სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/fhgjfhkghjlkj.jpg

კიბოს სკრინინგ პროგრამაში  ხარაგაული აქტიურადაა ჩართული

საქართველოში ონკოლოგიური დაავადებები სიკვდილიანობის გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე სახელმწიფო არაერთ სკრინინგ პროგრამას ახორციელებს. მოქალაქეებს უტარდებათ უფასო გამოკვლევები, რითაც სიკვდილიანობის შემცირების მიღწევაა შესაძლებელი.

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს 4 კომპონენტს, ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით: ძუძუს კიბოს სკრინინგი-40-70 წლის ასაკის ქალებში 2 წლიანი ინტერვალით; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი -25-60 წლის ქალებში 3 წლიანი ინტერვალით; პროსტატის კიბოს სკრინინგი- 50-70 წლის მამაკაცებში წელიწადში ერთხელ; მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ორივე სქესის ბენეფიციარებში 2 წლიანი ინტერვალით. იმერეთის მასშტაბით პროგრამას  ახორციელებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრი, რომელშიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩართული. სისტემატურად ხდება  მოსახლეობის ინფორმირება და ჯგუფების გადაყვანა  ქუთაისში, „ევექსის“ ონკოლოგიურ კვლევით ცენტრში. აღსანიშნავია, რომ  ტრანსპორტირებისა  და  კვლევის ხარჯები ანაზღაურდება პროგრამის ფარგლებში. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან  თითქმის  ყოველ კვირას ხორციელდება ბენეფიციარების  გამოკვლევა, ამ ეტაპზე ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის (დირექტორი-შმაგი ხიჯაკაძე) ორგანიზებით  სკრინინგ პროგრამაში  300-მდე  ადამიანი ჩაერთო. ბენეფიციარების ინფორმირებას  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური ცენტრის თანამშრომელი ნანა ბერაძე უზრუნველყოფს.   

 

ნანახია: 8008 - ჯერ