ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზმა ლიტერატურულ საღამოს უმასპინძლა.
გაიმართა ხარაგაულელი პოეტის, მწერალთა კავშირის წევრის, იზოლდა ჭიპაშვილის მეხუთე პოეტური კრებულის – „ისლარის მზის ქვეშ“ – პრეზენტაცია.
პოეტმა ახალი წიგნი საყვარელ შვილს, ბექას მიუძღვნა. ლექსებში მკაფიოდ ჩანს ავტორის სიყვარული მშობლიური ხარაგაულის მიმართ – არაერთი ლექსი სწორედ ამ თემას ეძღვნება.
ღონისძიებას უძღვებოდა რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი, იზა ვეფხვაძე, რომელმაც გულწრფელად და სიღრმისეულად ისაუბრა პოეტის შემოქმედებით გზაზე და მის ადამიანურ ტკივილზე.
საღამოზე სიტყვით გამოვიდა ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა ჭიპაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ სულ ახლახან პოეტის ლექსზე დაიწერა სიმღერა ხარაგაულზე, რომელმაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ, მწერლები და პოეტები: მაია ხოფერია, ჯუბა ღებელი, თამაზ ჩადუნელი, ასევე წიგნის რედაქტორი ბელა ალანია, რომელმაც ავტორს "მედეა კახიძის სახელობის დიპლომი" გადასცა. ღონისძიებაზე განსაკუთრებული მადლიერება გამოითქვა ნოდარ კვანტალიანის მიმართ, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც კრებული გამოიცა.
საღამოს დასასრულს, პოეტის მეგობრებმა და სტუმრებმა ხმამაღლა წაიკითხეს კრებულიდან რამდენიმე ლექსი, რაც განსაკუთრებული ემოციური იყო თავად ავტორისთვის.