტები, რომელიც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ თაბუკაშვილმა წარადგინა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, რეგიონალური განვითარების ფონდში 9 057 304 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტებს წარადგენს. ბიუროს წევრებმა, რეგიონული განვითარების ფონდში წარსადგენი პროექტები მოიწონეს, რომელთა განხილვა კომისიებში გაგრძელდება და საკითხი 24 დეკემბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გავა.
სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება წარადგინა. ვლადიმერ გელაშვილის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 60 ათასი ლარი ჩაერიცხა.
ამავე სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს ფრაქცია „ქართული-ოცნება მრეწველების“ ანგარიში, რომელიც ამავე ფრაქციის თავმჯდომარემ, იუზა კელენჯერიძემ წარუდგინა ბიუროს წევრებს.
სხდომაზე ასევე განიხილეს:
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის #50/72 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
სრულად