ლეღვანში, ქვიანთის უბანში, გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მერის წარმომადგენელ მერაბ შარიქაძესთან ერთად, სოფელ ლეღვანში, ქვიანთის უბანში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტი გადაადგილებისთვის რთულ მონაკვეთებზე გზის მოწესრიგებას ითვალისწინებს. რთული რელიეფის გამო, სამუშაოების ფარგლებში გარკვეულ მონაკვეთზე ახალი გზის გაჭრაც გახდა საჭირო. პროექტის დასრულების შემდეგ ქვიანთის უბანში 1 400 მეტრამდე გზის მონაკვეთი სრულად მოწესრიგებული იქნება.
პროექტის საერთო ღირებულება 519 099 ლარია. პირველი ეტაპის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 210 000 ლარს შეადგენდა, უკვე დასრულებულია. ამჟამად მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს და მათი დასრულება დაგეგმილ ვადაზე ადრე, მიმდინარე წელს მოხდება.
„ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას შევძლებდით და მიხარია, რომ ამ დაპირების შესრულების შესაძლებლობა გვაქვს.
კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ქვიანთის მოსახლეობისთვის. ხარაგაულის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, ბენეფიციართა რაოდენობასა და გზის მონაკვეთების სირთულეს. ჩვენი მიზანია, არსებული რესურსების ფარგლებში, ეტაპობრივად მოვაგვაროთ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები“, — განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის მიმართულებით დაგეგმილი სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. 39 პროექტიდან, რომლებიც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებდა, 37 დასრულებულია. მათ შორისაა გარდამავალი პროექტებიც, რომელთა დასრულებაც დაგეგმილ ვადაზე ადრე მოხერხდა.
მთელი წლის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მიმდინარეობას ადგილზე მონიტორინგს უწევდა მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის, უშუალო ხელმძღვანელობით.
ქვიანთის უბანში გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების პირობებს გააუმჯობესებს და გზის რთულ მონაკვეთებზე უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.