სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0095.JPG

გუგული მაღრაძეს საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა

,,ხარაგაულობა-2024" - ის გამორჩეული ნაწილი საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოება გახლდათ. საზეიმო ღონისძიება ხარაგაულის ცენტრალურ პარკში გაიმართა.

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას 12 საპატიო ხარაგაულელი წარუდგინა.

მერის ბრაძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის წოდება  პოლიტიკოსს, ქალბატონ გუგული მაღრაძეს მიენიჭა.

ქალბატონი გუგული, საქართველოს პარლამენტის  სამი მოწვევის წევრი გახლავთ. იგი არის ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი , კონფლიქტის ანალიზის და მართვის ინსტიტუტის დირექტორი.

დაამთავრა თსუ ფსიქოლოგიის , თსუ დასავლეთ ევროპის ენების და ლიტერატურის და  თსუ იურიდიული ფაკულტეტები. არის 100 მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში და სამართლის ინსტიტუტში, საქართველოს დავით აღმაშენებლის  უნივერსიტეტის პრორექტორად, თბილისის  ეკონომიკურ ურთიერთობათა ინსტიტუტის კათედრის გამგედ, თსუ სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის  გამგედ. ამჟამად ხელმძღვანელობს თსუ კონფლიქტოლოგიის მიმართულებას.  არის მსოფლიო მეცნიერთა  პრესტიჟული ფულბრაიტის პროგრამის სტიპენდიანტი. წლების მანძილზე მუშაობდა აშშ-ს  პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.

 საქართველოს პარლამენტში მისი ინიციატივით მიღებული იქნა  ქვეყნისთვის  საჭირო და მნიშვნელოვანი  არაერთი კანონი. მათ შორის აღსანიშნავია  კანონი „ თამბაქოს კონტროლის შესახებ,“ რომელმაც უმაღლესი  საერთაშორისო შეფასება მოიპოვა საქართველოს  პარლამენტის  მიერ  2016-2020 წლებში მიღებულ კანონებს შორის.

ქალბატონი გუგულის ფესვები ხარაგაულშია. სოფელ ლეღვანში ცხოვრობდნენ გუგული მაღრაძის ბებია ევანთი შარიქაძე დ ბაბუა პინეს მაღრაძე. ყოველ ზაფხულს ატარებდა ლეღვანში და ეს ბავშვობის შთაბეჭდილებები ყველაზე ცხოვლადაა შენახული მის მეხსიერებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მისი კავშირი ჩვენს მუნიციპალიტეტთან, რომელსაც იგი დღემდე აგრძელებს. გამორჩეულია მისი მუდმივი მხარდაჭერა ხარაგაულის კულტურულ-შემოქმედებითი ჯგუფების და ანსამბლების მიმართ.  იგი თავისი რესურსით ყოველთვის ცდილობს გააძლიეროს ის ჯგუფები, რომლებიც ხარაგაულის ფოლკლორს და ძველ ტრადიციებს ინარჩუნებენ.

კობა ლურსმანაშვილმა, საპატიო ხარაგაულელები საზოგადოებას რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელთან, იზა ვეფხვაძესთან ერთად,  წარუდგინა.

საპატიო ხარაგაულელები , ხარაგაულის მერმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ  მოადგილესთან, ლევან სანიკიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ირაკლი ქადაგიშვილთან, 2024 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრთან, ლადო ბოჟაძესთან და  მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე მელქისედეკთან  ერთად დააჯილდოვა.

ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ  თითოეულ საპატიო ხარაგაულელს!

 

 

ნანახია: 34 - ჯერ