19 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს. ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებმა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აგვისტოს ბოლომდე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები წარმოადგინეს. კომისიის თავმჯდომარეებმა ვრცლად ისაუბრეს ამ ხნის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებსა, მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით გამოვლენილ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე.
სხდომაზე ასევე განიხილეს ,,ფიზიკური და კერძო იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც წარმოადგინა მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ.
ბიუროს წევრებმა ასევე იმსჯელეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით v დევდარიანის სახელის მინიჭების შესახებ.
აღნიშნული საკითხების შესახებ დეპუტატები ვრცლად 2 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.