წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/hjkmvhnm.JPG

სოციალური მიმართულებით დაფინანსება 26 ათასი ლარით გაიზარდა

1 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის გახლდათ საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ. საკრებულოს წევრებს საბიუჯეტო ცვლილება სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების  განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ წარუდგინა.

საკითხების განხილვამდე,  ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ, თორნიკე ავალიშვილმა სასწრაფო წესით მოითხოვა გარკვევა თუ სად წავიდა მერიისთვის ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი 43 ათასი ლარი.  მისი განცხადებით: „თებერვალში მხარი არ დავუჭირეთ მერიისთვის ავტომობილის შეძენის საკითხს და  ერთობლივი გადაწყვეტილებით მერიას  საკითხი უკან დავუბრუნეთ, რათა  ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი - 43 ათასი ლარი  უფრო პრიორიტეტული საკითხის მოსაგვარებლად მიმართულიყო. ავტომობილის შეძენისთვის ბიუჯეტში იყო თანხა, ახლა ეს თანხა, რომ გადმოვიტანოთ სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეების ერთჯერად დახმარების პროგრამაში, რა უშლის ხელს?!. საკითხთან დაკავშირებით უკვე ერთი თვეა  წერილობით მივმართე მერიას, დღეს, გვეცნობა წერილობით, რომ თურმე საკითხს მერია ერთ თვეში განიხილავს. მოვითხოვ, დღესვე, გაირკვეს, სად წავიდა ის თანხა, რომელიც მერიისთვის ავტომობილის შეძენისთვის იყო განკუთვნილი“ - განაცხადა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

თორნიკე ავალიშვილის პოზიცია გაიზიარეს სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმაც და მას საკითხის დღის წესრიგში დამატებას დათანხმდნენ.

სოციალური მიმართულებით დაფინასების გაზრდასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა  მერის მოადგილემ, თემურ ჩხეიძემ: - „ სოციალური მიმართულებით დაფინანსება აუცილებლად გაიზრდება. ერთ თვეში უფრო  თვალსაჩინო იქნება თუ რომელი მიმართულებით არის პრიორიტეტული თანხების გაზრდა, სამედიცინო-გამოკვლევებისათვის თუ ერთჯერადი დახმარებებისთვის“.

საბოლოოდ, დეპუტატები და მერიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე სოციალურ პროგრამების დაფინანსება  26 ათასი ლარით გაიზრდებოდა, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მკურნალობისა და  ერთჯერადი დახმარების ხარჯების ქვეპროგრამაში  მიიმართება.

ნინო მაღლაკელიძის ინფორმაციით, საბიუჯეტო ცვლილება შეეხება და  საკუთარი სახსრების ნაშთიდან ბიუჯეტის ხარჯებში გადავა 27 700 ლარი. კერძოდ:

  1. 4000 ლარი - მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოთახების რემონტისათვის;
  2. 2800 ლარი-ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას - საკანალიზაციო სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის - მაღალი წნევის ტუმბოსა და მილების შესაძენად;
  3. 5300 ლარი - ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს - წაგებული სასამართლო დავის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადასახდელად;
  4. 8000 ლარი ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრს - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, კერძოდ უსინათლოთათვის, ბრაილის შრიფტით წერა-კითხვის სწავლებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის
  5. 7600 ლარი ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გამოეყოს მ.შ. 4000 ლარი C ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია-შიდსზე და ტუბერკულოზზე ინტეგრირებული სკრინინგის უზრუნველსაყოფად და 3600 ლარი სველი წერტილების მოსაწესრიგებლად.

ამავე სხდომაზე დეპუტატებმა, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ანგარიში მოისმიეს და დადებითად შეაფასეს.

ნანახია: 5609 - ჯერ