ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა მერის წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა.
პროექტებზე საუბრისას აღინიშნა, რომ 2026 წელს დაგეგმილია ათეულობით სოფელში ახალი გზების მოწყობა და არსებული გზების რეაბილიტაცია. ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, ასევე გაგრძელდება დაბაში საცხოვრებელი კორპუსების ეზოების და ფასადების რეაბილიტაცია, რაც ურბანული გარემოსა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
,,მუნიციპალიტეტმა იმუშავა პრიორიტეტებზე, გაიარა კონსულტაციები შესაბამის საკონსულტაციო საბჭოსთან და მომზადებულია პროექტები, რომლებიც უკვე დამტკიცებულია საკრებულოს მიერ. დაფინანსების მიღებისთანავე დაიწყება ტენდერების გამოცხადების პროცედურები“, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ.
მერის წარმომადგენლებმა ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად განიხილეს პროექტების დეტალები და მიიღეს შესაბამისი რეკომენდაციები. ყურადღება გამახვილდა იმ მიმართულებებზე, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს. შესაბამისი პროექტების შესყიდვა მერის პირველმა მოადგილემ ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს დაავალა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე დავით დევდარიანი და ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი პეტრე შარიქაძე.