წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dtyhjufgchjfcghj.JPG

დეპუტატებმა 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს  საკრებულოს ბიუროსა და  საფინასო-საბიუჯეტო კომისიის სხდომებზე.  

იხ. დანართი

ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა  და სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ წარუდგინა საკრებულოს დეპუტატებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცხრა თვის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში  60,3 %-ით შესრულდა, დაგეგმილი 11 997 700 ლარის ნაცვლად მიღებულია 7 234 200 ლარი. შემოსულობების გეგმის შეუსრულებლობა გამოწვეულია რეგიონალური განვითარების ფონდიდან მისაღები თანხების გამო.

გადასახადების გეგმა მუნიციპალიტეტს შესრულებული აქვს 151, 1 %-ით. დაგეგმილი 295,5 ათასი ლარიდან მიღებული აქვს 447,9 ათასი ლარი.

გადასახდელების ნაწილში გეგმა შესრულებულია 58,8 %-თ. 

ანგარიშის გაცნობის შემდეგ დეპუტატებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ცხრა თვის შედეგების მიხედვით   47,2%-ით შესრულდა. ასევე ისაუბრეს ერთჯერად დახმარებებზე, რომელიც ბიუჯეტიდან მცირე თანხით დაფინანსდა.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პაატა გოგოლაძემ განმარტა, დაგეგმილი 12 383 000 ათასი ლარიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მხოლოდ 5 840, 7 ათასი ლარია გახარჯული. მისი განცხადებით, ბიუჯეტში შემოსულობები იზრდება, თუმცა ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მაჩვენებელი  დაბალია, რაც მოსახლეობის პროტესტს იწვევს.

დეპუტატ მალხაზ ფხალაძის განცხადებით, წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში  ინდმეწარმემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში ვერ მოახერხა ლახუნდარის გზაზე სამშენებლო სამუშაოების დასრულება. გზის დაგება მიატოვა და სამუშაოები სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში გააგრძელა. 

მაჟორიტარი დეპუტატის, დავით კიკნაძის განცხადებით, საღანძილის ხიდის რეაბილიტაციისათვის ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა. მისი აზრით, როდესაც ტენდერი ვერ შედგა და მასში მონაწილეობა არცერთმა მეწარმემ არ მიიღო, აუცილებელია სატენდერო პირობები შეიცვალოს.

ვერტყვიჭალის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატმა, ლენა აბაშიძემ ბჟინევის გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განმარტებით, თუ დროულად არ დაიწყება სამუშაოები პროექტის შესრულებას უამინდობა შეუშლის ხელს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით,  ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნანიტაშვილებისა და დევდარიანების უბნის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. მისი განმარტებით, ბაზალეთში გზების რეაბილიტაცია სტიქიის სალიკვიდაციო ფონდის დაფინანსებით უნდა განხორციელებულიყო, რისთვისაც თანხა  გასული წლის დეკემბერში ჩაერიცხა მუნიციპალიტეტს.

ვარლამ ჭიპაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ დაგეგმილი შემოსულობები არ შესრულდა ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლიდან,  ისევე როგორც არა ფინანსური აქტივების  კლებიდან.

ანგარიშის  დასასრულს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, რიგი მომსახურებების ტენდერის გზით შესყიდვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა საკრებულოს სხდომაზე გაგრძელდება.

 

ნანახია: 6346 - ჯერ