სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/djhfhkgjhk.jpg

ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლე 2018“ საბა ებანოიძე გახდა

6 ნოემბერს ხარაგაულში ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა.
„ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე საბა ებანოიძე (76 ქულით) გახდა. მეორე ადგილი თეიმურაზ მაღლაკელიძემ (ზვარეს საჯარო სკოლა, მე-9 კლასი) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე სალომე რიკაძე (ბორითის საჯარო სკოლა, მე-11 კლასი) გავიდა. 
საგანმანათლებლო პროექტი ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა და მას პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
წელს ეტალონში 73 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც სკოლებში ჩატარებული ტესტირებების შედეგად შეირჩნენ. 
მნიშვნელოვანია, რომ წელს, პირველად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის, ინიციატივით პირველი სამი ადგილის მფლობელ მოსწავლეებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
როგორც ღონისძიებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ განაცხადა „ხარაგაულის ეტალონ მოსწავლეს“ - 800 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს - 600 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს - 500 ლარი გადაეცემა. 
შეჯიბრის გამარჯვებული „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ საბა ებანოიძე, 2019 წლის ივნისში, ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

გთავაზობთ ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს:

  1. ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე - საბა ებანოიძე, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეათე კლასი, 76 ქულა;
  2. თემიკო მაღლაკელიძე - ზვარეს საჯარო სკოლა, მეცხრე კლასი, 70 ქულა;
  3. სალომე რიკაძე - ბორითის საჯარო სკოლა, მეთერთმეტე კლასი, 69 ქულა;
  4. ნინო შველიძე - წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, მეთერთმეტე კლასი, 69 ქულა;
  5. დიანა ლომსაძე - ლაშის საჯარო სკოლა, მეთერთმეტე კლასი, 69 ქულა;
  6. მარიამ მანჯავიძე - წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, მეათე კლასი, 69 ქულა;
  7. ცოტნე თიკანაშვილი - ზვარეს საჯარო სკოლა, მეცხრე კლასი, 67 ქულა;
  8. ნანუკა წიწილაშვილი - ბორის საჯარო სკოლა, მეცხრე კლასი, 67 ქულა;
  9. ნიკა ძიძიგური - ლაშის საჯარო სკოლა, მეთერთმეტე კლასი, 64 ქულა.

გოჩა ტყეშელაშვილმა ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე  „2017-2018 სასწავლო წლის ხარაგაულის ეტალონ მოსწავლეს“, ლიზა ბარბაქაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ ხარაგაულის N2 საჯარო სკოლას კი - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.  

ინტელექტ-ჩემპიონატი შემოქმედებითი ნომრებით გააფორმა ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მომღერალ გოგონათა გუნდმა (პედაგოგი დარეჯან გვაძაბია).
ღონისძიებას ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არჩილ მაღრაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე, ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.

 

ნანახია: 6340 - ჯერ