დღეს ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის" ფარგლებში იმერეთის რეგიონალური პირველობა გეზრბენში, გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში გაიმართა.
სპორტულ ოლიმპიადაში დაბა ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა (პედაგოგი გოჩა ჭყოიძე).
დღესვე, იმერეთის რეგიონულ პირველობაზე გამგზავრებამდე ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ 2022-2023 წლების სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშების ფინალურ ეტაპზე გასულ დაბის მეორე და მესამე საჯარო სკოლის გუნდებს საჩუქრად სპორტული ფორმები გადასცა.
სასკოლო ოლიმპიადა ხარაგაულში ოქტომბრის თვეში დაიწყო და თამაშები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, კერძოდ: გეზრბენში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონში, ხელბურთში, კალათბურთში, მინი ფეხბურთსა და მხიარულ სტარტებში ჩატარდა.
საერთო ჯამში, სასკოლო - სპორტულ ოლიმპიადაში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, 16 საჯარო სკოლის 700-მდე მოსწავლე ჩაერთო.
თამაშები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ასევე, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით მიმდინარეობდა.