სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/375982706_6989171614447034_1850972158653158025_n.jpg

,,ოდეონი“ - ქეთი შარიქაძემ საკონკურსო ნამუშევარი საყვარელი მასწავლებლის ხსოვნას მიუძღვნა

ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომელი, ქეთი შარიქაძე ლიტერატურულ კონკურსში ,,ოდეონი“ წელს პირველად ჩაერთო და ჟიურის გადაწყვეტილებით, მისი პროზაული ნამუშევარი მეორე მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

ქეთი შარიქაძე:  ,,ვწერდი ხშირად, სტუდენტობის დროს სასწავლებელში კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა და საჩუქრად თეატრის ბილეთები გვაჩუქეს, (სამმა გოგომ გავიმარჯვეთ). ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი თეატრში.

რაც შეეხება ოდეონს, ეს ჩემი დებიუტი იყო, ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად ვადევნებდი თვალს და სულ მინდოდა მონაწილეობის მიღება, მაგრამ ყოველთვის რაღაც მიშლიდა ხელს, წელს მოვინდომე, ქალბატონმა იზამაც ბიძგი მომცა და ასე გავხდი იმ დიდი ბედნიერების ზიარი, რასაც ქვია იყო ,,ოდეონელი". ძალიან ლამაზი დღე იყო, ულამაზესი გარემო, ღვთიური მადლით შემოსილი მასპინძელი, უსაყვარლესი მონაწილეები, ვეფერები თითოეულ მათგანს.  მე ვარ ძალიან ბედნიერი არა იმიტომ, რომ მეორე ადგილი მხვდა წილად, არამედ, იმიტომ რომ გავხდი იმ ადამიანური ღირებულებების თანაზიარი, რომელიც ,,ოდეონს"ახასიათებს.

როდესაც გამოცხადდა თემა ,,სამრეკლო" მაშინვე ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩემი ენდი მასწავლებლის სახე დამიდგა თვალწინ და სხვა რამეზე აღარც მიფიქრია, ასე დაიბადა ეს პატარა მოთხრობა,

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ჩემი სიხარული გაიზიარა, არც კი მიფიქრია, რომ საზოგადოებაში ასეთ ემოციას გამოიწვევდა, მადლობა ყველას!“

გთავაზობთ,  გამარჯვებულ საკონკურსო ნამუშევარს

სამრეკლო             

     (ეძღვნება ჩემს საყვარელ ,აწ გარდაცვლილ პედაგოგს ენდი ბუაჩიძეს)

            თავის შექმნილ პატარა სამოთხეში იჯდა მარტოობისაგან დაღლილი,ფიქრობდა....ფიქრობდა თავის განვლილ ცხოვრებაზე....

         კინოკადრებივით ენაცვლებოდნენ წარსულის ლანდები ერთმანეთს,სახეზე ხან ღიმილი,ხანაც ნისლი ეფინებოდა,იჯდა მდუმარედ ცხოვრებისაგან დაღლილი ქალი,ფიქრობდა...

 ...... ფიქრობდა....ფიქრობდა უსაშველოდ....ეჰ ! ......

               იქნებ ნანობდა კიდეც მარტოობით გათანგულ წლებს, იქნებ არც ნანობდა ,მასთან ხომ განუყრელად იყვნენ ვერშელეული წიგნები, საყვარელი პროფესია, თვალციმციმა გოგო-ბიჭები, რომლებსაც უცილობლოდ დეკავებინათ მის სათუთ გულში, გამორჩეული ადგილი. ქალის ცხოვრების მთავარ სიხარულს ხომ მისი აღზრდილების წარმატება განაპირობებდა.

              წამოდგა ...  ,,_ ჩემს საყვარელ ადგილს მოვეფერები,  ვიდრე შემიძლია,ხვალინდელი დღე შეიძლება აღარც დადგეს .’’

        ნელი, მძიმე ნაბიჯებით გაილანდა ეზოდან .

     ,,_ კარგია რომ აქვე  ხარ, ჩემთან ახლოს , ჩემო სულის სავანევ“! _მიესიყვარულა ტაძრის გალავანს. ბაჩუნით ჩამოუარა საყვარელი ადამიანების სამუდამო განსასვენებელს, ხავსმოდებული საფლავის ქვებს მიეალერსა.  ეჩურჩულა, უკვე ,ბევრჯერ ნათქვამ-ნაამბობი,  გულათთრთოლებული  მიუახლოვდა დიდებული პოეტის დარგულ ხეს, ვინ იცის ბოლოჯერ,.. ჩაიმუხლა,  დაკოცნა გენიის ნატერფალები, გალეული ხელებით მიეფერა, მიესიყვარულა, გაახსენა პოეტის მარგალიტები, რომლებიც ესოდენ უხვად იღვრებოდა ქალის ბაგეთაგან.  ,,_რა დიდებული პოეტია, როგორი გენია, როგორ არ დააფასეს ,ასე გვჩვევია ქართველებს .“

           კიდევ ერთხელ ახედა დიდებულ ხეს ,თითქოს ამას ელოდაო ისიც, ფოთლების შრიალით შეირხა, მოეჩვენა, რომ ტოტებს უხრიდა, იქნებ არც მოეჩვენა,იქნებ ხეც გრძნობდა, რომ ეს მათი ბოლო შეხვედრა იყო..,  რომ მისი ერთგული მეგობარი, მესაიდუმლე, მთელი ამ წლების განმავლობაში, ბოლოჯერ ეფერებოდა მის სიბერეშეპარულ ,მაგრამ ჯერ კიდევ ამაყად მდგარ ღირსეულ ,,მეგობარს“.

           ტაძრისაკენ შებრუნდა.. სამრეკლოს მიაპყრო თვალი: ,,_ჩემი საყვარელი ადგილი, ჩემი ბავშვობა, ჩემი ფიქრთნავსაყუდელი, უნდა ავიდე, უნდა შევძლო , ამ ერთხელაც, უკანასკნელად...“

      ტაძარში შევიდა , სანთელი დაუნთო დედაღვთისმშობელს ,შენდობა ითხოვა, უფალს ჯერ სამშობლო , შემდეგ კი თავისი ეული სული შეავედრა .

       სამრეკლოზე ასასვლელი კიბე ტაძრის შიგნით იყო მოთავსებული . ხის , დროთა- სვლისაგან  დაძველებული , ადგილ-ადგილ მოაჯირის გარეშე დარჩენილი. თვალი შეავლო :  ,,_ უნდა ავიდე , მე ამას შევძლებ“ _გაიფიქრა და ნელა აუყვა კიბეს, ყოველი საფეხურის შემდეგ ჩერდებოდა... თანდათან ისეთი სიმსუბუქე იგრძნო, თითქოსდა ცოტა ხნის წინ მძიმე , დაღლილი ნაბიჯებით არ მოაბიჯებდა ტაძრისკენ .

        ავიდა.....

     შვებისა და სიამის ღიმილმა გაუნათა  დაღლილი სახე. ისეთი განცდით გააბიჯა სამრეკლოზე თითქოს პირველად იყო აქ , ისე აუთრთოლდა გული როგორც მაშინ , ყმაწვილქალობაში ....მასთან ერთად რომ იდგა,  სამწუხაროდ არ შედგა მათი ერთობა და ათეული წლებია ღირსეულად უმკლავდება მარტოობას.

       იდგა გარინდული, შეჰყურებდა სამრეკლოზე დაცქერებულ , მადლის შარავანდედით შემოსილ მთას და თანდათან ეუფლებოდა ნაცნობი , მივიწყებული ბედნიერებისა და სიმშვიდის განცდა...

            თითქოს ჯანდაბაში მოისროლა სულს მოდებული სიმარტოვე , არასოდეს განცდილი საოცარი სიმსუბუქე იგრძნო და მიხვდა, რომ მარტო აღარ იყო . მან , სწორედ აქ ,სამრეკლოზე,  თავის საყვარელ ადგილას, მადლით მოსილ საუფლოში ,სიცოცხლის ბოლო დღეებში, საკუთარ გულში დაკარგული ღმერთი იპოვა !...

 

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით და ძალისხმევით ტრადიციული  ლიტერატურული კონკურსი  ,,ოდეონი“ წელს მე-14 გაიმართა.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ლინა ბარათაშვილი, იზა ბუაჩიძე – პედაგოგი, ფილოლოგი, მარინე ვეფხვაძე – ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ეკა მელქაძე – ისტორიკოსი, კიცხის საჯარო სკოლის პედაგოგი, ვალერი გოგნაძე – პოეტი

 იზა ვეფხვაძის ინფორმაციით,   ლიტერატურული თეატრის დიდი მეგობარის,  ღირსეული ხარაგაულელის დახმარებით და თანადგომით  ოდეონელთა ნაშრომები წიგნად გამოიცემა.

 

ნანახია: 1131 - ჯერ