სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0798.JPG

ხარაგაულში ტაძრის მშენებლობის ფონდის საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა

26 იანვარს, ხარაგაულში, მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის ინიციატივით, საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა!  

საერთო ჯამში, საქველმოქმედო აქცია-კონცერტის ფარგლებში შემოწირულობის სახით შემოვიდა 24 450 ლარი.

ღონისძიება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და მასში ხარაგაულის შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ. სპეციალური მოწვევით ორი სიმღერა შეასრულა ასევე, ევროპაში სახელგანთქმულმა საოპერო მომღერალმა, წარმოშობით ხარაგაულელმა, მამუკა ლომიძემ.

კონცერტის მსვლელობის დროს მოკლედ მიმოიხილეს საკათედრო ტაძრის მშენებლობის ისტორია, რომელიც 10 წლის წინ დაიწყო. გაიხსენეს მშენებლობის ფონდის აწგარდაცვლილი ხელმძღვანელი ცეზარ ბუბულაშვილი.

დამსწრე საზოგადოებას და მსმენელებს ღონისძიების წამყვანებმა მიაწოდეს ინფორმაცია წლების განმავლობაში შემოწირულობების სტატისტიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ!

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკ ხაჩიძემ, რომლის ლოცვა-კურთხევითაც ჩატარდა აღნიშნული ღონისძიება, სხვადასხვა პერიოდში, ტაძრის მშენებლობაში აქტიურ მონაწილეებს სამადლობელი სიგელები გადასცა.

აქცია-კონცერტს ესწრებოდნენ მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მღვდელ-მონაზვნები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. ასევე, სპეციალურად ამ დღისთვის, თბილისიდან ჩამოსული სტუმრები და ხარაგაულელი ბიზნესმენები, რომლებმაც ტაძრის მშენებლობის ფონდში სოლიდური შემოწირულობები გაიღეს. 

 

ნანახია: 4599 - ჯერ