სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/ghjvghjmvbnmbnm.JPG

კიცხში ახალი სკოლა აშენდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 22 მუნიციპალიტეტში, 27 სკოლის მშენებლობას იწყებს. მათ შორისაა ხარაგაულის სოფელ კიცხის საჯარო სკოლა, რომელიც უკვე არსებობის 150 წელს ითვლის.

შენობა წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და ძველი შენობის ადგილზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა სოფლის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხარაგაულის მერიასა და საგანმანათლებლო რესურცენტრთან ურთიერთთანამშრომლობით, ამ ეტაპზე, მშენებლობის დაწყებამდე, ტექნიკურ დეტალებსა და საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგებაზე მუშაობს. ფონდის დირექტორის, გიორგი შენგელაიას ინფორმაციით, სამშენებლო ტენდერების გამოცხადება თებერვლის თვიდან ეტაპობრივად დაიწყება. 

23 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ,  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, მარინე ვეფხვაძესთან ერთად, სოფელ კიცხში სკოლის მშენებლობისთვის გამოსაყოფი ფართი დაათვალიერა. მშენებლობა იმავე სკოლის ტერიტორიაზე იგეგმება.

კიცხის საჯარო სკოლაში, ამჟამად 90-მდე მოსწავლე სწავლობს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლების მშენებლობის პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება დაახლოებოთ 68 მილიონი ლარია.

 

 

 

 

 

 

ნანახია: 7002 - ჯერ