სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/hjkvhmbn.JPG

ტრადიციული რეწვით დაინტერესებული პირებისთვის მარელისში ტრენინგი გაიმართა

22-23 აპრილს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის კოტეჯში, სოფელ მარელისში, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლებმა ტრადიციულ რეწვასთან დაკავშირებით ორდღიანი ტრენინგი გამართეს.

პროექტი, რომლის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა განავითაროს მცირე ბიზნესი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებითა და „USAID“ -ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის მიზანია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული თემების განვითარება, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და პროდუქტის შექმნის კუთხით და ადგილობრივების ჩართვა ტურიზმის ინდუსტრიაში.

ტრადიციული რეწვის პროდუქციის განვითარება, როგორ უნდა გაკეთდეს ბრენდინგი, შეფუთვა, პროდუქციის პოპულარიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე - ამ თემებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ორდღიანი ტრენინგი პროექტის ბენეფიციარებისთვის. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ რეწვით დაინტერესებული პირები, როგორც ფარცხნალიდან და მარელისიდან, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიდან.

საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლის, ნატა რობიტაშვილის ინფორმაციით, ბენეფიციარებთან ინდივიდუალური კონსულტაციები მაისის დასაწყისში გაიმართება. შემდეგ დაიგეგმება საინფორმაციო ტურები და დაიბეჭდება ბუკლეტები, იმისათვის რომ შექმნილი პროდუქტები გახდეს ცნობადი და ინფორმაციულად ხელმისაწვდომი პოტენციური მომხმარებლისთვის.

ნანახია: 5811 - ჯერ