სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9288.JPG

ხარაგაულის მერმა თათბირზე სოფელ ღვერკსა და ხემაღალში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ვითარება, ინფრასტრუქტურული საჭიროებები და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები განიხილა.

ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, სოფელ ღვერკსა და ხემაღალში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ვითარება, ინფრასტრუქტურული საჭიროებები და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები განიხილა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მეწყერულ ზონაში ამ დროისთვის გეოლოგიური მონიტორინგის ქვეშ 50 ოჯახი იმყოფება, 30 ოჯახი უკვე გადაყვანილია უსაფრთხო ტერიტორიაზე, ხოლო 20 ოჯახზე დაკვირვება გრძელდება.
ხარაგაულის მერის განცხადებით, თითოეული ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი მხარდაჭერით, ქირით განსახლებით ან ალტერნატიული საცხოვრებლით.
შეხვედრაზე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა სტიქიის ზონაში განხორციელებულ გადაუდებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სოფელ ღვერკში რეაბილიტირდა შემოვლითი გზა, ხოლო ხემაღალის მიმართულებით დაგეგმილია 1.5 კმ-იანი ახალი გზის გაჭრა, რაც 9 ოჯახს მისასვლელს გაუმარტივებს. მდინარე ყარნების კალაპოტთან, სადაც პერიოდულად შეინიშნება მიწის მასის ცვენა, ჩატარებულია ტერიტორიის პრევენციული შესწავლა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
როგორც კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა რეგიონული განვითარების ფონდიდან დამატებით 5 პროექტის დაფინანსება მიიღო.
მერის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურა კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
„მთის ფონდიდან შესაძლო დაფინანსების ფარგლებში დაგეგმილია ზვარის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, რომელიც სამ სოფელსა და საკურორტო ზონას მოემსახურება. ასევე განიხილება სოფელ ბჟინევის ცენტრალური გზის მოწესრიგების საკითხიც“, - განაცხადა მერმა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საჯარო რეესტრის მიერ მიწის აზომვითი სამუშაოების მიმდინარეობაზე.
კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებს დაავალა, რომ იმ სოფლებში, სადაც აზომვები ჯერ არ დაწყებულა, ადგილობრივ მოსახლეობას დროულად მიაწოდონ ინფორმაცია, რათა პროცესი სწრაფად და შეუფერხებლად წარიმართოს.
ნანახია: 186 - ჯერ