სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0470.JPG

მერის მრჩეველთა საბჭომ წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

დღეს, ხარაგაულის მერთან, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წლის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა.

სხდომაზე საბჭოს წევრებმა ნიკოლოზ თოფურიძესთან მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.

შეხვედრას მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, თემური თაბუკაშვილი ესწრებოდნენ.

საბჭოს მხრიდან საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა უპატრონო ძაღლების მომრავლება, გარე ფასადების რეაბილიტაცია, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება.
საბჭოს ერთ-ერთი წევრის, შოთა გოლუბიანის მხრიდან დაისვა „ცაშეკრულას“ კანიონის მოწესრიგების საკითხი. როგორც გოლუბიანი განმარტავს, კანიონში არის საყოფაცხოვრებო ნარჩენების სქელი ფენა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიფაროს მიწით.

სხდომაზე იმსჯელეს ასევე, დევების გამოქვაბულისა და ჩხერის ციხის მიმდებარე ტერიტორიების გარე განათებაზე.

ყურადღება გამახვილდა სამშენებლო მასალებისთვის განკუთვნილი ნაგავსაყრელის არარსებობაზე, რაზეც მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ განმარტა, რომ დაბაში შესაბამისი ტერიტორია ვერ მოიძებნა და ასეთი ადგილის მოძიება მუნიციპალურ ცენტრთან ახლოს მდებარე სოფლებში მოხდება.

ხარაგაულის მერმა მოისმინა ყველა დასმული საკითხისა და არსებული გამოწვევების შესახებ, რაზეც მრჩეველთა საბჭომ შეხვედრაზე იმსჯელა. მისი ინფორმაციით, მათგან გარკვეული საკითხები გათვალისწინებულია ბიუჯეტში, ნაწილს კი, შესაბამის სამსახურებთან ერთად გაივლის და მოგვარების გზებს დასახავს.

მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 2019 წლის დასწყისში ახალი შემადგენლობით შეიქმნა, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ ლალი სებისკვერაძე. საბჭო კი, 11 წევრისგან შედგება.

ნანახია: 5073 - ჯერ