სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0254.JPG
01/04/2019 18:03

ხარაგაულის 78 სოფელში 192 პროექტი განხორციელდება

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები დაამტკიცა. პირველი თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, სოფლის საერთო კრება ჩატარდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 78 სოფელში, რომელსაც უშუალოდ ხარაგაულის მერი და მერის მოადგილეები წარმართავდნენ. მოსახლეობამ წინასწარ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები სოფლის კრებებზე განიხილა და პრიორიტეტული საკითხები თავად აირჩია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ღია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ფარული კენჭისყრით აირჩა.   მარტის თვეში 78-ივე სოფელში მომზადდა პროექტები, გაკეთდა ხარჯთაღრიცხვა და წარედგინა საკრებულოს დასამტკიცებლად. საერთო ჯამში 192 პროექტიდან მეტი წილი წყლის სისტემებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე გარე განათების ქსელის მოწყობას და  წისქვილების რეაბილიტაციას გულისხმობს. სოფლის პროექტების განხორციელებაზე ტენდერები არ ცხადდება, სამუშაოები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ჩატარდება. გაცნობებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წელს განახლდა, რომლის ფარგლებში ხარაგაულს 860 000 ლარი გამოეყო.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0261.JPG
01/04/2019 10:52

ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის შუალედური ანგარიში საკრებულომ უარყოფითად შეაფასა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის შუალედური ანგარიში მოისმინა. დეპუტატებს 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მარტამდე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარუდგინა. სხდომაზე საკრებულოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების თავმჯდომარეებმა კომისიების დასკვნები წარმოადგინეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს  ექვსი თვე ჰქონდა მიცემული ვადა, რათა გამოესწორებინა ის ხარვეზები, რაც წინა ანგარიშის წარმოდგენის დროს გამოიკვეთა, თუმცა ეს ხარვეზები დღეის მდგომარეობით აღმოფხვრილი არ არის. კერძოდ, დეპუტატი მუნიციპალური ქონების დაუსრულებელ ინვენტარიზაციასა და მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის არარსებობაზე საუბრობს. სწორედ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვარლამ ჭიპაშვილმა, სამსახურის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა. მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე არ ეთანხმება დეპუტატის მოსაზრებას და ხაზგასმით განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტში ქონების ინვენტარიზაცია დაწყებულია და ძალიან მარტივად შეუძლია ყველას მიმდინარე პროცესის ნახვა. „ეს არ არის მარტივად გასაკეთებელი პროცედურა, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის ჩატარების წესს განსაზღვრავს, სადაც ასევე კონკრეტულადაა გაწერილი ვადები, ამიტომ ვერ დავეთანხმები, როდესაც მიზეზად  მოცემულ ვადას ასახელებენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ქონების აღწერა ექვს თვეში ვერ დასრულდებოდა. მთავარია, დავიწყეთ და ეს პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. აღირიცხება და დაინიშნება ყველა მუნიციპალური ქონება“ - განმარტა ჯაბა ბერაძემ. რაც შეეხება ხარაგაულის ეკონომიკური განვითარების გეგმას, სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ  მუშაობა ამ მიმართულებითაც დაწყებულია. „მერია ჩართულია პროექტში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მუნიციპალიტეტებს ეხმარება გეგმის შემუშავებაში. მიმდინარეობს შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნესმენებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან. მათთან ერთად მიმდინარეობს ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება და დასრულებისთანავე წარედგინება საკრებულოს დასამტკიცებლად“ - განაცხადა ჯაბა ბერაძემ.   საკრებულოს ფრაქციის - „ძალა ერთობაშია“ წევრი, ქეთევან ზუმბაძე სამსახურის საქმიანობას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ის არგუმენტები და შენიშვნები, რის გამოც დეპუტატები  სამსახურის ანგარიშს უარყოფითად აფასებენ არც წლების წინ იყო გათვალისწინებული, ანუ არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია, არ დაწერილა ეკონომიკური განვითარების გეგმა, მაგრამ მაშინ, რატომღაც იგივე დეპუტატები დადებითად აფასებდნენ აღნიშნული სამსახურის საქმიანობას. ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ეს შეფასება პიროვნული დამოკიდებულებებითაა გამოწვეული.  დადებითად აფასებს სამსახურის ანგარიშს პარტია  „შენების მოძრაობის“ დეპუტატი, მიხეილ ჭიპაშვილიც და ამბობს, რომ მათ უნდა მიეცეთ დრო, რათა დაწყებული საქმეები დაასრულონ. როგორც დეპუტატი განმარტავს, თუ წლიური ანგარიშის წარდგენის დროს ეს პროცედურა კიდევ არ იქნება დაწყებული დასრულებული მაშინ უფრო კრიტიკული იქნება.   ასევე, დადებითად შეაფასეს ქონების მართვის სამსახურის საქმიანობა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმაც. პარტიის წევრი კაკო მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ შენიშვნები, რაც წინა ანგარიშზე გამოითქვა გამოსწორებულია, მუშაობა დაწყებულია და ამას დანახვა უნდა. ფრაქცია „ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე პაატა გოგოლაძე, უკმაყოფილოა მერიის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსხურის საქმიანობით და მიიჩნევს რომ მეტი მუშაობაა საჭირო.  „რა შენიშვნებიც წინა ანგარიშის წარმოდგენის დროს მივეცით, არ არის გათვალისწინებული. მათ ქონდათ დრო, თუმცა ვერ გამოასწორეს. დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ  შევცდი, როცა წინა მოსმენისას სამსახურის საქმიანობა დადებითად შევაფასე“- განაცხადა პაატა გოგოლაძემ და მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის შუალედური ანგარიში უარყოფითად შეაფასა.  საბოლოოდ სხდომაზე მყოფი 29 დეპუტატიდან მერიის ქონების მართვის სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასა - 6-მა, უარყოფითად - 19-მა, ხოლო თავი შეიკავა 4 -მა დეპუტატმა. დადებითად შეაფასა რუსუდან გიორგაძემ, ქეთევან ზუმბაძემ, ნიკოლოზ მაღრაძემ, აკაკი მაჭავარიანმა, დავით მაღლაფერიძემ და მიხეილ ჭიპაშვილმა.   თავი შეიკავა ნონა ზურაბიანმა, თორნიკე ავალიშვილმა და თემურ ფცქიალაძემ. უარყოფითად შეაფასა მანანა ბარბაქაძემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, პაატა გოგოლაძემ, ოთარ ლურსმანაშვილმა, კაკო ლურსმანაშვილმა, შალვა ლურსმანაშვილმა, გივი თხელიძემ, დავით კიკნაძემ, მარინე ხვედელიძემ, ია პაქსაშვილმა, ეკა შველიძემ, ბესო ტალახაძემ, დოდო ხაჩიძემ, ლადო ტალახაძემ, ზურაბ ხაჩიძემ, ლენა აბაშიძემ, ირაკლი ფერაძემ, იულონ კოპაძემ და მალხაზ ფხალაძემ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjlkj.jpg
29/03/2019 16:00

ფარცხნალსა და ისლარში გზის რეაბილიტაცია იწყება

29 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ისლარში გზის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში  გამარჯვებულ კომპანია  შპს „ალპედე“-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ისლარში სოფლის ცენტრალურ გზაზე 1 500 მეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 246 248 ლარით ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მერმა ხელი მოაწერა, ასევე შპს „ჭედა-2012“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ფარცხნალში,  ბარის უბანში, 1 კმ-მდე გზის მონაკვეთს ჩაუტარებს რეაბილიტაციას.  პროექტზე რეგიონული განვითარების ფონდი, ადგილობრივი ბიუჯეტის თადაფინანსებით, 128 502 ლარს დახარჯავს.       
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
29/03/2019 14:47

1 აპრილს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

1 აპრილს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს განიხილავენ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;  მომხს: დავით დევდარიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;  მომხს: ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილებისა და მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცების შესახებ. მომხს:  არჩილ მაღრაძე 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0161.JPG
28/03/2019 11:01

 კალათბურთის ჩემპიონატში მესამე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის(დირექტორი: გრიგოლ ჭიპაშვილი) ორგანიზებით, ხარაგაულში, საჯარო სკოლებს შორის კალათბურთის ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირი მუნიციპალიტეტის პირველობაზე, 27 მარტს, ხარაგაულის სპორტდარბაზში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.  კალათბურთის ჩემპიონატში(ვაჟებს შორის) ნადაბურის, ვარძიის, კიცხის, ვერტყვიჭალის, დაბის N3, მარელისის, ბორითის, დაბის N2 და ხევის საჯარო სკოლების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.  ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაბის N3 და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ, რომელიც N3 სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.  გამარჯვებული გუნდი სიმბოლური საჩუქრით, ხოლო გუნდის წევრები წამახალისებელი სიგელებით დაჯილდოვდნენ. სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი კალათბურთის ჩემპიონატის ჩატარებას გოგონებს შორისაც გეგმავს, რომელიც აპრილის თვეში გაიმართება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0010.JPG
28/03/2019 11:00

ბიურომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასამტკიცებელი პროექტები განიხილა

28 მარტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუროს წევრებს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის, დასახლებების მიხედვით განაწილებასა და მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცების შესახებ წარუდგინა ინფორმაცია. როგორც სხდომაზე არჩილ მაღრაძემ აღნიშნა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებისთვის და მ პროგრამის ფარგლებში ბევრი კარგი პროექტი გაკეთდება.    ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საერთო ჯამში 860 000 ლარი გამოეყო.  78 სოფელში  მოსახლეობის გადაწყვეტილებით 192 პროექტი გაკეთდება. მნიშვნელოვანია, რომ პროექტები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განხორციელდება.“ გთავაზობთ მუნიციპალიტეტის მასშტაბით შერჩეული პროექტების ჩამონათვალს. აღნიშნულ საკითხს ხარაგაულის საკრებულო 1 აპრილის მორიგ სხდომაზე უყრის კენჭს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
27/03/2019 17:13

28 მარტს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხვალ, 28 მარტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე დეპუტატებს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილებასა და მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცების შესახებ წარუდგენს ინფორმაციას.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/_DSC0016.JPG
26/03/2019 12:19

ხარაგაულში სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

2 აპრილს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, დაბა ხარაგაულისა და სოფელ ჯაფაროულის მოსახლეობასთან საჯარო განხილვა გაიმართება. შეხვედრაზე თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ზესტაფონი-ხარაგაულის მონაკვეთის საპროექტო ნაწილში, შეტანილ ცვლილებების პროექტს საჯაროდ განიხილავენ. შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში  13:00 საათზე დაიწყება. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული  შენიშვნები და მოსაზრებები, ასევე, შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  4 აპრილამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6,  ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.ge.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hgjkkj98.PNG
25/03/2019 21:02

ყურადღება აუქციონი!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით  განმეორებითი  ელექტრონული აუქციონი ცხადდება. იხილეთ დანართი აუქციონი 2019 წლის 27 აპრილს, 16:00 საათზე, დაიწყება და 2 აპრილს, 16:00 საათზე, დასრულდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი აუქციონს აცხადებს, ასევე, შემდეგ ორ ობიექტზე:        ზემოთ აღნიშნული ორივე აუქციონი 2019 წლის 1 აპრილს, 16:00 საათზე, დაიწყება და 12 აპრილს, 16:00 საათზე, დასრულდება. ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე:  eauction.ge  ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში.“    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhjkfhj_2.jpg
25/03/2019 17:35

 სოფელ ხიდარში ჯორტების საუბნო გზის მშენებლობა დაიწყო

სოფელ ხიდარში ერთ-ერთ ურთულეს მონაკვეთზე, ჯორტების საუბნო გზაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამჟამად ბეტონის დაგების წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში  გზის1 200 მეტრამდე  სიგრძის მონაკვეთი მობეტონდება, რომელიც ჯორტების უბნის ბოლო მოსახლემდე მივა. აღნიშნული გზით 50-მდე ოჯახი ისარგებლებს. სამუშაოებს შპს „გურია-2015“  ასრულებს. პროექტის ღირებულება 151 932 ლარს შეადგენს. ჯორტები ხიდარში ერთ-ერთი ყველაზე მასიურად დასახლებული უბანია. 
სრულად