სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/lld332.jpg

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე ზამთრის სეზონისთვის მზადების, მოქალაქეთა სოციალური საჭიროებების, მუნიციპალური პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის საკითხები განიხილა.

შეხვედრის მთავარი აქცენტი მოსახლეობის საჭიროებებზე დროულ რეაგირებას, მიზნობრივი დახმარების უზრუნველყოფასა და მიმდინარე სამუშაოების ეფექტიანად განხორციელებას დაეთმო.

ზამთრის სეზონისთვის მზადების ფარგლებში მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის ბოლომდე გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებისთვის 100 000 ლარის ღირებულების მომსახურება შეისყიდა. ხელშეკრულება უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკის დროულ მობილიზებასა და გზებზე შეუფერხებელი გადაადგილებისთვის აუცილებელი სამუშაოების შესრულებას.

მერმა განსაკუთრებული ყურადღება სოციალური მხარდაჭერის პროგრამებსა და მოქალაქეთა საჭიროებების ზუსტ იდენტიფიცირებაზე გაამახვილა. მერის წარმომადგენლებს დაევალათ, ადმინისტრაციულ ერთეულებში დეტალურად შეისწავლონ მოსახლეობის მდგომარეობა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შეშით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციარებს და გამოავლინონ ოჯახები, რომლებსაც ზამთრის პერიოდში დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. საჭიროებების რეალურობას სპეციალური კომისია შეისწავლის, ხოლო სათბობი შეშის შესაძენად ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებები კომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღება.

2026 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, მუნიციპალური სოციალური პროგრამებით 6 177 ბენეფიციარმა ისარგებლა, სოციალური მიმართულებით გაწეულმა ხარჯმა კი 3 684 937 ლარს გადააჭარბა. ამასთან, მუნიციპალიტეტი წელსაც განახორციელებს საახალწლო ფინანსური დახმარების პროგრამას, ხოლო სოციალური ბიუჯეტი 1 მილიონი ლარით გაიზრდება.

მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, დახმარება მაქსიმალურად ზუსტად იყოს მორგებული მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებზე, რათა არსებული რესურსები ეფექტიანად განაწილდეს და მხარდაჭერა პირველ რიგში იმ ოჯახებამდე მივიდეს, რომლებსაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა. მუნიციპალიტეტის 38 სოფელში გზის მონაკვეთებზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს 2027 წელს გათვალისწინებული სამუშაოების წინსწრებით დასრულება.

მერმა მერის წარმომადგენლებს მოსახლეობასთან აქტიური და უწყვეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა საჭიროებების ცოდნა, პრობლემებზე დროული რეაგირება და გადაწყვეტილებების სამართლიანად, მიზნობრივად მიღება მუშაობის მთავარი საფუძველია.

 

ნანახია: 10 - ჯერ