სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/375952705_6989175334446662_8246356910830091994_n_1.jpg

,,ოდეონი“ - სპარტაკ ლაცაბიძის საკონკურსო ნამუშევარი საუკეთესო სამეულშია

 

ხარაგაულელი პოეტის, მერის წარმომადგენლის მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სპარტაკ ლაცაბიძის საკონკურსო ნამუშევარი ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო სამეულში მოხვდა.

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით და ძალისხმევით ტრადიციული  ლიტერატურული კონკურსი  ,,ოდეონი“ წელს მე-14 გაიმართა. კონკურსში 17 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას.

სპარტაკ ლაცაბიძე:

,,ოდეონში მესამედ მივიღე მონაწილეობა.  ისე შევეჩვიე ამ კონკურსს, რომ არ აქვს მნიშვნელობა საპრიზო ადგილს მოვიპოვებ თუარა, ეს დღე  დღესასწაულივითაა ჩემთვის.

 ქალბატონი იზა ისეთ გარემოს შემოგვთავაზებს ხოლმე, რომ უკვე ჯილდო და საჩუქარია იქ ყოფნა,ასევე ველი ახალი ნიჭიერი საზოგადოების გაცნობას და საინტერესო თემას.

ძალიან მაგარი პროექტია და ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა ქალბატონ იზას, მამუკა ჭიპაშვილს და ჟიურის გაწეული საპასუხისმგებლო შრომისთვის.”

ლიტერატურულ კონკურს " ოდეონის " მესამე ადგილის მფლობელ __ სპარტაკ ლაცაბიძის ნამუშევარი

 

სამრეკლო

მზის სხივმა მთებს შუა,შეაღო კარები,

დრო მოდგა,ნისლები ზეცისკენ გარეკოს,

იღვიძებს და სოფელს აღვიძებს ზარები,

იღვიძებს დიდებით,ლოცვის ხმა სამრეკლოს.

რეკავს და ფიქრები წარსულზე მოება,

(შრებიან ფრესკები,გუმბათზე ნახატი)

უნახავს ნაცრამდე დასული დროება

და ისევ აღმდგარი ტაძართა ღაღადი.

ყოფილა უძილო ღამეთა ამტანი,

ყოფილა სოფლისთვის ხმალი და ქარქაში,

მრავალჟამს დაღლილი ჰქონია ცხრათვალი

და ქვეყნის ბედისთვის გაჰქონდა განგაში.

მტერი თუ უნახავს წარსულში პირისპირ,

დღეს ,,თეთრი ძაფით'' ჩანს სიავე ნაკერი,

იცის რომ განზრახვას ფარულად ირიბის,

დახვდება ჯვარით და ლოცვანით კანკელი.

სურს ცოდვილს გაუხსნას უფლისკენ სამანი,

სურს ლოცვა_ვედრება ზეცამდე არეკლოს

და ღმერთს და კაცს შორის კვლავ შუამავალი,

მოუხმობს სინანულს ტაძარში სამრეკლო.

ზარის ხმა ედება,მინდვრებს და ქვაფენილს,

ღვთის მადლის ლოცვით და გალობით მომფენი

და ლოცვას აისზე მრევლისთვის გაფენილს,

დუმილში პირჯვარით პასუხობს სოფელი.

მზის სხივმა მთებს შუა შეაღო კარები,

დრო მოდგა,ნისლები ზეცისკენ გარეკოს,

იღვიძებს და სოფელს აღვიძებს ზარები,

იღვიძებს დიდებით,ლოცვის ხმა სამრეკლოს.

 

ლიტერატურული კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ლინა ბარათაშვილი, იზა ბუაჩიძე – პედაგოგი, ფილოლოგი, მარინე ვეფხვაძე – ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ეკა მელქაძე – ისტორიკოსი, კიცხის საჯარო სკოლის პედაგოგი, ვალერი გოგნაძე – პოეტი.

 

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით,   ლიტერატურული თეატრის დიდი მეგობარის,  ღირსეული ხარაგაულელის დახმარებით და თანადგომით  ოდეონელთა ნაშრომები წიგნად გამოიცემა.

 

ნანახია: 930 - ჯერ