სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0769.JPG

ხარაგაულში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო

ხარაგაულის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი და ამასთანავე, 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი მზადაა

დღეს ხარაგაულის მუნიციპაიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსთან, ვლადიმერ გელაშვილთან და სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი საჯარო განხილვის ფორმატში ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო. შეხვედრას მერის მრჩეველთა საბჭოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები დაესწრნენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი, 2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 452 200 ლარით გაიზარდა და 8 178 000 ლარით განისაზღვრა. (2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 7 725 800 ლარს შეადგენდა).

შეხედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. საზოგადოებამ დაასახელა რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი. იმსჯელეს დაბის იერსახის მოწესრიგებაზე, წყალანირების სისტემის მოწყობაზე, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაციაზე, მრავალბინიანი სახლების ფასადების და სადარბაზოების მოწესრიგებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა ასახვაც ეტაპობრივად მოხდება ადგილობრივ ბიუჯეტში.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა დეტალურად ისაუბრა ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯვით ნაწილზე.

ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ გასცა ინფორმაცია მერის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებზე, ასევე, განმარტა, რომ დაბა ხარაგაულის კეთილმოწყობა დაიწყება მას შემდეგ, რაც შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობა დასრულდება.

საუბარი შეეხო დაბაში მიმდინარე ინფრსტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც რიგი მიზეზების გამო შეჩერებულია. მერის ინფორმაციით, მიმდინარე წელს 15 არაკეთილსინდისიერ მეწარმეს შეუწყდა ხელშეკრულება, რაც იმის გარანტიაა, რომ ეს კომპანიები ტენდერებზე ვეღარ შემოვლენ. როგორც ნიკოლოზ თოფურიძემ განმარტა, დაბაში მიმდინარე პროექტები წლის ბოლომდე დასრულდება და შეფერხებისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ, ქონების გადასახადიდან შემოსულ გაზრდილ შემოსავლებზე ისაუბრა.

მერიის სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წელს პირველად მოხდა პროგრამულ ბიუჯეტზე მუშაობა და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

ბიუჯეტის წარდგენის და დამტკიცების ცირკულაცია:

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი და 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე წარედგინება საკრებულოს და ფინანსთა სამინისტროს. 16 ნოემბრიდან იწყება განხილვები საკრებულოს კომისიების ფორმატში, ხოლო 20 ნოემბრიდან ეწყობა საჯარო განხილვები სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
მუნიციპალიტეტის საკრებულომ შენიშვნების არსებობის შემთხვევაში პროექტი მერიაში 25 ნოემბრამდე უნდა დააბრუნოს. მერია ბიუჯეტის შესწორებულ ან იგივე ვარიანტს, საბოლოოდ, საკრებულოში 10 დეკემბრამდე აგზავნის.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 2019 წლის 20-28 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.

ნანახია: 4928 - ჯერ