თქვენთვის შეტყობინებაა - ხარაგაული ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართულ კამპანიას გამოეხმაურა
„კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ მხარდაჭერით ხარაგაული ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართულ კამპანიას გამოეხმაურა.
„თქვენთვის შეტყობინებაა" - ასეთი იყო კამპანიის სახელწოდება, რომლის მიზანიც ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებზე მოქალაქეების ინფორმირება გახლდათ.
შეხვედრა, 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, მერის თანაშემწის გენდერული თანასწორობის საკითხებში, ინგა ბერაძის ინიციატივითა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრა ხარაგაულის კინოთეატრში ჩატარდა და მასში მონაწილეობა, ხარაგაულის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, მშობლებმა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს.
კამპანიის ფარგლებში მოეწყო თეატრალიზებული მონოლოგები და დისკუსიები, რომელმაც თვალსაჩინო გახადა ის უარყოფითი შედეგები, რასაც ბავშვები საბავშვო ბაღში, სკოლაში, თუ ოჯახში განცდილი ძალადობის შედეგად იღებენ. ასევე, გაიმართა თემატური პერფორმანსი და გამოფენა.
თეატრალიზებული მონოლოგებისას საზოგადოების წარმომადგენლებმა მოუსმინეს სხვადასხვა პერსონაჟების (მასწავლებელი, ბაღის მეთოდისტი, მშობელი, ბავშვები) რეალურ ისტორიებს, რომლის შემდგომაც გაიმართა დისკუსია.
შეხვედრის მოდერატორები გახლდნენ ბავშვთა ძალადობის შემცირებისაკენ მიძღვნილი კამპანიის ,,თქვენთვის შეტყობინებაა“ კოორდინატორი ქუთაისში, ბავშვთა დაცვის სერვისების სუპერვაიზერი თინათინ ჭელიშვილი და ბექა ძოწენიძე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენელი, განათლების სამართლის მკვლევარი, სამართალმცოდნე.
შეხვედრაზე მრავალჯერ აღინიშნა ის ფაქტი, რომ ხარაგაული პირველი მუნიციპალიტეტია, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისკენ მიმართულ კამპანიას გამოეხმაურა და მზადაა ამ თემაზე ღიად ისაუბროს.
,,ძალიან კარგია , როდესაც მუნიციპალიტეტი და საჯარო სივრცე ღიაა სიახლეებისადმი, მზადაა საუბრისთვის, დისკუსიითვის, ამ ფონზე გამოწვევები, რომლებიც ნამდვილად არსებობს დაძლევადია ამბობს თინათინ ჭელიშვილი - ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირებისაკენ მიმართული კამპანიის ,,თქვენთვის შეტყობინებაა“ კოორდინატორი ქუთაისში, ბავშვთა დაცვის სერვისების სუპერვაიზერი. განსაკუთრებით აღასანიშნავია ის რომ შეხვედრაში მონაწილეობდა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, ბაგა ბაღის პედაგოგები, მეთოდისტები და დირექტორები. ძალიან ჯანსაღი დისკუსია მიმდინარეობდა, იყო ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი. ბავშვებმა წამოწიეს საკითხები ბულინგთან, ძალადობასთან და ასევე, თანასწორობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგები მოსწავლეებს აღიქვამდნენ თანასწორებად და მათი ურთიერთობა პატივისცემაზე იყო დაფუძნებული. ბავშვების მხრიდან წამოვიდა საჭიროება, რომ გამახვილდეს ყურადღება არაფორმალური განათლების მეთოდებზე. მნიშვნელოვანია სკოლებში გაკეთდეს კლუბები, ბავშვებმა თავად მოახდინონ იმ პრობლემების იდენტიფიცირება და რისკების შემცირება, რაც ბულინგს და ძალადობას უკავშირდება. თვითონ დაიწყონ ინფორმაციის მოძიება და ცნობიერების ამაღლება, როგორც ბავშვებში ისე მოზრდილებში თემის დონეზე, რაც ხელს შეუწყობს ბულინგის და ძალადობის პრევენციას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას მშობელთა კლუბები, რომლებიც პოზიტიური აღზრდის მეთოდებზე იქნება მიმართული.“
ბექა ძოწენიძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენელი, განათლების სამართლის მკვლევარი, სამართალმცოდნე.
„შეხვედრის მიზანი იყო, რომ მოსწავლესა და პედაგოგს და მშობელსა და პედაგოგს შორის სუბორდინაცია პოზიტიური გაგებით მოგვეშალა და მათ ღიად ესაუბრათ საკუთარი ინტერესების შესაბამისად, რაც ნამდვილად გამოგვივიდა ვინაიდან თითოეული ადამიანის როლი და თითოეული ინდივიდის სიტყვა იყო დაფასებული, მათ სრულიად ღიად შეეძლოთ დაეფიქსირებინათ ნებისმიერი პოზიცია განათლების საკითხებთნ დაკავშირებით, რაც გააკეთეს კიდეც, დისკუსიაში ჩართული იყვნენ, როგორც საჯარო სკოლის ისე კერძო სკოლის მოსწავლეები. პედაგოგები აფიქსირებდნენ იმ პრობლემატიკას, რაც სკოლაში მათი მხრიდან ჩანს და აღიქმება. დირექტორები, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები პრობლემების გადაჭრის გზებს გვათავაზობდნენ. ასეთი ტიპის შეხვედრის მიზანია რეალურ რეზულტატზე გავიდეთ და სკოლებში, თუ სხვა სივრცეში აღმოიფხვარს, როგორც ბულინგი და ისე სხვა სახის ჩაგვრა.“
ინგა ბერაძე ( მერის თანაშემწე გენდერული თანასწორობის საკითხებში) შეხვედრაზე დაისვა შეკითხვა, თუ რამდენად იცნობენ საჯარო სკოლები, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) დოკუმენტს, როგორც რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტები. აღინიშნა, რომ რეფერირებაში ჩართულ ყველა დაწესებულებასა და ორგანოს, რომელსაც შეხება აქვს ბავშვებთან, ან მათ ოჯახებთან, ან იმ გარემოსთან სადაც ბავშვი იმყოფება ევალება ძალადობის შემთხვევის გამოვლენა. სწორედ ამიტომ, ჩვენ შეხვედრაზე მოვიწვიეთ სოციალური მუშაკი. მნიშვნელოვანია საზოგადოებას ინფორმაცია ჰქონდეს იმ სერვისებზე, რომელსაც მას სახელმწიფო სთავაზობს და თვითონაც ჩართული იყოს მის განხორციელებაში.
ციური ჩუბინი ძე ( ხარაგაულის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკი) : - ოჯახური ძალადობის შემთხვევაში, სახელმწიფო სთავაზობს ბავშვს სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანას, ალტერნატიული ზრუნვის ფორმებს, რაც შეიძლება იყოს მინდობითი აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლი. ხარაგაულში ჩვენ ასეთი საჭიროება არ გვქონია. ძირითად შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი იქნა გამოტანილი სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ და, ოჯახში ძალადობის ყველა შემთხვევაში, ხარაგაულში ბავშვები დარჩნენ ბიოლოგიურ ოჯახებში, რა თქმა უნდა გაძლიერებული მონიტორინგის პირობებში.
სრულად