სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghdfghdfgh.JPG

ხელმისაწვდომი განათლება ყველასთვის

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კინოთეატრში არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო საზოგადოების განათლების ცენტრის“ წარმომადგენლებმა, ლანა მოწონელიძემ და ია კაშიამ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების დირექტორები და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების განათლების სისტემაში ჩართულობასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას ეხებოდა. მოზარდის პიროვნული განვითარებისათვის, სოციალიზაციისათვის და პროფესიული უნარების შესაძენად აუცილებელია მისი საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსის, ჯანმრთელობის, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა მდგომარეობისა. არასრულფასოვანი განათლება მოზარდს მრავალი რისკის წინაშე აყენებს. ხშირად ის ვერ ახერხებს საფრთხეების თავიდან არიდებას და  არასასურველი გავლენის ქვეშ ხვდება.

განათლების მიღმა ძირითადად ის   მოზარდები რჩებიან, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველთა ოჯახებიდან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ოჯახურ მეურნეობაში ჩართული, ქუჩაში მცხოვრები ბავშვები და ა.შ.

არსებობს სხვადასხვა სახის დაწესებულებები, დღისა და კრიზისული მომსახურების ცენტრები, მცირე საოჯახო სახლები, სადაც მზრუნველობის გარეშე დარჩენილ, სხვადასხვა სახის პრობლემების მქონე ბავშვებს იღებენ, თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ია კაშიამ განაცხადა, აღნიშნულ დაწესებულებებში არის რიგი პრობლემები. სახელმწიფო ცდილობს მათ 18 წლამდე პროფესია მისცეს, რადგან ამის შემდეგ ეს ადამიანები სახელმწიფო ზრუნვის გარეშე რჩებიან. არსებობს ახალგაზრდული სახლები, სადაც 21 წლამდე შესაძლებელია მათი ცხოვრება, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუმცა მათი რაოდენობა ძალიან მცირეა.

ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის დირექტორმა, ჰამლეტ ბერაძემ სკოლის ბაზაზე არსებული დღის ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია სახელმწიფომ გააძლიეროს ყურადღება მზრუნველობა მოკლებული მოზარდებისთვის შექმნას უკეთესი პირობები, რათა მათ შეძლონ სრულფასოვანი განათლების მიღება და საზოგადოებაში ინტეგრაცია.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს   საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა, რომლის ძალით ბავშვის განათლების უფლების დარღვევა კვალიფიცირდება მოზარდზე ძალადობად.

სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და რეაგირებაზე პასუხისმგებელი არიან შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სკოლები, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულებები, სამედიცინო სერვისების მიმწოდებლები და მუნიციპალიტეტის მერია.

საინფორმაციო კამპანიას აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ატარებს.

 

ნანახია: 4208 - ჯერ