სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfbvzcxbcxvb.JPG

ხარაგაულში ამერიკის ელჩი ელიზაბეთ რუდი იმყოფება

ხარაგაულში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის ელჩმა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, კობა ლურსმანაშვილთან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ისტორიულ მუზეუმში ფოტო-გამოფენა - „საქართველო და ქართველები ამერიკულ პრესაში“ დაათვალიერა. გამოფენაზე ამერიკაში რამაზ ბლუაშვილის მიერ მოპოვებული მასალებია წარმოდგენილი.

ამავე დღეს, ელიზაბეთ რუდი ხარაგაულის კინოთეატრში რამაზ ბლუაშვილის ფილმის -„სიმღერა“ ჩვენებას დაესწრო. ფილმი 1977 წელს ქართული პოლიფონიური სიმღერის -„ჩაკრულო“ კოსმოსში გაგზავნას ეძღვნება.

ამერიკის ელჩი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ხარაგაულმა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ელიზაბეთ რუდის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირადად გაეცნო ხარაგაულის კულტურულ ცხოვრებას.  

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ  მადლობა გადაუხადა ელიზაბეთ რუდს ხარაგაულში სტუმრობისთვის და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

დღის ბოლოს ამერიკის ელჩი სოფელ ნუნისში გაემგზავრება, სადაც ხვალ, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხარაგაულელი ახალგაზრდების მიერ  მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების შესახებ მომზადებულ პრეზენტაციას გაეცნობა.   

ამერიკის ელჩის ხარაგაულში ვიზიტის ინიციატორი გახლავთ ხარაგაულელი რამაზ ბლუაშვილი. ვიზიტის მხარდამჭერია ამერიკის საელჩო საქართველოში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია.

ნანახია: 5197 - ჯერ