უხვი ნალექის შედეგად ხარაგაულის რამდენიმე სოფელში ფერდობიდან ჩამოწოლილმა თოვლის და მიწის მასამ გადაადგილების პრობლემები შექმნა. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, დროულად ჩაერთო პროცესებში და უზრუნველყო ყველა საჭირო რესურსის მობილიზება.
მერის დავალებით, სამუშაოებს მერის მოადგილე, დავით დევდარიანი ხელმძღვანელობს.
გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სოფელ ნადაბურში თოვლის დიდმა მასამ ცენტრალური გზა ჩაკეტა, თუმცა ძლიერი ტექნიკის გამოყენებით გზა უკვე გაიხსნა. ახალსოფელში სპეციალური ტექნიკა ადგილზე მუშაობს, ხოლო იგორეთში, სადაც გადაადგილებისთვის ალტერნატიული გზა არსებობს, მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს, სადაც გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაში განხორციელდება.
დღესვე იგეგმება 5 ადმინისტრაციულ ერთეულში სასოფლო გზების გაწმენდა, სამუშაოები დღის განმავლობაში საჭიროების მიხედვით გაგრძელდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კოორდინირებული და ეფექტური რეაგირება, სტიქიის შედეგების დროულად აღმოფხვრის პარალელურად,
მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.