წარმატებილი პროექტები
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/fghjhjkhjljkl.JPG

ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში საკრებულომ დადებითად შეაფასა

1 ოქტომბერს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დეპუტატებმა მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში მოისმინეს. სხდომაზე საკითხი, ამავე სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარადგინა.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა საკუთარი შეხედულებები და შენიშვნები გამოთქვეს.
საკრებულოს წევრის, ინგა მაღრაძის განმარტებით ხშირია შემთხვევები, როცა მოქალაქეები წლების მანძილზე ფლობენ მიწის ნაკვეთს, მაგრამ საკუთრების რეგისტრაციას მაინც ვერ ახერხებენ. დეპუტატის აზრით, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურმა, საკრებულოს წევრებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად უნდა მოაწყოს შეხვედრა უფლებამოსილ პირებთან, რათა კანონში შევიდეს ცვლილებები და მოსახლეობამ კუთვნილი ქონება მარტივად დაირეგისტრიროს.
ჯაბა ბერაძის განმარტებით, მერიაში შექმნილი მიწის აღიარებითი კომისია სრული დატვირთვით მუშაობს და ამ დრომდე, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, ვინმეს მიწის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით პასუხი დაგვიანებით ან, საერთოდ არ მიეღო.
სხდომას ესწრებოდა სოფელ ანეულას მოსახლეობა, რომელთაც სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს. მოსახლეობის განცხადებით, რკინიგზის წარმომადგენლები განსახლების ზოლში მოყოლილ მოსახლეობას ქონებაზე ძალიან დაბალ თანხას სთავაზობენ და სახლებიდან იძულებით გამოყვანას პირდებიან. მათთვის შემაწუხებელია ასევე, აფეთქებების ხმა, რომელიც სახლებს აზიანებს და გარემოს აბინძურებს.
ეკონომიკის სამსახურის უფროსის, ჯაბა ბერაძის თქმით, სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები ადგილობრივ დონეზე ვერ გადაწყდება. „ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არაერთხელ ვიმყოფებოდით ანეულაში და ვისმენდით მოსახლეობის პრეტენზიებს. დავუკავშირდით სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რათა დამატებით მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება და განმეორებით შეისწავლონ სოფელში არსებული მდგომარეობა“ - აღნიშნა სამსახურის უფროსმა.
საკრებულოს წევრი ჯამბულ გამცემლიძე თვლის, რომ მოსახლეობის მხრიდან წამოჭრილი ეს ურთულესი პრობლემაა. ირღვევა ადამიანის უფლებები და ხდება ქონების ხელყოფა. დეპუტატის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს, დაუყონებლივ, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს, როგორც საკრებულოს, ისე მერიის მხრიდან.
სხდომაზე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში დადებითად შეაფასა საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ქონების მართვისა და ეკონომიკის კომისიამ, აღნიშნულთან დაკავშირებით დასკვნა კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ ფხალაძემ წარმოადგინა.
მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილმა, ეკონომიკის სამსახურის მუშაობა უარყოფითად შეაფასა. მისი განცხადებით სამსახურმა ვერ დაგეგმა მოსაკრებელი, ვერ მოახდინა მუნიციპალური ქონების აღრიცხვა და მოვლ- პატრონობა, რადგან დღემდე უპატრონოდ არის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში არსებული ტექნიკა და შენობა-ნაგებობები, რომლებიც დღითიდღე ნადგურდება. ვარლამ ჭიპაშვილმა ასევე კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ „ამფითეატრზე“ ისაუბრა, მისი აზრით მოხდა ვანდალური ფაქტი და რაც იყო ისიც განადგურდა. მიუხედავად საკრებულოს მხრიდან არაერთი მითითებისა, სამსახურმა ვერ უზრუნველყო ამფითეატრის მოვლა-პატრონობა, არც რაიმე სახის ღონისძიებები გაუტარებია.
ჯამბულ გამცემლიძის თქმით, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შემუშავებული მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმა.
საკრებულომ აღნიშნულ საკითხზე 10 წუთიანი შესვენება გამოაცხადა, თუმცა ანგარიში, საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით დადებითად შეფასდა.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახაბერ გოლუბიანმა დეპუტატებს საშტატო ნუსხაში შესატანი ცვლილებები გააცნო, მისი განმარტებით, მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურიდან უმცროსი სპეციალისტის შტატი გადაინაცვლებს კოორდინაციის განყოფილების კიცხის ადმინისტრაციული ერთეულში.
სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ (მომხს: ლენა კალანდაძე);
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/43 განკარგეულბაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე);
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის #50/44 განკარგეულბაში „„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ჯაბა ბერაძე);
4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 06 აგვისტოს N32 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი);
5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი);
6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 15 აგვისტოს N15 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი);
7. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ (მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი)
8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის # 12 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს: თეა ბერიძე) .

 

ნანახია: 5715 - ჯერ