ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 200 სასაჩუქრე ამანათი მიიღო. ჰუმანიტარული ტვირთი უკვე ხარაგაულის მერიაშია დასაწყობებული და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფზე ეტაპობრივად გადანაწილდება.
ტვირთის ტრანსპორტირება მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო. დარიგების პროცესში დღეს ჩაერთვნენ მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი თეა ბერიძე, თანამშრომლები და წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელი ლალი ვაქერ-სებისკვერაძე.
პირველ ეტაპზე სასაჩუქრე ამანათები მოწყვლად ოჯახებს, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ბენეფიციარებს გადაეცემა. სასაჩუქრე ამანათები ასევე დაურიგდებათ სხვა სეგმენტ ჯგუფებს.
ხარაგაულის მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება უკვე სამი წელია წარმატებით თანამშრომლობენ.