სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1027.JPG

ღვერკსა და ხემაღალში ვითარებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სტიქიით დაზარალებულ სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი იმყოფებოდნენ.

მინისტრისა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მერთან ერთად, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნენ და მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზები განიხილეს.
მერმა აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა უკვე გაყვანილია უსაფრთხო ტერიტორიაზე.
იმ ოჯახებისთვის კი, რომლებიც გეოლოგების შეფასებით, სოფლის უსაფრთხო ნაწილში რჩებიან, მუნიციპალიტეტმა ალტერნატიული გზა გაჭრა. ყველა ოჯახი უზრუნველყოფილია წყლითა და ელექტროენერგიით,
უახლოეს პერიოდში დაინიშნება მუნიციპალური ტრანსპორტიც.
ტერიტორიაზე ამჟამად მუშაობს გეოლოგიური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს სიღრმისეულ და კომპლექსურ საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებს. აღნიშნული პროცესი მიზნად ისახავს ზუსტი, მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნების შემუშავებას, რომელთა საფუძველზე შემდგომი გადაწყვეტილებები მიიღება.
„ ჩვენი უპირველესი მიზანი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოება იყო. გადაუდებელი ზომები უკვე გატარებულია. ამჟამად ვმუშაობთ ეკომიგრაციის სტატუსის მინიჭებაზე და საჭიროებისამებრ კომპენსაციის მექანიზმების გააქტიურებაზე. ასევე ერთ-ერთ მიმართულებად განიხილება მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხო ზონის იდენტიფიცირება, სადაც, სახელმწიფოს ჩართულობით, შესაძლებელია ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებული არცერთი მოქალაქე არ დარჩება სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე.
„აუცილებლად მინდა აღვნიშნო ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა და ინფორმირებულობა – თითოეული მოქალაქის საჭიროება მათთვის ცნობილია. რთულ სიტუაციაში ვართ – ბუნებრივ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რაც პროცესების ზუსტ პროგნოზირებას ართულებს. მიუხედავად ამისა, ის რაც უკვე გაკეთდა – მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა, პირველადი საჭიროებების უზრუნველყოფა და დროებითი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება – მნიშვნელოვანი ნაბიჯებია. ვმუშაობთ ყველა შესაძლო სცენარზე. ჩვენი მიზანია, არცერთი მოქალაქე არ დარჩეს სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე.
შემდგომი ნაბიჯები სრულად დამოკიდებულია საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნებზე, რის შემდეგაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილებები – იქნება ეს ახალი საცხოვრებელი ადგილების შერჩევა, თუ ეკომიგრაციის დაწყება. ხელისუფლება სრულ კოორდინაციაში აგრძელებს მუშაობას მოქალაქეებთან, რათა გადაწყვეტილებები იყოს რაციონალური, პასუხისმგებლიანი და დროული”, - აღნიშნა ლევან ზაუტაშვილმა.
ნანახია: 129 - ჯერ