სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/dd_1.jpg

მიმდინარე წელს ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამის დასტურია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ისეთ სოფლებში, სადაც გზა არასდროს ყოფილა, თანამედროვე სტანდარტების გზები გაკეთდა. გარდა ამისა, აშენდა ახალი საბავშვო ბაღები, რეაბილიტირდა საჯარო სკოლები, გაზიფიცირდა რამდენიმე სოფელი და სხვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ  ხარაგაულის მერია მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება, რისთვისაც სხვადასხვა ფონდიდან თანხები უკვე გამოიყო და ზოგიერთ პროექტზე ტენდერებიც გამოცხადდა. უფრო დეტალურად, რა პრიორიტეტები შეიმუშავა მიმდინარე წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ამის შესახებ  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით დევდარიანი გვესაუბრება.

-მაქსიმალურად ვცდილობთ, პირველ რიგში, ის პროექტები განხორციელდეს, რომლებიც უშუალოდ მოსახლეობის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის ისეთ სოფლებში, სადაც რეაბილიტირებული  გზები არასდროს ყოფილა, დღეს უკვე მოსახლეობა  კეთილმოწყობილი გზებით სარგებლობს. თითქმის ყველა სოფელში ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი და ბევრი სასიკეთო ცვლილებებია ადგილობრივებისათვის. მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს  რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე 2 775 762 ლარი გამოეყო და დაგეგმილია 19 პროექტის განხორციელება. აქედან სამი პროექტი გარდამავალია, რომლებზეც სამუშაოები 2021 წელს დაიწყო. დანარჩენ 16-ზე, სამუშაოების შემსრულებლების გამოვლენის მიზნით, ტენდერები გამოცხადდა. ზოგიერთ მათგანზე ტენდერი უკვე დასრულებულია და შერჩევა-შეფასების პროცედურები მიმდინარეობს.  ხარაგაულის მერია, რეგიონული განვითარების ფონდიდან დამატებით თანხებს კვლავ მიიღებს და მიმდინარე წელს კიდევ მოგვეცემა ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.

-რის საფუძველზე ანიჭებს მუნიციპალიტეტის მერია პრიორიტეტს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს?

-პროექტების შერჩევა-შეფასებისას, პირველ რიგში, დიდი ყურადღება ექცევა ისეთ სოფლებს, სადაც კომპაქტური დასახლებაა და საგზაო ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. გარდა ამისა, პრიორიტეტების შერჩევისას ვხელმძღვანელობთ, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებით”.  ასევე საპროექტო წინადადებებისა და  დოკუმენ­ტაციის მომზადების შერჩევისას გათ­ვალისწინებულია შემდეგი კრიტერიუმები:

საპროექტო წინადადებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარების პროგრამასთან; ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა საპროექტო წინადადების შერჩევისა და განხორციელების პროცესში; მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხის ამაღლება ტრანსპორტის, ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის, საბინაო-კომუნალური მომსახურების სფეროებში.

გეტყვით, რომ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცენტრალური გზების უმრავლესობა რეაბილიტირებულია. ახლა კი შიდა საუბნო გზების მოწესრიგებაზე გვაქვს აქცენტი.

-რამდენად ხარისხიანად ასრულებენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები სამუშაოებს და გამოვლინდა თუ არა დარღვევის ფაქტები?

- შესრულებული სამუშაოების ხარისხი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენთან დაგეგმილი ყველა სამუშაოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ექსპერტიზა აქვს გავლილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაფინანსებას ვერ მიიღებს. სამუშაოს დაწყებიდან დასრულებამდე მას კონტროლს უწევს, როგორც ჩვენ მიერ დაქირავებული საზედამხედველო ორგანიზაცია, ასევე შესაბამისი სამსახურები და მერის ბრძანებით შექმნილი კონტროლის ჯგუფი. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სამუშაოების უხარისხოდ შესრულების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ძირითადი პრობლემა მაინც მეწარმეების მიერ გეგმა-გრაფიკის დარღვევაში გამოიხატება, რა დროსაც მათ მიმართ გამოიყენება კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები.

-როგორ ხდება დასრულებული პროექტების ჩაბარება და ვინაა პასუხისმგებელი მის ხარისხზე?

-50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებას ახორციელებენ საზედამხედველო კომპანიები, რომლებიც აკრედიტირებული არიან სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის” მიერ. მათ მიერ მომზადებული ექსპერტიზისა და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კონტროლის ჯგუფი საბოლოოდ ახორციელებს პროექტის შემოწმებას და აკეთებს შესაბამის დასკვნას. დადებითი დასკვნის საფუძველზე დგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. დასრულებული პროექტების ხარისხზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მერია.

-დაბა ხარაგაულში მიმდინარეობს წყალარინებისა და უწყვეტი წყალმომარაგების სამუშაოები. როდის იგეგმება ამ ორი მასშტაბური პროექტის დასრულება?

-მნიშვნელოვანია, რომ ამ  პროექტების დასრულების შემდეგ, ხარაგაულს ექნება 24-საათიანი და, რაც მთავარია, ხარისხიანი წყალმომარაგება, ასევე ახალი საკანალიზაციო სისტემა, რომელიც წლებია, პრობლემას წარმოადგენს  მუნიციპალიტეტში.  რაც შეეხება პროექტის დასრულებას, რამდენიმე ხნის წინ ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის, ინიციატივით, მოხდა შეხვედრა  სამუშაოების დამკვეთ შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ” ახალ ხელმძღვანელთან და შემსრულებელ კომპანიებთან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე პროექტი დასრულდება მარტის თვის განმავლობაში. ვინაიდან ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის (სოლომონ მეფის ქუჩა) გზის საფარის დაგება, პირველ ეტაპზე აღნიშნულ ქუჩაზე და მის მიმდებარედ მოეწყობა კანალიზაციის კოლექტორი, რათა გზის სამუშაოებს ხელი არ შეეშალოს. ვფიქრობ, ძალიან მალე შეგვეძლება, დაბა ხარაგაულის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია დავიწყოთ და მოქალაქეებმა კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლონ.

- მიმდინარე წელს, იგეგმება თუ არა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განხორციელება ?

-„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და მათივე გადაწყვეტილებით, თანხები ძირითადად მცირე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე  იხარჯება.

2021 წელს, პროგრამის ფარგლებში, 140 პროექტი განხორციელდა, მათ შორის, მოხდა  გზებისა და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, მოეწყო გარე განათება. საერთო ჯამში, პროგრამის ფარგლებში  890 000 ლარი დაიხარჯა, მათ შორის, ხარაგაულის მერიიდან თანადაფინანსების სახით - 193 000 ლარი.

რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც განხორციელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა”. ველოდებით მთავრობის განკარგულებას, თუ რა თანხას მიიღებს ამ მიმართულებით ხარაგაული, ახლო მომავალში გახდება ცნობილი. დაფინანსების მოსვლის შემდეგ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყობა შეხვედრები და მოსახლეობა თავად აირჩევს, რისი გაკეთება სურთ და რა არის მათთვის პრიორიტეტი.

-გვესაუბრეთ გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, რომელი სოფლების გაზიფიცირება იგეგმება მიმდინარე წელს?

-საქართველოში დასახლებული ტერიტორიების გაზიფიცირების სამუშაოები ხორციელდება მთავრობის მიერ გაწეული სუბსიდირებით, რაც განსაზღვრულია მთავრობის შესაბამისი განკარგულებით. ამ განკარგულების მიხედვით, 2022 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია: ღარიხევის, წიფის, ქროლის, კიცხის იგორეთისა და ლაშის იგორეთის გაზიფიცირება. რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, გაზის მაგისტრალის მოწყობა განხორციელდება ეტაპობრივად. ამჟამად ხარაგაულში ბუნებრივი აირით  დაბა, ბაზალეთი, ჩხერი, ჯაფაროული, თეთრაწყარო, ისლარი, ფარცხნალი, ახალსოფელი,  ლაშე და  კიცხი  სარგებლობს.

გაზის მაგისტრალის მოწყობა დასრულებულია ვარძიაში და  საქარიქედში, სადაც ბუნებრივი აირი მიმდინარე წელს ჩაირთვება.

-რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მერიამ რამდენიმე  წინადადება წარადგინა. რომელი პროექტები დაფინანსდა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში?

-საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში წარდგენილი პროექტებიდან დაფინანსდა ხუნევში საბავშვო ბაღის მშენებლობისა და დაბა ხარაგაულის მიმდებარედ „დევების” სკვერის რეაბილიტაცია. ხუნევში საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. „დევების” სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებზე კი გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც თებერვლის ბოლოს დამთავრდება. მიმდინარე წელს ასევე მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა სამი საპროექტო წინადადება: სოფელ მიროწმინდაში ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, დაბა ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქცია და ჩხერის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

-რა მდგომარეობაა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში. მიმდინარე წელს იგეგმება თუ არა მაღალმთიანი დასახლების ფონდიდან  თანხების გამოყოფა?

-ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად ეწყობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი ყურადღება ექცევა  მაღალმთიან  დასახლებებს და მაქსიმალურად  ხორციელდება ყველაფერი იმისათვის, რომ  მოსახლეობა სოფლად დამაგრდეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ეს სტატუსი ხუთ სოფელს აქვს მინიჭებული.

2021 წელს საკმაოდ მსხვილი პროექტები იქნა განხორციელებული გედსამანიასა და ზვარეში, რაზეც მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. წელსაც გვაქვს მზად რამდენიმე საპროექტო დოკუმენტაცია და იმედი მაქვს, ზოგიერთი მათგანის განხორციელების საშუალება მოგვეცემა.

- როგორც ვიცით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, კიცხი-ხიდრის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციოდ თანხები გამოეყო. როდის დაიწყება აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები?

- მას შემდეგ, რაც კიცხი-ხიდრის დამაკავშირებელი გზის გარკვეულ მონაკვეთზე, წყლის დინების ზემოქმედების შედეგად, განვითარდა მეწყერული პროცესები და მოძრაობა აღარ იყო უსაფრთხო, ჩვენ მიერ დაისახა სალიკვიდაციო ღონისძიებები. პირველ რიგში, მომზადდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ჩვენ მიერ განისაზღვრა საჭირო თანხა და სამხარეო ადმინისტრაციის შუამდგომლობით მოხდა ამ თანხის მოთხოვნა საქართველოს მთავრობის წინაშე.  პრობლემის მოგვარების საქმეში უშუალოდ იყო ჩართული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურმანაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე. მათი ძალისხმევის შედეგად მართლაც ოპერატიულად მოხდა სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან თანხის გამოყოფა. ამასთანავე, სამუშაოების შესრულების გამოვლენის მიზნით, გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც 23 თებერვალს დასრულდება. პროექტის ღირებულება 750 000 ლარია, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია რკი­ნა-ბეტონის საყრდენი კედლისა და დაზიანებული 87 მეტრი გზის მონაკვეთის მშენებლობა. ამასთან ერთად, გზაზე უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, დაზიანებული გზის მიმდებარედ მოეწყო ალტერნატიული დროებითი გზის მონაკვეთი.

- რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის მიწოდების საკითხი კვლავ აქტუალურია, რა ღონისძიებებს ატარებს ხარაგაულის მერია ამ მიმართულებით ?

-განსაკუთრებით ბოლო წლებში წყლის დებეტის კლებისა და მოხმარების მოთხოვნილების გაზრდის გამო, ბევრ სოფელში შეიქმნა წყალმომარაგების პრობლემა. გასულ წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში და მერიის მიერ განხორციელებული თანადაფინანსებით, 5 სოფელში მოეწყო ჭაბურღილი, ასევე თითქმის ყველა სოფლისთვის, მოთხოვნისა და საჭიროების მიხედვით, შეძენილ იქნა სხვადასხვა ზომის ავზები და წყლის მილები. საერთო ჯამში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისათვის 368 140 ათასი ლარი დაიხარჯა. არანაკლები თანხაა განსაზღვრული მიმდინარე წლის ბიუჯეტში, რომელიც წყლის სისტემის მოწესრიგებას მოხმარდება.

- გასულ წელს განხორციელდა წყალაფორეთის საჯარო სკოლის დემონტაჟი. იგეგმება თუ არა სკოლის ახალი შენობის აგება და რა ეტაპზეა ეს საკითხი ?

- გასულ წელს დაგეგმილი იყო სოფელ წყალაფორეთის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, თუმცა სამუშაოების წარმოების დროს შენობა იმდენად   დაზიანებული  აღმოჩნდა, რომ მისი აღდგენა არარენტაბელური იქნებოდა. ამჟამად სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის ადგილი შერჩეულია და მიმდინარეობს მოლაპარაკება მუნიციპალური განვითარების ფონდსა და მშენებელ კომპანიას შორის საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. წყალაფორეთს ახლო მომავალში აუცილებლად  ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა. ამ საკითხზე ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს. 

გეტყვით იმას, რომ განათლება ჩვენს საქმიანობაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ხარაგაულის საჯარო სკოლებს სარეაბილიტაციო სამუშაოები  სისტემატურად  უტარდებათ. ასევე, ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტში რამდენიმე ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა.

-და ბოლოს გკითხავთ, თუ რა ეტაპზეა ძირულა - ფონა - ჩუმათელეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები?

-ძირულა-ფონა-ჩუმათელეთის გზ­ის რეაბილიტაციის სამუშაოების მიზნით, ტენდერი გამოცხადებული იყო ორ ლოტად. ძირულა-ბაბის მიმდებარედ მუშაობს კომპანია „ბლექ სი გრუპი ”, რომელმაც სამუშაოების უმეტესი ნაწილი დაასრულა. დარჩა რამდენიმე პრობლემური მონაკვეთი, რომელთა რეაბილიტაცია ამჟამადაც მიმდინარეობს. რაც შეეხება გზის მეორე მონაკვეთს ბაბიდან-ჩუმათელეთამდე, კომპანიამ, რომელსაც ევალებოდა  გზის რეაბილიტაცია, ვერ უზრუნველყო თავისი მოვალეობების შესრულება და, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს მასთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები. ამ პროცედურების დასრულების შემდგომ თავიდან მოხდება სამუშაოების შესყიდვა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია და მოსახლეობას გადაადგილების მხრივ პრობლემები მოუგვარდეს. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლება  მუდმივ კომუნიკაციაშია შესაბამის სამინისტროებთან, რათა ეს პრობლემები  ახლო მომავალში აღმოიფხვრას.

 

ნანახია: 892 - ჯერ