სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/siaxlis/IMG_7570.JPG

თეატრის საერთაშორისო დღე ხარაგაულში – „ბამბაზიის სამოთხე“ უფროსკლასელებისთვის

დღეს, 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების უფროსკლასელებისთვის სპექტაკლი „ბამბაზიის სამოთხე“ წარმოადგინა.

სპექტაკლის ჩვენება უკვე მეოთხე წელია, რაც თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინიციატივით ტარდება, ღონისძიების მიზანია, ახალგაზრდებმა გაითავისონ  თეატრის მნიშვნელობა და თეატრალური ხელოვნების გავლენა საზოგადოებაზე.

„ბამბაზიის სამოთხე“ ნინო სადღობელაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით 2024 წელს დაიდგა. სპექტაკლი აფხაზეთის ომის ტრაგედიასა და ომით განადგურებული შვილმკვდარი დედების ტკივილს, ურთიერთგაგებასა და მწუხარებას ეხება.

აღსანიშნავია, რომ ამ სპექტაკლმა 2024 წელს იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სამ ნომინაციაში გაიმარჯვა.

 რეჟისორი: ირინე ჩხეიძე; მხატვარი: გაიოზ შუბითიძე

მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ბათუ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, ლუიზა კიკნაძე, ვასილ კიკნაძე, დავით ჭყოიძე, გიორგი ჭიპაშვილი. მუსიკა: ანუშკა ჩხეიძე

 

ნანახია: 77 - ჯერ