სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dcghjmfcgbn.JPG

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მოსაპოვებლად რეგისტრაცია დაიწყო

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ნინო გურეშიძემ პედაგოგებთან შეხვედრა გამართა.

ქალბატონი ნინო  2018 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ათეული გამარჯვებულია. მან ხარაგაულის საჯარო სკოლების პედაგოგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და კონკურსთან დაკავშირებით ესაუბრა. ასევე გააცნო აპლიკაციის  შევსების წესები.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილეობის მსურველი მასწავლებლების რეგისტრაცია ვებგვერდზე www.tprize.ge 1-ლი მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს.

 2019 წელს  წინა წლისგან განსხვავებით მასწავლებლის წარდგენა არა მხოლოდ სკოლებს, არამედ ფიზიკურ პირებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებსაც შეეძლებათ.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” მფლობელი გახდება.

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, გენერალური სპონსორისგან, „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან გადაეცემა 10 000 ლარი.

ასევე ბაქსვუდის სკოლა გამარჯვებულ მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების ორკვირიან პროგრამას დაუფინანსებს. გიმნაზია „შავნაბადა“კი- სპეციალურ პრიზს საუკეთესო ხუთეულიდან ერთ-ერთ მასწავლებელს გადასცემს.

 „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე „ლიბერთი“ ბანკი, ტელეკომპანია „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კამპანიას 2019 წელს ასევე შეუერთდებიან ბაქსვუდის სკოლა და გიმნაზია „შავნაბადა”.

ნანახია: 6273 - ჯერ