9 აპრილის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხარაგაულში, სოფელ ბაზალეთში, 9 აპრილის გმირის, ელისო ჭიპაშვილის სახელობის სკვერის გახსნით დაიწყო.
ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სოფლის მოსახლეობასთან და ახალგაზრდებთან ერთად სკვერი სიმბოლურად , ტიტებით შეამკო.
36 წლის წინ ტრაგიკულ მოვლენებს 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ხარაგაულელი ელისო ჭიპაშვილი.
ელისო ჭიპაშვილი 25 წლის იყო, ის ფეხმძიმედ იმყოფებოდა. პროფესიით ექთანი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მოქალაქეების დასახმარებლად მივიდა. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ელისოს ოჯახს სახელმწიფო აღიარების უმაღლესი ფორმა — წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ხარაგაულში ერთ-ერთი ქუჩა ელისო ჭიპაშვილის სახელს ატარებს.