სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/_DSC0776.JPG

ხარაგაულში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

სამამულო ომის დროს გარდაცვლილთა მემორიალი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, კობა ლურსმანაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკო. 

 ამავე დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში. ღონისძიებაზე შეკრებილმა საზოგადოებამ სამამულო ომის მონაწილეები გაიხსენეს, სკოლის მოსწავლეებმა კი ხარაგაულელი ომის ვეტერანის გიორგი (ჟორა) ბლუაშვილის ბიოგრაფიული მონაცემები და ოჯახის წევრებისადმი ფრონტიდან მისი გამოგზავნილი წერილები წაიკითხეს.

 ამჟამად, ხარაგაულში 7 ომის ვეტერანია, რომელთაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200-200 ლარი ჩაერიცხება.

სამამულო ომის მონაწილეები: ეკატერინე წიქარიშვილი, ვერა მასკოვცევა-არევაძე და გიორგი ბლუაშვილი მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ მოინახულა და  მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.  ომის მონაწილეებმა ომში გატარებული წლები გაიხსენეს და დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საბრძოლო ადგილები და ომში გატარებული წლები გაიხსენა ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა, ეკატერინე წიქარიშვილმა. „ახლაც, ამდენი წლის შემდეგ თვალებს დავხუჭავ თუ არა  ვხედავ, დაღუპულ ჯარისკაცებს, ქალებს, ბავშვებს, რომლებსაც ფეხით გადაადგილების დროს აქეთ-იქეთ ვწევდით. რომ მახსენდება რა გამოვიარეთ მიჭირს გააზრება, ხანდახან არ მჯერა. უკვე გერმანიის საზღვართან ვიყავით ომი რომ დამთავრდა“ - ასე იხსენებს მეორე მსოფლიო ომის დეტალებს ეკატერინე წიქარიშვილი.

 ქალბატონმა ეკატერინემ 5 წელი გაატარა ყველაზე სასტიკ და სისხლისმღვრელ ომში. 
იგი ქართველი მემანქანის სევალოდ წიქარიშვილის თანაშემწე იყო, რომელსაც ომის დამთვარების შემდეგ, 1946 წელს, 21 წლის ეკატერინე ცოლად გაჰყვა და ხარაგაულის სოფელ ლაშეში საცხოვრებლად ჩამოვიდა. 
73 წელია სოფელს არ მოშორებია, ახლაც არ მიყვება შვილებს ქალაქში. ჩემი და ჩემი მეუღლის აშენებულია ეს სახლი და მიყვარს აქაურობაო. 

ლენინგრადის ბლოკადი მონაწილე, ვერა მასკოვცევა-არევაძე 19 წლის იყო მეორე მსოფლიო ომში, რომ აღმოჩნდა, ის ახლა 97 წლისაა და 70 წელზე მეტია სოფელ  ვახანში ცხოვრობს.

ვერა ბებომ ყველაზე კარგად იცის მშვიდობის ფასი. ის ომის წლებს დიდი ტკივილით იხსენებს. „გადმოცემაც კი მიჭირს რა ხდებოდა, შიმშილით იხოცებოდა ხალხი. ჩემი ოჯახის წევრებიც შიმშილით მოკვდნენ. მომავალი მეუღლე, ვანო არევაძე, ომში გავიცანი, ერთმანეთი შეგვიყვარდა და ვახანში წამოვყევი“ - გვიყვება ვერა მასკოვცევა-არევაძე. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 კაცი გაიწვიეს, აქდან 2 704 მეომარი შინ აღარ დაბრუნებულა. 798 ადამიანი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით გმირული ბრძოლისთვის. 6 მათგანს კი საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
ხარაგაულიდან ომის ველზე წასული 19 მამა-შვილი უკან აღარ დაბრუნებულა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახიდან ომში 4-5 ძმას უწევდა წასვლა. ასე დაეცა ბრძოლის ველზე ხუთი ძმა კუპატაძეები - ვანიდან, ოთხი ძმა ავალიანები -სარგვეშიდან, ოთხი ძმა ტაბატაძეები - ხევიდან, ოთხი ძმა სახვაძეები ვერტყვიჭალიდან და სხვა.

ხარაგაულში ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წელს მხოლოდ 7 ომის ვეტერანია ცოცხალი. 

ნანახია: 2426 - ჯერ