სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/406922909_839517904539676_1609898405508652616_n.jpg

ხარაგაული გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილ კამპანიას სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდა

ხარაგაულის მერია „გაანარინჯისფრე სამყარო, დაასრულე ქალთა მიმართ ძალადობა ახლა!“ — ამ გზავნილით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა.

ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართა.

ღონისძიებები საბჭოს წევრებთან ერთად , გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, დავით კიკნაძის და მერის თანაშემწის გენდერული თანასწორობის საკითხებში, ჟანა  ნემსაძის ხელმძღვანელობით დაიგეგმა.

ძალადობის დამგმობი შინაასის პლაკატებითა და სლოგანით ხარაგაულის ქუჩებში გენდერული საბჭოს წევრებმა ახალგაზრდებთან ერთად მსვლელობა მოაწყვეს.

ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში,  სოფელ ხიდარში მცხოვრებ, 74 წლის თვითნასწავლი მხატვრის, ლელი ბერაძის,  ნახატების გამოფენა მოეწყო.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხარაგაულის საბავშვო ბაღებში მისულ პატარებს აღმზრდელებად მამაკაცები დახვდათ.

აღსაზრდელების მამები, ბიძები და ბაბუები სასწავლო პროცესში  ჩაერთვნენ და სხვადასხვა  როლი მოირგეს, წაიკითხეს ბავშვებს ზღაპრები, მოამზადეს სადილი და  ბავშვებთან ერთად ითამაშეს.

“წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრსა” და ხარაგაულის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე,  ესწრებოდნენ ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

მემორანდუმი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გენდერული და ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და გოგონების თანადგომას და მათთვის ფსიქოსოციალური სერვისების მიწოდებას ითვალისწინებს.

შეხვედრის თემა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის გამოხმაურებას ისახავდა მიზნად და ძალადობის ფორმების, სახეებისა და ძალადობის ნიშნების ამოცნობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.

წელს აქტივიზმის მთავარი აქცენტი ერთიანობაა.16-დღიანი აქტივიზმი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ დუმილის დასარღვევად, იმ ქალების მხარდაჭერა, რომლებსაც ძალადობა გამოუცდიათ, ძალიან მნიშვნელოვანია.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს.

ნანახია: 365 - ჯერ