სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0131.JPG
17/05/2021 14:47

ბიუროზე ახალი სამსახურის შექმნაზე იმსჯელეს

მერიაში სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ - ტექნიკური უზურნველყოფის სამსახური იქმნება დღეს ბიუროს სხდომაზე მერიაში სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. ახალი სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით, საკითხი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა წარადგინა. კახა გოლუბიანის ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, რომელიც ამ დრომდე მერიის ადმინისტრაციულ სამსახურის შემადგენლობაში შედიოდა, ცალკე სამსახურად ჩამოყალიბდება. „სამსახური ექვსი საშტატო ერთეულით იქნება წარმოდგენილი. სამ საშტატო ერთეულზე, სამსახურის უფროსის და ორი სპეცილისტის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდება,   დანარჩენ შტატებზე კი განყოფილებაში დასაქმებული საჯარო მოხელეები დარჩებიან, რომელთაც კონკურსის გავლა აღარ დასჭირდებათ”-    განმარტა კახა გოლუბიანმა. ბიუროს წევრის დავით კიკნაძის განცხადებით, განყოფილებას საკმაოდ დიდი უფლებამოსილება აქვს და სამსახურის სახით წარმოდგენის შემთხვევაში მათი საქმიანობა უფრო ეფექტური გახდება. სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის შექმნის საკითხი დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.  საკითხი 7 ივნისის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0028.JPG
15/05/2021 17:50

ხარაგაულელი ვეტერანებისთვის სამედიცინო აქცია გაიმართა

ხარაგაულის საავადმყოფოში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა.  მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა   კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები ჩაატარეს. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი და ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამედიცინო აქციას შეუერთდნენ და ბენეფიციარების მიერ სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესს ადგილზე გაეცნენ. აქციის ფარგლებში ბენეფიციარებმა  ექიმ-კარდიოლოგის კონსულტაციები მიიღეს, გაუკეთდათ ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები. კობა ლურსმანაშვილი: ,,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ჩაფიძის გულის ცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით ხარაგაულის საავადმყოფში ერთობლივი აქცია განხორციელდა. მიმაჩნია რომ, ასეთი სახის აქცია ძალიან მნიშვნელოვანია.  მინდა მადლობა გადავუხადო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს ბატონ კობა კობალაძეს. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, ისარგებლეს არა მხოლოდ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, არამედ ადგილობრივმა მოსახლეობამაც.“ კობა კობალაძე - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი: ,,ჩვენ გვაქვს  გეგმიური ღონისძიებები და სხადასხვა კლინიკებთან და სამედიცინო პერსონალთან ერთად გავდივართ რეგიონებში და გეგმიურ შემოწმებებს ვაკეთებთ. ამით ვცდილობთ ვეტერანების ავადმყოფობის პრევენცია მოვახდინოთ.  საკმაოდ ეფექტურად და პროდუქტიულად ვთანამშრომლობთ ჩაფიძის გულის კლინიკასთან. ამჟამად ვართ ხარაგაულში, სადაც გეგმიურ სამედიცინო კვლევებს გადიან, როგორც ჩვენი ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხარაგაულის მერს,კობა ლურსმანაშვილს , ჩაფიძის კლინიკის მედპერსონალს და  ყველას ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ ღონისძიების ორგანიზებაში." მარიამ ლომიძე - ჩაფიძის გულის ცენტრის კარდიოქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე: ,, ეს არის საქველმოქმედო აქცია, რომელიც  აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის ჩაფიძის გულის ცენტრისა  და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში ტარდება. უკვე რამდენიმე წელია რეგულარულად საქართველოს სხვადასხვა  რეგიონში დავდივართ. დღეს ჩაფიძის გულის ცენტრის 111-ე საქველმოქმედო აქციაა .  ძალიან მინდოდა ჩემს მშობლიურ  ხარაგაულში აღნიშნული აქციით სარგებლობის საშუალება ჰქონოდათ. სამწუხაროდ, პანდემიის გამო რაოდენობრივად შეზღუდულები ვიყავით და მხოლოდ ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის გაკეთდა ღონისძიება. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც გამოითქვა აქციაში მონაწილეობის დიდი  სურვილი და უარი არც მათთვის არ გვითქვამს. მომავალში აუცილებლად კიდევ დავგეგმავთ აქციას ხარაგაულის ადგილობრივი მოსახლეობისთვის  , მინდა მადლობა გადავუხადო ხარაგაულის ადგილობრივ ხელისფულებას, მერს ბატონ კობა ლურსმანშვილს  , და მერიის  შესაბამის სამსახურებს ღონისძიების ორგანიზებულად და მოწესრიგებულად  წარმართვისთვის.“ დღესვე  ხარაგაულის მერის , კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე , ხარაგაულელ ვეტერანებს შეხვდა. შეხვედრაზე კობა კობალაძემ იმ სოციალურ სერვისებზე ისაუბრა , რომელსაც სახლმწიფო ვეტერანებს სთავაზობს , ასევე ინფორმაცია გააცნო ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. კობა ლურსმანაშვილმა კიდევ ერთხელ  გააჟღერა ინფორმაცია ახალ სოციალურ პროგრამაზე , რომელიც მისი ინიციატივით შეიქმნა და ,,ვეტერანების დახმარების პროგრამა“  ეწოდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მომართვიანობის შემთხვევაში, ვეტერანებს  ერთჯერადი ფინანსური დახმარებით და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, თანადაფინანსების მიღებით შეუძლიათ ისარგებლონ. ,,ვეტარანების მომართვა ჩვენთვის ნიშნავს, რომ ყველა ფეხზე დავდგეთ  და გავაკეთოთ იმაზე მეტი რაც შეგვიძლია. ნებისმიერი სოციალური პროგრამით სარგებლობისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ვეტერანებს და ჩვენ ყოველთვის მოვიძევთ თანხებს მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ - განაცხადა შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა.  შეხვედრა დასასრულს კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.  ინფორმაციისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართებოდა. მემორანდუმის გაფორმებიდან დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 110 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 10 350 ბენეფიციარს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0117.JPG
14/05/2021 10:53

ხარაგაულის თეატრი პრემიერისთვის ემზადება.

   დასი რეპეტიციებს უკვე 4 თვეა აქტიურ რეჟიმში გადის. ,, იმერული რექვიემი“ ასე ეწოდება რეზო კლდიაშვილის პიესას, რომლითაც ხარაგაული  , 20 ივნისს იმერეთის თეატრალურ  ფესტივალზე წარსდგება.  ამ ეტაპზე მუშაობა სპექტაკლის  მუსიკალურ გაფორმებასა და მხატვრობაზე მიდის. სპექტაკლს  მხატვრულად გაიოზ შუბითიძე გააფორმებს,მუსიკალურ მხარეზე ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე იმუშავებს. ანუშკა ჩხეიძე ,,სპექტაკლის იდეა უკვე გამოხატულია, მუსიკა დასახვეწი გვაქვს და შესავსები. მგონია რომ ეს ცოტა უფრო განსხვავებული სპექტაკლი იქნება, იმ სპექტაკლებს შორის, რომელზედაც ირინას აქამდე  უმუშავნია. ეს მისთვისაც და ჩვენთვისაც გამოწვევაა და ჯერ  ყველა ისევ შემოქმედებითი ფიქრის პროცესში ვართ. სპექტაკლი ტრაგი-კომიკურია, თითქოს ყველაფერი კომედიაა, მაგრამ ძალიან დიდი აზრი დევს და მუსიკა ცდილობს რაღაც მომენტში რეალობაში დაგაბრუნოს  , დამაფიქრებელი იყოს და  კონტრასტი შექმნას. ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი კომპოზიცია , იქნება ბრაიან ნინოს კომპოზიციაც , რომელიც შევარჩიეთ და ჩავთვალეთ რომ ყველაზე მეტად მოუხდა სპექტაკლს. ეს იქნება ციფრული ხმები, იმიტომ რომ სპექტაკლის სიუჟეტი საგიჟეთში ვითარდება და შესაბამის განწყობა უნდა შევქმნათ.“  - ამბობს ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე როგორც რეჟისორი ირინე ჩხეიძე ამბობს სპექტაკლზე მუშაობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.  ,,მიუხედავად იმისა რომ პიესა   იუმორით გაჯერებულია, შეიცავს ტრაგიზმს და თითქოს ამ პანდემიას და დაძაბულ სიტუაციას ძალიან მოუხდა.ჩვენ მონატრებულ მაყურებელს ,რომელსაც პანდემიის გამო დიდი ხანია არ შევხვედრივართ გვინდა რომ პრემიერა  ვაჩვენოთ. წინასამპრემიერო ჩვენება ხარაგაულში რეგულაციების მკაცრი დაცვით  ივნისის დასაწყისში გაიმართება. ჩვენი მაყურებლისთვის  იმდენჯერ ვითამაშებთ,რამდენჯერაც ამის მოთხოვნა იქნება.  ვნახოთ როგორ მიიღებს მაყურებელი სპექტაკლს  ხარაგაულში. ჩვენ ყოველთვის ხარაგაულში ვთამაშობთ პრემიერას, და აქ მიღებული წარმატება გარანტიაა ხოლმე იმ დიდი წარმატებების, რომელიც თეატრმა თავისი არსებობის მანძილზე მრავალჯერ მოიპოვა “- აცხადებს ირინე ჩხეიძე სპექტაკლი ,,რექვიემი“ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბინადრებზეა.  90 იან წლებში როდესაც საავადმყოფო დაიხურა ეს ადამიანები გარეთ თავშესაფრის გარეშე დარჩნენ. გადარჩენისთვის ყველამ სხვადასხვა გზა აირჩია. როგორ განვითარდება მოვლენები და რა პიროვნული ტრაგედიების მომსწრეები გავხდებით სპექტაკლის მანძილზე და რატომ იქცევა ყველაფერი ,,იმერულ რექვიემად“ ამას სპექტაკლის ხილვის დროს მიხვდებით.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_8.png
11/05/2021 21:56

ხარაგაულის მერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა

  ხარაგაულის მერი , კობა ლურსმანაშვილი დღეს ,,სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.  მერი ვაქცინაციის პროცესში თავისი გუნდის წევრებთან ერთად ჩაერთო. დღესვე ვაქცინა გაიკეთეს მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ  ჭიპაშვილმა , მერის თანაშემწემ ჟანა ნემსაძემ და  ხარაგაულის საკრებულოს, ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ პაატა გოგოლაძემ.  ვაქცინაციის პროცესი შპს რეგიონული ცენტრის  ქუთაისის ო. ჩხობაძის სახელობის მრავაპროფილურ კლინიკაში ჩატარდა. კობა ლურსმანაშვილი : ,,ვფიქრობ, აცრა აუცილებელია, რადგან მოხდეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სტაბილიზაცია, ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნება. ვაქცინაცია გათვლილია ჩვენ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.   ვფიქრობ,  იგი ერთ ერთი შეუცვლელი იარაღია კოვიდ 19 თან ბრძოლაში. მინდა ყველას მოვუწოდო  აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავამარცხოთ პანდემია, დავივიწყოთ შეზღუდვები და ბედნიერ და წარმატებულ ქვეყანაში გავაგრძელოთ ცხოვრება. “  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას! აცრა ნებაყოფლობითია!  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_7_1.png
10/05/2021 08:38

ხარაგაულის საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

  ხარაგაულელი ია ხურცილავა , მამასთან გიორგი ხურცილავასთან ერთად ხარაგაულის საავადმყოფოში ,,სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. ია ხურცილავა ,,მამასთან,  გიორგი  ხურცილავასთან ერთად, რომელიც ზარანში ცხოვრობს, მოვედი და ავიცერით. მართალია ვაქცინების მიმართ ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულებაა, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისში პორტალზე 2 საათში ადგილი არ იყო, ამიტომ ხარაგაულში დავრეგისტრირდით.  აცრის სურვილი უსაფრთხოებამ და თავის დაზღვევის სურვილმა განაპირობა.  ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, ჩვენ თითქოს  მივეჩვიეთ ამ ციფრებს  და აღარ ვაკვირდებით . ბევრი მოგზაურობა მიწევს  და ბედნიერი ვარ რომ ავიცერი და  მშვიდად და უსფართხოდ ვიქნები. ყველას ვურჩევ რომ აიცრას, ძალიან კმაყოფილი ვარ , ძალიან დიდი ყურადღება ვიგრძენი, სრულფასოვანი მომსახურება მივიღე  და დიდი მადლობა ხარაგაულის საავადმყოფოს მედპერსონალს.“ აზა ფურცელაძე, ექიმ - თერაპევტი ,, ვაქცინაციის პროცესი მშვიდად და წყნარად, ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს.  20 მაისი ჩათვლით, ყველა ადგილი შევსებული და დაჯავშნულია.  უფრო ჩართულობა ჩინელების მხრიდან გვაქვს, თუმცა ქართველებიც  მოდიან და ამ მხრივ პროგრესია. ადგილზე იმყოფება რეანიმატოლოგი. გვაქვს ანტიშოკური კარადა თავისი აღჭურვილობით და მედიკამენტით,  ხელოვნური სუნთქვის აპარატი და ტექნიკური მზაობა საკმაოდ მაღალია, რომ სრული მომსახურება გავწიოთ. ახალი რეგისტრაცია 10 მაისიდან გაიხსნება და ჩართულობა უფრო დიდი იქნება .“ შორენა ლოლაძე - იმუნიზაციის ექთანი ,,ვაქცინაციის პროცესი დამაკმაყოფილებლად მიდის , სინოფარმის ვაქცინით 18 წელს ზემოთ ყველას შეუძლია აცრა, ჯერ-ჯერობით 30 წლამდე ასაკის პაციენტი არ მყოლია. 190 კაციდან რომელიც ჩვენთან დარეგისტრირდა მხოლოდ 25 არის ქართველი, ვფიქრობ 10 მაისის შემდეგ მათი ჩართულობა უფრო გაიზრდება.“ ვაქცინაციის შემდეგაც, პაციენტი ადგილზე 45 წუთის განმავლობაში უნდა გაჩერდეს. აცრილი პირების განმეორებითი ვაქცინაცია 21 დღიანი შუალედის შემდეგ ჩატარდება. აცრილ ადამიანს  დამადასტურებელი ცნობა მიეცემა. ხარაგაულში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია და ჯავშნის გრაფა ხელმისაწვდომი 10 მაისიდან გახდება.20 მაისამდე ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმით“  ხარაგაულში 190 ადამიანი აიცრება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%94%E1%83%A1.jpg
08/05/2021 20:08

ინტერვიუ ხარაგაულის მერის პირველ მოადგილესთან

მერის წარმომადგენელი ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბაზალეთის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს წევრი და საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე - ასეთი გზა გაიარა ვარლამ ჭიპაშვილმა მერის პირველი მოადგილის პოზიციამდე. საკმ აოდ ხმაურიანი და კრიტ ი კული განცხად ე ბებით გამორჩეული ახალგ ა ზრდა  საჯარო სივრცესა და პოლიტიკაში ერთად , პი რ ველად , 21 წლის ასაკში მოხვდა.  წარმატებული კარიერის შემდეგ საკანონმდებლო ხელისუ ფ ლებიდან აღმ ა სრულებელ ხელის უ ფლებ ა ში გადაინაცვლა. როგორი იყო გზა მერის პირველ ი მოადგილემდე , თვითონ მოგვიყვება. - ეს გზა იყო ძალიან საინტერესო, შრომით, მშვიდობიანი ბრძოლით გავლილი, ემოციურად დატვირთული, პასუხისმგებლობებით სავსე და რაც მთავარია, ყოველთვის შედეგზე ორიენტირებული. მქონდა წარმატებები, ზოგჯერ იყო წარუმატებლობაც, მაგრამ საერთო ჯამში, ეს გზა  მნიშვნელოვნად დამეხმარა, პროფესიულ განვითარებაში, მომეცა საშუალება უფრო მეტი ადამიანი გამეცნო და  ადამიანების დახმარების  და სიკეთის კეთების  საშუალება მქონოდა. ამ კუთხით ეს გზა ნამდვილად  საინტერესო იყო. ჯერ კიდევ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც ბატონმა კობა ლურსმანაშვილმა ბაზალეთის  ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელად დამნიშნა , ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო.  2014 წელს, დიდი ნდობა გამომიცხადა მოსახლეობამ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა პარტია ,,ქართულმა ოცნებამ“ და როგორც  ბაზალეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში მოვხვდი, სადაც საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ ამირჩიეს.  2017 წელს ისევ მაჟორიტარი დეპუტატი და  საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე . ამ დროს აქტიურად ვიყავი პოლიტიკაში ჩართული,   ამავე დროს გახლდით ,,ქართული ოცნების“  ხარაგაულის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე .   ამ გზაზე დიდი გამოცდილება მივიღე, გვერდით ბატონი კობა ლურსმანაშვილის სახით  ძალიან კარგი  გუნდის ლიდერი მყავდა, მასთან ურთიერთობით დიდი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მომეცა, ძალას და ენერგიას არ ვიშურებდი და  ვსწავლობდი, იმიტომ  რომ ვიცოდი ეს საქმის უკეთ გასაკეთებლად დამჭირდებოდა.   უკვე 5 თვეა რაც საქმიანობთ მერის პირველი მოადგილის ამპლუაში ?  როგორ შეეგუეთ ახალ პასუხისმგებლობას ? რა შეიცვალა? - ეს პოზიცია ჩემთვის, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა და  ახალი  შესაძლებლობებია. ახლა ჩემი საფიქრალი გაცილებით დიდ  მასშტაბებზე  გადის . წარმომადგენლობით ორგანოში ყოფნის დროს მქონდა  გარკვეული ხედვები და ზოგჯერ ვაკრიტიკებდი კიდეც მუნიციპალიტეტის მერიას და მათ კონკრეტულ საქმიანობებს, რადგან ვხედავდი ბევრი პრობლემები იყო. დღეს, უკვე ჩვენვე  გვეძლევა ამ ხარვეზების აღმოფხვრის საშუალება და საზოგადოებრივ საჭიროებებზე მორგებული ხედვების გატარების შესაძლებლობა. როცა საკრებულოს წევრი ვიყავი მოსახლეობის საჭირბოროტო საკითხებს ვახმოვანებდი მერიის წინაშე,  დღეს მე ეს პრობლემები ვიცი და ახლაც აქტიურ ურთიერთობაში ვარ მოსახლეობასთან. ჩვენ გვესმის ხალხის ხმა  და ასევე გვაქვს გეგმა და გამოცდილება როგორ  უნდა მოხდეს ამ პრობლემებზე მუშაობა. კარგია დაგეგმვის პოლიტიკა, მაგრამ განხორციელება მეტად საინტერესო ყოფილა. რთუ ლი ხომ არ არის ეს პროცესი , როდესაც უშუალოდ განმახორციელებელი ხარ? - მარტივი ნამდვილად არ არის , უფრო რთული და დაძაბული რეჟიმია,  მასშტაბური აზროვნება გჭირდება, თუ დღემდე ჩემი საფიქრალი, გამორჩეულად,  ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული იყო, დღეს უკვე ხარაგაულის სოფლებს შორის გამორჩევას ვერ მოვახდენ.  დღეს მე ძალიან კარგად შემიძლია მოვუსმინო საკრებულოს , რადგან იქ ვმუშაობდი და მათი ძალიან  კარგად მესმის. წარმოიდგინეთ, იყო დრო როდესაც მე ვაკრიტიკებდი ბიუჯეტის საკითხებს, დღეს კი, უნდა ვეცადო ეს საკითხები ნაკლებ კრიტიკას იმსახურებდეს და ამავე დროს დავიცვა მერიის პოზიცია.   მიდგომები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეულწილად შემეცვალა , გარედან შეიძლება რაღაც სხვანაირად ჩანდეს და შიგნით სულ სხვანაირად იყოს, მარტივი არ არის.  ხარაგაულის მერიაში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, კონკრეტული  პასუხისმგებლობები განაწილებულია, რა თქმა უნდა  ხელმძღვანელ პირებს  გაცილებით მეტი  პასუხისმგებლობის აღება გვიწევს  და ამას არ გავურბივართ . საჯარო სივრცე ერთი მთლიანი, ცოცხალი ორგანიზმია,  ეს ყველამ უნდა გავიაზროთ, ჩვენ ერთი მთლიანი ჯაჭვის ცალკეული რგოლები ვართ.  ჩვენ ჩვენი უფლებამოსილების, პასუხისმგებლობისა და წარმატების ნაწილშიც ყველა  თანაზიარნი უნდა ვიყოთ. ამ გზაზე მე არ მეშინია  პრობლემების, იმიტომ რომ მყავს კვალიფიციური და  ავტორიტეტული მერი, რომელმაც გამომიცხადა ნდობა , მის გვერდით მუშაობა ძალიან  კომფორტულია. ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ საკრებულოსთან და გვაძლიერებს ის ფაქტი, რომ გვყავს მაჟორიტარი დეპუტატი, რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის.  ვცდილობთ მაქსიმალური სიფრთხილით, დაკვირვებით და კანონიერი გზებით ვეცადოთ, პრობლემები გადავჭრათ . ჩვენთვის კმაყოფილი მოსახლეობა ყველაზე მნივნელოვანია, ამიტომ კარგად უნდა ვაკეთოთ  ჩვენი საქმე , ეს ჩვენი ვალდებულებაა. მე პოლიტიკურ შედეგზეც ვზრუნავ,  ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი, პარტია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, და არ ვარ  ტიპიური საჯარო მოხელე, რომელიც პოლიტიკურ შედეგზე არაა ორიენტირებული.    ამ 6 თვის განმავლობაში რა ნაბიჯები გადაიდგა , რა შეცვალეთ ?  - სოციალურ პრობლემებზე მგრძნობიარობის ხარისხი გაიზარდა. სოციალური მიმართულება ხარაგაულში მუშაობდა , ეს რეალობაა, მაგრამ პრობლემებისადმი მგრძნობელობამ მოიმატა , ხარაგაულის მერიაში ამჯერად 22 სოციალური პროგრამა მუშაობს. მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, სოციალურ პროგრამებს,  ორი ახალი - ვეტერანთა დახმარების და გადაუდებელი რეაგირების პროგრამა დაემატა. დავხვეწეთ სოციალური პროგრამები, ერთჯერადი ფინანსური დახმარებების ფონდი გავაორმაგეთ და დახმარების ჭერი 100 ლარიდან 500 ლარამდე ავწიეთ . ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა 100 ლარი იყო და 200 ლარი გახდა. გავზარდეთ სტიქიის და მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახების დახმარების ფონდი  , ამავე დროს გაიზარდა თანადაფინანსება ოპერაციებზე. ვცდილობთ გვქონდეს მოქნილი, დროული რეაგირება, ამიტომ კომისიის წევრებს გვაქვს შეხვედრა კვირაში ერთხელ. ასევე  მთელი დატვირთვით განაახლა მუშაობა სტიქიით დაზარალებული და მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ პირთა განცხადებების შემსწავლელმა კომისიამ . ერთი და იგივე კატეგორიის მქონე განცხადებებიდან, პრიორიტეტულად განიხილება ის, რომელსაც ობიექტური დამამძიმებელი გარემოება აქვს. თუმცა იქნება მონიტორინგიც და  ცალკე  კომისია შეისწავლის რამდენად მიზანმიმართულად დაიხარჯება გაცემული თანხები.  განცხადებები მუდმივ განხილვის რეჟიმშია, შეიცვალა და დაიხვეწა შეფასების კრიტერიუმები, პროცესი გაცილებით მოქნილი და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებულია. ასევე დავიწყეთ ინვენტარიზაციის პროცესი , ვმუშაობთ, რომ მუნიციპალური ქონება აღრიცხული უნდა იყოს. ერთხელ და სამუდამოდ ეს პროცესი უნდა დასრულდეს.  წლების განმავლობაში ეს ყბადაღებული თემა და აქილევსის  ქუსლი იყო. ნაწილი ქონების პრივატიზება უკვე მოხდა ,  გამზადებულია საპრივატიზებო  ობიექტთა ნუსხა, მიმდინარეობს მუშა პროცესი.      რა იქნება 2021 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები ?  - 2021 წლის ბიუჯეტში თანხები გავზარდეთ ინფრასტუქტურული პროექტების და სოციალური პროგრამების დაფინანსების კუთხით. ასევე გაიზარდა  ბაღების დაფინანსება  და  სასმელი წყლის სარეაბილიტაციო ხარჯები.  როდესაც ჩვენ მოვედით , საკრებულოს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარვუდგინეთ, სადაც  390 ათასი  ლარით მეტი ვალდებულება დავგეგმეთ, ეს ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებია. დავიწყეთ პრიორიტეტების გამოკვლევა, ვაწარმოეთ გამოკითხვა მოსახლეობაში იყო თუ არა კმაყოფილი განხორციელებული მუნიციპალური პროგრამებით და მომავალში რას მიიჩნევდნენ პრიორიტეტად. 2022 წლის ბიუჯეტის პარამეტრების დაგეგმვის დროს სწორედ ამ გამოკითხვის შედეგებით ვიხელმძღვანელებთ. სოფლის კრებებში  აქტიურად  ვიყავით ჩართული , ვუსმენდით მოსახლეობას და ვეცადეთ სადაც მწვავე პრობლემა იყო, კონკრეტული საჭიროება გამოიკვეთა და სოფელს თავისი დაფინანსება არ ჰყოფნიდა,  თანადაფინანსება გაგვეკეთებინა , ამ მასშტაბების თანადაფინანსებები  აქამდე არ ყოფილა. როდესაც თანადაფინანსებას გეგმავ შენ ესეიგი კონკრეტულად იმ საჭიროებას აფინანსებ , რომელიც მოსახლეობიდან წამოვიდა, სოფელი შეთანხმდა. ამ დროს მნიშვნელოვანია რომ პროექტი დაუმთავრებელი არ დარჩება. ყველაფერი  გააკეთა მერმა, მერიამ იმისთვის რომ აუთვისებელი საბიუჯეტო თანხები წლის ბოლოს მუნიციპალიტეტში შენარჩუნებულიყო. რაც შეეხება , საბიუჯეტო შემოსავლებს აუცილებლად გაიზრდება. დაჩქარდება და გაიზრდება მშენებლობების ტემპი, მოიმატებს ინფრასტრუქტურული პროექტების რიცხვი, და რაც მთავარია შესრულების ხარისხი.  ბიუჯეტში როგორც იცით ერთ - ერთი მთავარი მიმართულებაა სოციალური თემა, ამ კუთხით კიდევ ბევრ სოციალურ აქტივობებს ვგეგმავთ და მაქსიმალურად ვიზრუნებთ პრობლემატური საკითხების მოგვარებაზე.   თქვენ საკურატორო სფეროებში შედის კულტურა, სპორტი როგორ მუშაობთ ამ მიმართულებით? - ჩემი საკურატორო სფეროა კულტურა , ყოველთვის პატივისცემით ვეკიდებოდი ამ სფეროს , ჩვენ ხარაგაულში პატივსაცემი ადამიანები გვყავდნენ, რომლებიც  ხარაგაულის კულტურულ ისტორიას ქმნიდნენ და ასე არის დღესაც.   პანდემიამ გარკვეულწილად ხელი შეუშალა აიპების საქმიანობას , თუმცა მათ მაინც ჰქონდათ გარკვეული ღონისძიებები. ვფიქრობ გასააქტიურებელია ხარაგაულში ტურიზმის კუთხით მუშაობა, არ არის პროგრამა , რომელიც ხარაგაულის შიდა ტურიზმის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. აქ ჩვენ საფიქრალი ნამდვილად გვაქვს.ბატონი კობას გადაწყვეტილებით და ინიციატივით  წავახალისეთ წარმატებული სპორტსმენები, რაც სხვებისთვის მაგალითი და სტიმულის მიმცემი უნდა გახდეს. ყველამ უნდა იგრძნოს მხარდაჭერა, მოქალაქეებმა  და განსაკუთრებით ახლგაზრდებმა და ეს არ იქნება ცარიელი სიტყვები. ჩვენ ვაპირებთ მოვიწვიოთ ახალგაზრდები, ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, რომ მათი პოზიციაც  მოვისმინოთ. საჭიროა მათი ჩართულობა და პასუხისმგებლობის აღება მოქალაქეობრივი პოზიციიდან, თუ რეალურად გვაინტერესებს შედეგი, გვიყვარს ხარაგაული და გვტკივა ხარაგაულის პრობლემები.   2014 წლიდან დღემდე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევით დაბა ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლაში, როგორია პედაგოგი ვარლამ ჭიპაშვილი? - ჩემთვის პედაგოგობა ძალიან საყვარელი და მნიშვნელოვანი პროფესიაა. კლასში, გაკვეთილზე  ჩემთვის უკვე აღარ არსებობს პოლიტიკა,მოსწავლეების წინაშე არც საჯარო მოხელე ვარ და არც პოლიტიკაში მყოფი პირი, მხოლოდ პედაგოგი და იმდენად ვიხარჯები მათთან ურთიერთობაში, რომ სასიამოვნოდ ვიღლები.   ვმეგობრობ ბავშვებთან , სამოქალაქო განათლებაა ჩემი საგანი,  სამოქალაქო ცნობიერების  გაზრდასა და ამაღლებაში ხელშეწყობაა გაკვეთილზე ჩემი მთავარი საფიქრალი. როდესაც მეცხრე კლასში ვხსნი რა არის თვითმმართველობა და თვითმმართველობის საქმიაონობაში  ჩართვის მექანიზმები,  ვხედავ და ვგრძნობ როგორი აქტიური მოქალაქეები იზრდებიან , რომლებიც ნამდვილად შეძლებენ თვითმმართველობასთან კომუნიკაციას . ხვალ ისინი უნდა მოვიდნენ ჩვენს ადგილებზე და მიხარია, რომ ნიჭიერი, გონიერი და სწორი ღირებულებების მქონე თაობა მოდის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკვე წლებია  აქტიურად ხართ ჩართული ხარაგაულის პოლიტიკურ ცხოვრებაში,  როგორია ვარლამ ჭიპაშვილი პოლიტიკაში? - ქარიზმატული, აქტიური და მომავალზე ორიენტირებული.ზოგადად პოლიტიკაში არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ  დღეს ჩემი ხედვები არის მყარი, პრინციპული. ქართული ოცნების წევრი ვარ და იმ ღირებულებებს ვიზიარებ , რომელიც ამ პარტიას გააჩნია. შეიძლება მოხდეს ისე რომ პოლიტიკიდანაც წავიდე ,მაგრამ ვიდრე ვარ, ჩემგან ერთგულების პრინციპი  ყოველთვის  დაცული იქნება. პოლიტიკაში გამარჯვების საწინდარი პრინციპულობა , შრომისმოყვარეობა და ერთგულებაა.   რას იტყოდით თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებზე? - ჯანსაღი ოპონირება აუცილებელია.საკრებულოს წევრ  რამდენიმე  ოპონენტთან საზოგადოებრივი საკითხების ირგვლივ შესაძლებელია კონსტრუქციული თანამშრომლობა,რაც მისასალმებელია. შეიძლება ხშირად მიდავია,მიკამათია,მაგრამ არასოდეს არავისთვის პირადი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ჩვენ უნდა შევძლოთ პირადი დამოკიდებულებებისა  და სამსახურეობრივი თემების გამიჯვნა. შეიძლება მე პირადად ვინმეს არ მოვწონდე, ან ვერ ვიყო მისი მეგობარი, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ ნამდვილად გვაღელვებს ხარაგაულის პრობლემები, საქმიანი საუბარი უნდა შევძლოთ. როგორ შეიძლება არაფერი არ მოგწონდეს გაკეთებული,როგორ შეიძლება მხოლოდ ცუდს ხედავდე. ვიწრო პარტიული ინტერესებით ხალხი არ უნდა დაზიანდეს. ხშირია წინა ხელისუფლების  წარმომადგენლების მხრიდან  პროვოკაციული გამოხდომები,მათი მხრიდან სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა,მაგრამ საზოგადოება გონიერია და სწორ არჩევანს აკეთებს.დასაკარგი დრო არაა,ჩვენ აგრესიას ვპასუხობთ სიმშვიდითა და საქმით. მთავარი ადამიანობაა და პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის გამო ზოგიერთმა სახე არ უნდა დაკარგოს. სიძულვილის ენით საუბარი პოლიტიკოსისთვის  დამაზიანებელია.ხშირად მომითმენია არასასიამოვნო დამოკიდებულებები,რადგან სწორად ვიაზრებ ჩემს პასუხისმგებლობას და თმენის ვალდებულებას.ამ პოლიტიკურ ორთაბრძოლაში  ნამდვილად მაძლიერებს კობა ლურსმანაშვილთან ერთად დგომა. მას   დიდი გამოცდილება აქვს საპარლამენტო საქმიანობის,  ადგილობრივ თვითმართველობაში მუშაობის და ხალხის რჩეულია. ეს კარგად იციან ჩვენმა ოპონენტებმა.  დღეს ხარაგაულის პოლიტიკურ რეაობაში , მისი პოტენციალის და რეიტინგის მქონე არ მეგულება, ამიტომ რა თქმა უნდა მასზე მუდმივად არის დარტყმები და იმ ადამიანებზე ვინც მასთან ერთად საქმეს ემსახურება . და ბოლოს ბავშვობა..   ადრეული ასაკიდანვე ვიგრძენი გარკვეული პასუხისმგებლობები. სკოლაში ნორმალურად ვსწავლობდი, ვერცხლის მედალი მაქვს მიღებული, სტიპენდიანტი სტუდენტი ვიყავი, ვცდილობდი გამორჩეული ვყოფილიყავი.ჩემი ცხოვრების, ყველა ეტაპზე გვერდით ვგრძნობდი ჩემი ოჯახის თანადგომას, როგორც შეეძლოთ და რა რესურსიც ჰქონდათ.  ვფიქრობდი რომ ის მდგომარეობა,  რომელიც ჩემს გარშემო იყო მე თვითონ უნდა შემეცველა და ეს მხოლოდ სწავლით და შრომით შეიძლებოდა, ეს კარგად მქონდა გათავისებული. ფიზიკურად ვშრომობდი ძალიან ბევრს , ასევე აქტიური ბავშვი ვიყავი. დედა სოფლის საბჭოში მუშაობდა, იქ ხშირად დავდიოდი, და სწორედ მაგ პერიოდიდან დამაინტერესა პოლიტიკა, სოფლის ცხოვრება, ბავშვობიდან ჩართული ვიყავი ამ თემებში. ბევრი გაჭირვება გამომივლია და სწორად მესმის ადამიანების, ვგრძნობ მათ პრობლემებს, ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანია.   მთავარი თვისება ,  რასაც ადამიანებში აფასებს კომუნიკაციის უნარი, ერთგულება,  შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობაა. თვითონაც ცდილობს ამ ნიშნით გამორჩეული იყოს, 6 მაისს 30 წლის გახდა. ცხოვრების განვლილ ეტაპს საინტერესოს უწოდებს , თუმცა უფრო დიდი ინტერესით ელოდება მომავალს , რომელიც იცის , რომ ისევ თვითონ უნდა შექმნას.. ინგა ბერაძე                               
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%201_1.jpg
05/05/2021 09:39

ანდრიაობა - დღე , რომელსაც ხარაგაულში განსაკუთრებული სიხარულით ელიან

  ანდრიაობა, 12 მაისი -   დღე, რომელსაც ხარაგაულში უკვე წლებია განსაკუთრებული სიხარულით ელიან.  ,,2021 წლის 12 მაისს სამწუხაროდ, არსებული პანდემიიის ფონზე, ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობისა და კომენდატის საათის გათვალისწინებით,  მთა რკინისჯვარზე ტრადიციული, პილიგრიმული მსვლელობის ორგანიზება ანდრიაობას ისევ ვერ მოხერხდება” -ინფორმაციას ექსტრემალურ -პილიგრიმული ტურის ორგანიზატორები გვიდასტურებენ. მომლოცველების დიდი მოლოდინის მიუხედავად, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ხარაგაულში ტრადიციული მასშტაბური პილიგრიმული ტური მეორე წელია, ვერ შედგა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.JPG
04/05/2021 13:24

დიდვაკეში არსებული მძიმე მდგომარეობა უნდა შეიცვალოს - აცხადებს ხარაგაულის მერი

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , მოადგილესთან, დავით დევდარიანთან , ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების უფროსთან, ბესო კვირიკაშვილთან და თანაშემწესთან , ჟანა ნემსაძესთან ერთად დიდვაკის მრავალსართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა და ბინის ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. პრობლემის შეტყობინების მიზნით, პირველი შეხვედრა მერსა და ბინის მაცხოვრებლებს შორის ხარაგაულის მერიაში შედგა. შეხვედრის შემდეგ, მერი, კობა ლურსმანაშვილი , უშუალოდ დაინტერესდა მდგომარეობით, დიდვაკის  საცხოვრებელი კორპუსი დავით დევდარიანთან და ბესო კვირიკაშვილთან ერთად დაათვალიერა, ბინის მაცხოვრებლებს გაესაუბრა  და პრობლემის სირთულიდან გამომდინარე მათ დასახმარებლად სრული მზაობა გამოხატა.  ბინის საყრდენი ბოძები დაშლილია, ხის აივნები-დაზიანებული, რომელსაც სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება. გასაუბრების შემდეგ აღმოჩნდა , რომ ბინას  ასევე არ აქვს წყალარინების სისტემა, რაც საცხოვრებელ პირობებს კიდევ უფრო ამძიმებს. ხარაგაულის მერი თვლის, რომ ბინის მაცხოვრებლები, მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე მოკლებულნი არიან თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობას და სრული დაფინანსების შეთავაზებას მერიის ვალდებულებად მიიჩნევს. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი :  ,,ჩვენ დიდვაკის დასახლებაში, საერთო საცხოვრებელი დავათვალიერეთ , სადაც 19 ოჯახი ცხოვრობს. ბინის მაცხოვრებლებს ერთი მხრივ,  პრობლემა აქვთ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, მეორე მხრივ , არ აქვთ წყალანირების სისტემა. ეს ყველაფერი მძიმე საცხოვრებელ პირობებს ქმნის. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორივე პრობლემის გადაჭრის მიზნით, პროექტირების, ხარჯთაღრიცხვის და ფინანსების  მოძიების სამუშაოები ჩავატაროთ. აქ  საკმაოდ მძიმე სამუშაოა შესასრულებელი, რომელსაც დრო დასჭირდება , მაგრამ ეს დრო და ფინანსები ნამდვილად ღირს იმად, რომ ჩვენ მოქალაქეებს უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ. მერიის საერთო გადაწყვეტილებაა აქ არსებული მძიმე მდგომარეობა შეიცვალოს.ეს პატივსაცემი ადამიანები, რომლებიც  წლებია აქ ცხოვრობენ , ჩვენს მხარდაჭერას იმსახურებენ. სახელმწიფო სტრუქტურებთან ,მთავრობასთან ერთად მერიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს. ყველაფერი იმაზე არის დამოკიდებული, თუ რამდენად დავასაბუთებთ ამ პროექტის განხორციელების აუცილებლობას, მთავრობის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინაშე, რომ ფონდებიდან თანხა მოვიზიდოთ." ინფორმაციისთვის, სულ ახლახან ხარაგაულის მერიამ დიდვაკეში ორი საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.  შეგახსენებთ, რომ დიდვაკის დაზიანებულ მრავალსართულიან ბინაში ამ დროისთვის 19 ოჯახი ცხოვრობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0120.jpg
30/04/2021 15:04

დაბა ხარაგაულში 24 - საათიანი წყალმომარაგების მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დაბა ხარაგაულის 24- საათიანი წყალმომარაგების მიზნით,  სამუშაოები  აქტიურად მიმდინარეობს. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა , მერის მოადგილესთან, დავით დევდარიანთან და თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან ერთად დაბა ხარაგაულში, დეკანოსიძის ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა და სამუშაოების ხარისხი შეამოწმა. კობა ლურსმანაშვილმა პროექტით მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, უშუალოდ მიიღო ინფორმაცია სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის შპს ,,ლ და კ“ - ს წარმომადგენლის ჯუნა მოწონელიძის მხრიდან, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე წყალმომარაგების სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულდა და პატარა ხარაგაულში 90 ოჯახი გამრიცხველიანდა. ამჯერად სამუშაოები ლეღვნის სათავე ნაგებობაზე და დაბა ხარაგაულში შიდა დაქსელვაზე მიმდინარეობს  , რომელიც სექტემბრამდე გაგრძელდება. კობა ლურსმანაშვილი: ,,შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ დაპირება წყალმომარაგების 24 საათიან მიწოდებასთან დაკავშირებით  , რომელიც გაცემული იყო, წარმატებით სრულდება. ხარაგაულში ორი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს , წყალმომარაგების და წყალანირების, რომლზედაც  ჯამში 10 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. უახლოესი  წელიწად - ნახევარი ჩვენ ასეთ სამშენებლო ფორმატში ვიქნებით. ჩვენ ვცდილობთ, ნაკლები დისკომფორტი ჰქონდეს ჩვენ მოსახლეობას ამ სამუშაოების შესრულების დროს.  შემსრულებელ კომპანიას  მოვთხოვეთ, რომ დრულად და ხარისხიანად ჩატარდეს, მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შემდეგი , სარეაბილიტაციო სამუშაოები. იქ სადაც მოხდება წყლის მილების ჩალაგება დროულად იყოს გადაგებული ასფალტი. ბატონი დავით დევდარიანი, რომელიც ინფრასტრუქტურის მიმართულებას ხელმძღვანელობს, ამის მონიტორინგს მუდმივად განახორციელებს. ხარაგაულის მერია მოწოდებულია იმისთვის, რომ ერთი მხრივ ხელი შევუწყოთ კომპანიების მუშაობას , და მოვთხოვოთ რომ დროულად და ხარისხიანად შეასრულონ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები და  მეორეს მხრივ ვიზრუნოთ ჩვენს მოსახლეობაზე, რომ ნაკლები დისკომფორტი მიიღონ.“. დაბა ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგების პროექტის  პირველი ეტაპი ლეღვნის სათავე ნაგებობიდან სოფელ დიდვაკეში, საღანძილესა და დაბა ხარაგაულში  შემომავალი წყლის 14-კილომეტრიან  მაგისტრალის  სრულ რეაბილიტაციას, ასევე ახალი რეზერვუარის მოწყობას, კორპუსების შიდა გაყვანილობის აღდგენას და  მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანებას ითვალისწინებს. საერთო  ჯამში,  ამ მიმართულებით  პირევლ ეტაპზე 3  917 000  ლარი  დაიხარჯება.                  პროექტის ფარგლებში,  წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, ორი ახალი  აუზის, ჭაბურღილების, სათავე ნაგებობებისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა მოხდება. ასევე, მოეწყობა ახალი რეზერვუარი, დაგეგმილია კორპუსებში შიდა გაყვანილობის მოწყობა და დაბა ხარაგაულის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპი  სექტემბერის თვეში დაიწყება და 2 585  372  ლარი დაიხარჯება.    პროექტი წლის ბოლოს დასრულდება და  ხარაგაულის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში ექნება. პროექტი  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა  და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  კოორდინირებით  ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტი ექსპლუატაციაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაეცემა.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90.jpg
29/04/2021 11:45

პატარა მეზღაპრე გოგო ხარაგაულიდან

ჯერ მხოლოდ 6 წლისაა, თუმცა უკვე კითხვა იცის და რაც ყველაზე მთავარია ზღაპრებსაც წერს. ანა ჭუმბურიძე , უკვე პირველი ზღაპრების წიგნის ავტორია. პატარა მეზღაპრეს დღეს ფართო აუდიტორიასთან პირველი  შეხვედრა ჰქონდა. ,,დღევანდელ დღეს მოუთმენლად და სიხარულით ელოდა. ეს იყო მისი პირველი შეხვედრა  ფართო აუდიტორიასთან. ძალიან თავისუფლად და აქტიურად გრძნობდა თავს. იმღერა, მოჰყვა ლექსები, ზღაპრები. დღევანდელი დღისთვის სპეციალურად დაწერა ზღაპარი. ძალიან მოეწონა სიტუაცია და კითხულობს  შემდეგი შეხვედრა ბავშვებთან როდის იქნებაო?“ - გვაიმბობს ანას ბებო, იზა ვეფხვაძე , რომელიც ამავდროულად რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატრული თეატრის დირექტორი , რეჟისორი და მსახიობი გახლავთ. ანას და ბავშვების შეხვედრა ა(ა)იპ ხელოვნების და კულტურის ცენტრის ინიციატივით, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, საბავშვო ბიბლიოთეკაში შედგა. ,,4 წლის იყო პირველად რომ მიამბო ზღაპარი ჭიანჭველაზე.ბაღში იის ფოთოლზე ჭიანჭველა უნახავს. მოვიდა და ძალიან ემოციურად შეთხზა ლამაზი ამბავი. ულამაზესი ზღაპარი იყო. მე ვუთხარი რომ ამ ლამაზ  ამბავს ჩავიწერდი. ის დღე იყო და დაიწყო ყოველდღე ულამაზესი  ამბების - ზღაპრების თხრობა და დაჟინებით მთხოვდა ჩამეწერა. ასე დაგროვდა ძალიან ბევრი ზღაპარი. ყველა ამბის ბოლოს, აუცილებლად აკეთებდა დიდაქტიკურ, თავისებურ დასკვნას თანატოლებისთვის. დიდხანს ვფიქრობით მე და ანას მშობლები გამოგვეცა თუ არა წიგნად, მეგობრების დაჟინებული თხოვნით გამოვეცით და მე მას სიყვარულის წიგნი დავარქვი“- გვიამბობს იზა ვეფხვაძე. წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პედაგოგი მაია მაღრაძე , მოსწავლეებთან ერთად ანასთან შესახვედრად სიხარულით ემზადებოდა. მაია მაღრაძე: ,, ულამაზესი დღე საბავშვო ბიბლიოთეკაში, რომელშიც წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. გიმნაზიის მე- 2 კლასის მოსწავლეები  ვმონაწილეობდით. ეს დღე ეძღვნებოდა ანა გოგოს ზღაპრების პრეზენტაციას. მადლობა საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლებს საინტერესო იდეისათვის, მადლობა ქალბატონ იზას უსაყვარლესი ანოსათვის და მადლობა თვით ანა ჭუმბურიძეს , საოცარ, ულამაზესსა და უნიჭიერეს გოგოს.              ანას შემოქმედება განმსჭვალულია სიკეთითა და ზნეობრივ- აღმზრდელობითი ხასიათის ზღაპრებით, რაც ნამდვილად კარგი ,,საკვებია ‘ მომავალი თაობისათვის. ანას შემოქმედება მოვლენაა, ვუსურვებ მას, უდიდეს წარმატებასა და იმ მწვერვალის დაპყრობას, სადაც ოქროს ასოებით აწერია სიტყვა ,, ბედნიერება”. ანას პატარა ლექსებზე მუსიკა დაწერეს დალი მერაბიშვილმა და კომპოზიტორმა მაყვალა ხორბალაძემ . ეს სიმღერებიც, ნოტებით, წიგნში შევიდა. ანას ყველა ზღაპრისთვის ძალიან ცნობილმა მხატვრებმა ექსკლუზიურად შექმნეს ნახატები.  ინგლისში მოღვაწე ქართველმა მთარგმნელმა,რომელიც   ანას ზღაპრებს  ინტერნეტში გამუდმებით უსმენდა, ზღაპრები ინგლისურ ენაზე თარგმნა.  წიგნის გარეკანი ზაალ სულაკაურმა დახატა. წიგნის თანადამფინანსებელია ქართველი ებრაელი, ოჯახის უახლოესი  მეგობარი ბატონი პაატა იოსებაშვილი.  ასე შეიქმნა უამრავი კეთილი ადამიანის სურვილით და სიყვარულით ანა გოგოს ზღაპრების წიგნი.      
სრულად