მუნიციპალიტეტი სოფლების მხარდაჭერისთვის დამატებით რესურსს გამოყოფს.
მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
შეხვედრებისას მან ადგილობრივებს პროგრამის მიზნები და პრიორიტეტები განუმარტა, სოფლისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი გააცნო და მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა.
სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ბიუჯეტი 890,000 ლარია, თუმცა მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტი დამატებით 200,000 ლარს გამოყოფს, რათა სოფლებში დაგეგმილი პროექტები უფრო ეფექტურად განხორციელდეს.
შეხვედრებზე ინფრასტრუქტურული საჭიროებები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ადგილობრივებმა შიდა გზების ბეტონით მოპირკეთების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რაზეც განმარტდა, რომ მუნიციპალიტეტი გზების რეაბილიტაციას რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით, პრიორიტეტების გათვალისწინებით ახორციელებს და უზრუნველყოფს რომ ყველა სოფელში მნიშვნელოვანი პროექტები დაფინანსდეს და ეტაპობრივად დასრულდეს.
დღეს მიღებული გადაწყვეტილებები და დაგეგმილი პროექტები
მოლითი – წყაროს მოპირკეთება, სალოცავის შემოღობვა, წისქვილის შეკეთება, ამბულატორიისა და საბავშვო ბაღის შემოღობვა, გარე განათების ქსელის მოწყობა.
ნებოძირი – ჩიხებში გზების შეკეთება, გარე განათების ქსელის გაგრძელება.
ქვები – გზების შეკეთება, წყაროს კეთილმოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა.
ბაბი – გზის შეკეთება.
ჭარტალი – გზის შეკეთება ტექნიკით.
ბეჟათუბანი – გზის შეკეთება, "ბაქანისკენ" მიმავალი გზის რეაბილიტაცია.
ანიულა – წისქვილის რეაბილიტაცია, სასაფლაოს შემოღობვა.
დეისი – გზის შეკეთება, გარე განათების ქსელზე ლამპიონების დამატება.
მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებში, რაც ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროექტების ეფექტურ განხორციელებას უზრუნველყოფს.