17 მაისს გამართულ საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე, ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ამავე კომისიის თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ წარადგინა. მან ვრცლად ისაუბრა კომისიის მიერ შემუშავებულ ინიციატივებზე, რეკომენდაციებსა და განხილულ საკითხებზე.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში წარადგინა ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების
უფროსმა პეტრე შარიქაძემ.
ანგარიშთან დაკავშირებით ბიუროს წევრებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება.
საკრებულოს წევრი იუზა კელენჯერიძე დაინტერესდა რა ბედი ელის დაბის ჩიხების რეაბილიტაციას, ასევე სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლების მოწყობას, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა.
პეტრე შარიქაძის განმარტებით, კომპანიამ ვერ შეასრულა აღებული ვალდებულება და მას, სავარაუდოდ, ხელშეკრულება შეუწყდება, ხოლო აღნიშნულ პროექტზე ტენდერი თავიდან გამოცხადდება.
ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ წევრმა, ქეთევან ზუმბაძემ დაბა ხარაგაულში სკვერების რეაბილიტაციის საკითხზე ისაუბრა. დეპუტატის განმარტებით სკვერების რეაბილიტაციის პროექტი ჯერ არ დასრულებულა და ჩოხოსნების სკვერის კედლებიდან უკვე საღებავები ჩამოდის.
ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსის განცხადებით სკვერების რეაბილიტაციის პროექტი ჯერ ჩაბარებული არ არის და სკვერების მოწყობაზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.
ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ ფხალაძემ აღნიშნა, რომ მშენებელ კომპანიებს შესრულების ვადებში დარღვევები აქვთ, თუმცა ხელშეკრულებები არ უწყდებათ. „ხელშეკრულება მხოლოდ ერთ ინდმეწარმეს შეუწყდა და იმასაც გადავადებაზე განცხადება არ ჰქონდა შემოტანილი. ხომ შეიძლება, კანონის ფარგლებში, მკაცრი ზომები გატარდეს არაკეთილსინდისიერი მეწარმეების მიმართ, რომ მომავალში იგივე აღარ გაიმეორონ“- აღნიშნა დეპუტატმა.
დეპუტატ დავით კიკნაძის თქმით, 100 000 ლარი გამოიყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების მოსაწესრიგებლად, თუმცა ამ დრომდე ეს პროექტი არ განხორციელებულა, იგი დაინტერესდა ვინ იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტში, სად რა პროექტი უნდა განხორციელდეს. „ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა მოწესრიგდეს იმ ბინის ფასადი სადაც ყველაზე მეტად ეს პრობლემა დგას, ვხედავთ, რომ ერთი და იგივე ბინებს უტარდებათ სარეაბილიტაციო სამუშაოები “ - განმარტა დეპუტატმა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ხარვეზებით არის შესრულებული და დოკუმენტაცია კაბინეტებში დგება. მისი განცხადებით, პროექტი ინფრასტრუქტურის სამსახურმა კარგად უნდა შეისწავლოს და ხარვეზიანი პროექტი არ უნდა მიიღოს.
როგორც პეტრე შარიქაძე განმარტავს პროექტის დოკუმენტაციის მომზადების პროცესში დამპროექტებლებს შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი დაყვება და მომზადებული პროექტი საბოლოოდ ექსპერტიზას გადის.
ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, ანგარიშში აუცილებლად უნდა იყოს ასახული, თუ რის საფუძველზე ხდება ხელშეკრულებების გადავადებები, ასევე იგი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გაცემულ ავანსებზე. გარდა ამისა ანგარიშში ნაჩვენები უნდა იყოს გამოიყო თუ არა ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა რომელიმე ინფრასტრუქტურული პროექტის დასაფინანსებლად. ვარლამ ჭიპაშვილს აქვს ასევე კითხვა ა(ა)იპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“, რატომ ვერ უზრუნველყოფს გარე განათების სისტემის მოწესრიგებას.
სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო სოფლის მხარდაჭერის პროექტებზე სამუშაოები, ისინი დაინტერესდნენ რა მდგომარეობაა ამ კუთხით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
პეტრე შარიქაძის განცხადებით პროექტების მომზადება თითქმის დამთავრებულია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, ვადა 2 ივნისამდე აქვთ განსაზღვრული და პროექტების ჩაბარების შემდეგ სამუშაოები ინტენსიურად დაიწყება.
ბიუროს სხდომაზე ასევე მოუსმინეს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს, ჯაბა ბერაძეს, რომელმაც ხუთი საკითხი წარადგინა.
ჯაბა ბერაძის ინფორმაციით მუნიციპალიტეტს მერს ესაჭიროება საკრებულოს თანხმობა, რათა სოფელ მოლითში მდებარე 2 069 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ორი წლის ვადით, პირდაპირი განკარგვით გადაეცეს კომპანია „აკორდს“ გზის მეორე ლოტის(მოლითი-ფონა ) მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკის განსათავსებლად. კომპანია წლიურად 5 500 ლარს გადაიხდის ადგილობრივ ბიუჯეტში.
მან თანხმობა მოითხოვა ასვე სოფელ ხევში მდებარე 501 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობა 280 კვ.მ პირდაპირი განკარგვით, იჯარით, (აუქციონის გარეშე) ორი წლის ვადით კომპანია hinan bridge construqcion co. ltd-სთვის გადასაცემად. ჯაბა ბერაძის განმარტებით შენობა სარიტუალო დარბაზისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ამჟამად კარკასულ მდგომარეობაშია და არ მოიხმარს ადგილობრივი მაცხოვრებელი. კომპანია იჯარის სახით ყოველწლიურად 3 500 ლარს გადაიხდის.
ჯაბა ბერაძის ასევე განმარტა, როკ კომპანია „სილქნეტს“ ორი წლის ვადით პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით გადაეცემა ელექტრო საყრდენების ის ნაწილი, რაც კაბელის დასამაგრებლად არის საჭირო.
სხდომაზე ასევე განიხილეს:
1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე
2.. ხარაგაულის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირის „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-სთვის სარგებლობის უფლებით (უზურფრუქტი) არსებობის ვადით დაბა ხარაგაულში სოლომონ მეფის ქუჩაზე (რიყე) მდებარე, 6615 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.01.31.368) და მასზედ მდგარი შენობა-ნაგებობის N1-1798,83 კვ.მ ფართის გადასაცემად მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
მომხსენებელი: ჯაბა ბერაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე 3 ივნისის მორიგ სხდომაზე იმსჯელებს.