სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/fgjhndxgh.JPG

დეპუტატებმა 9 თვის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს

დღეს საკრებულოს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს.

ანგარიში დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცხრა თვის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში  60,3 %-ით შესრულდა, დაგეგმილი 11 997 700 ლარის ნაცვლად მიღებულია - 7 234 200 ლარი. შემოსულობების გეგმის შეუსრულებლობა გამოწვეულია რეგიონული განვითარების ფონდიდან მისაღები თანხების გამო.

გადასახადების გეგმა მუნიციპალიტეტს შესრულებული აქვს 151, 1 %-ით. დაგეგმილი 295,5 ათასი ლარიდან მიღებული აქვს 447,9 ათასი ლარი.

გადასახდელების ნაწილში გეგმა შესრულებულია 58,8 %-თ. 

ანგარიშის გაცნობის შემდეგ დეპუტატებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მათი განცხადებით 2018 წელს დეგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, ამ ეტაპზე ნახევარიც არ არის განხორციელებული.  საკრებულოს წევრებმა ასევე, ერთჯერად დახმარებების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

საკრებულოს განთლების, კულტურის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, დავით კიკნაძის განმარტებით, მიმდინარე წელს ერთჯერად დახმარებებზე გაცემულია მხოლოდ-900 ლარი. მისი თქმით მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი ოჯახია, რომელსაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და მათთვის 100-150 ლარიანი ერთჯერადი დახმარება მნიშვნელოვანია. დავით კიკნაძის მოსაზრებას, ერთჯერად დახმარებების გაცემასთან დაკავშირებით, სხდომაზე მყოფი დეპუტატებიც იზიარებენ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი ბიუჯეტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გადაჭარბებით იყო დაგეგმილი ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლი, რომელიც ვერ შესრულდა,  ისევე როგორც ვერ შესრულდა-არა ფინანსური აქტივების  კლებიდან შემოსავლები.  ვარლამ ჭიპაშვილმა და გია თავზარაშვილმა ასევე შენიშვნები გამოთქვეს ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების დაბალ პროცენტულ მაჩვენებელზე.

ვარლამ ჭიპაშვილი აღნიშნავს, რომ  სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, გასული წლის დეკემბერში  მილიონ 700 ათასი ლარი გამოეყო და პროექტები ჯერ კიდევ არ არის მზად.  

სხდომაზე ეთიკის, იურდიული, სამანდატო და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა გამოთქვა ინიციატივა, რომ დეკემბერში მოწვეულ იქნას რიგგარეშე საკრებულო სხდომა, სადაც მოწვეული იქნება მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც დეპუტატებს ერთი წლის საქმიანობის ანგარიშს გააცნობს.   ოთარ ლურსმანაშვილის პოზიცია  საკრებულოს დეპუტატებმაც გაიზიარეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია მერს მოუსმინონ.

სხდომაზე ეკონომიკისა და  ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ჯაბა ბერაძის თქმით, მომავალი წლიდან დასუფთავების გადასახადი უნდა გადაიხადო დაბა ხარაგაულსა და იმ სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ, სადაც ნაგვის ბუნკერებია განთავსებული.

ერთ სულ მოსახლეზე, დასუფთავების ყოველთვიური გადასახადი იქნება-50 თეთრი.  ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახის ერთ წევრზე, გადასახადი -20 თეთრით განისაზღვრა.  აღსანიშნავია, რომ  ოთხი ან/და მეტ წევრიანი ოჯახები არ გადაიხდიან ორ ლარზე მეტს (სოციალურად დაუცველი ოჯახების შემთხვევაში-80 თეთრზე მეტს).

სხდომაზე  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა საშტატო ნუსხაში შესატან ცვლილებებზე წარადგინა საკითხი.

კახა გოლუბიანის განმარტებით, სამხედრო გაწვევისა და აღრიცხვის სამსახურიდან ერთი შტატი გამოთავისუფლდა, რომელიც უნდა გადავიდეს კოორდინაციის განყოფილებაში, კერძოდ მეოთხე რანგის უმცროსი სპეციალისტი დაინიშნება ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულში. 

  

ნანახია: 6252 - ჯერ