სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/1.jpg

ხარაგაულის მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა დაიწყო

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის თანხა გაიზარდა და 210 000  ლარს შეადგენს.

ამ თანხით 2024 წელს მოქალაქეთა მიერ წარდგენილი მინიმუმ შვიდი საპროექტო წინადადება დაფინანსდება.

თუ გაქვთ იდეა და ხედვა რა შეიძლება გაკეთდეს თქვენს დასახლებაში, ეს პროექტი თქვენთვისაა. საპროექტო წინადადებების წარდგენა შეგიძლიათ  სპეციალური სააპლიკაციო ფორმა საშუალებით. დაწერეთ თქვენი საპროექტო იდეა, შემოიკრიბეთ თანამოაზრეები და იზრუნეთ თქვენი იდეის გამარჯვებაზე!

 

ხარაგაულის მერის ბრძანების საფუძველზე უკვე შეიქმნა მონაწილეობითი ბიუჯეტირების განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ხელმძღვანელობს.

 

ხარაგაულის მერია, მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეფექტურად ჩასატარებლად აქტიურ საინფორმაციო კამპანიას გეგმავს.  საინფორმაციო კამპანიას ხარაგაულის მერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (giz) მხარდაჭერით განახორციელებს. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით შეხვედრები ჩატარდება სოფლებში.

 

პირველი ეტაპი: საპროექტო წინადადებების წარდგენა

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, პროექტის სახით წარმოადგინოს საკუთარი იდეა, რომელიც მის ქალაქში, სოფელსა თუ თემში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის მოწყობას ითვალისწინებს.

საპროექტო წინადადების ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.

რა საკითხებზე შეგიძლიათ წინადადებების წარმოდგენა?

თქვენი საპროექტო იდეა ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მიმართულებით უნდა იყოს:

  • გამწვანება
  • გზის, ქუჩის მოწესრიგება
  • პარკის, სკვერის გაშენება-მოწესრიგება
  • სპორტული მოედნების მოწესრიგება/მშენებლობა
  • საბავშვო ატრაქციონების მოწყობა
  • ახალგაზრდული სივრცეების მოწყობა
  • კულტურის ობიექტების მოწყობა-მოწესრიგება
  • ქუჩის განათების მოწესრიგება
  • სხვა მსგავსი ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტები

დაინტერესებულმა პირებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინოთ 29 ივლისამდე.

როგორ უნდა წარმოადგინოთ საპროექტო წინადადებები?

საპროექტო წინადადების წარდგენა შეგიძლიათ ონლაინ.

  • განაცხადების შესავსებად მიმართეთ ვებგვერდს:kharagaulinews.gov.ge

 

სადაც განთავსდება საპროექტო განაცხადის ფორმა, რომელიც შეგიძლიათ შეავსოთ და თქვენი ინიციატივები ამ ფორმით წარმოადგინოთ.

საპროექტო განაცხადის ფორმა ასევე განთავსდება  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.

საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით.

საპროექტო ინიციატივების ჩაბარება მოქალაქეებს შეუძლიათ ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის: ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა 15

ადევნეთ თვალი ხარაგაულის მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდს და მიიღეთ ინფორმაცია პროგრამის განხორციელების თითოეულ ეტაპზე.

მეორე ეტაპი: საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა

მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა მოხდება, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის განსახორციელებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ.

კენჭისყრის ეტაპზე გადავა მხოლოდ ის განაცხადებები, რომლებიც საპროექტო წინადადებისთვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. 

               მესამე ეტაპი: საპროექტო წინადადებების კენჭისყრა

 

საპროექტო წინადადებების კენჭისყრა ჩატარდება ელექტრონულად.

როგორ მისცეთ ხმა თქვენს რჩეულ საპროექტო წინადადებას? 

კენჭისყრის ეტაპზე უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე - kharagauli.gov.ge, ან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზესადაც განთავსებული იქნება კენჭისყრის ბმული. აღნიშნულ ბმულზე დაჭერის შემდეგ თქვენ გადახვალთ კენჭისყრის ფორმაზე.

კენჭისყრა ჩატარდება 5 აგვისტოდან 19 აგვისტომდე და გაიმარჯვებს ის 7 საპროექტო წინადადება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

გამარჯვებული პროექტები დაფინანსდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან.  

ერთად ვიზრუნოთ ხარაგაულის განვითარებაზე!

ველოდებით თქვენს ინიციატივებს!

ჩვენ ვიწყებთ თქვენთან ერთად !

 

ნანახია: 114 - ჯერ