სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/375952707_6989170451113817_3481065382572772367_n.jpg

ირინა კუპატაძე ლიტერატურულ კონკურს ,,ოდეონის“ გამარჯვებულია

მარელისის საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის  პედაგოგი, ირინა კუპატაძე ლიტერატურული კონკურსის ,,ოდეონის“ გამარჯვებული გახდა.

ირინე კუპატაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ფაკულტეტი,ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. უკვე მეექვსე წელია მარელისის  საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

„ოდეონი“ ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით გამოჩნდა, გასულ წელს,ჩემი დირექტორის, ქალბატონი ვერა ოდიკაძის დაჟინებული თხოვნით, მივიღე მონაწილეობა და ავიღე მეორე ადგილი. გულწრფელად ვიტყვი, მოვიწამლე „ოდეონის“ სიყვარულით, ქალბატონ იზასთან ურთიერთობა არის ერთი დიდი ბედნიერება. თითოეული მონაწილე ჩემთვის ახლობელი და მეგობარი გახდა.

წელს უკვე მეორედ ვმონაწილეობდი და ჟიურის გადაწყვეტილებით , ჩემი ნოველა პირველ ადგილზე გავიდა, რაც ძალიან მახარებს".

საკონკურსო თემა გახლდათ ,,სამრეკლო".

გთავაზობთ,  გამარჯვებულ საკონკურსო ნამუშევარს.

 

ზარი სამრეკლოდან

წვიმს... გაუცნაურდა წვიმაც...  ღრუბელი დედამიწას აღარ ნამავს......  კაცთა მოდგმაზე განრისხებული წვეთები ერთმანეთის მონაცვლეობით მოდიან... ისე ხმაურობენ, თითქოს სახლს დანგრევით ემუქრებიან. კედლები სველია,ნაცრისფერი... სარკმლიდან შუქი ბჟუტავს ...  მოხუცმა  ფარდა ხელისცეცებით გასწია, გზას გახედა, არავინ ჩანდა. წვიმიან ეზოს თვალი მოავლო... ადრე ყველაფერი სხვაგვარად იყოო,- გაიფიქრა...

ადრე - კი.

ახლა?!

ახლა სხვანაირია ყველაფერი, მართლაც სხვანაირი...

მოხუცს ზარის ხმა მოესმა ...

სამრეკლოდან დედო ზარი რეკავდა , უხმობდა მომლოცველებს... ხო, ეს ხმაა შეუცვლელი. ეს ერთადერთია, მარადიული, ისევ ჯიუტად უხმობს მრევლს...

ჩემო ტკბილო უფალო, შენ შემეწიე!- წაიბუტბუტა, ოდნავ წამოიწია, დამჭკნარი ხელებით ჭიქას მისწვდა , აიღო,  წყალი მოსვა და ძალაგამოცლილი ისევ ბალიშს მიეყრდნო. დაუმძიმებიათ წლებს მხრები, დაუმძიმებიათ... მორევიან ერთ დროს ახალგაზრდას, ძლიერს...შრომაში გაცვეთილან ხელის მტევნები, დაკოჟრილან... საბანი შეისწორა,ისევ  გზას გახედა, ისევ არავინ ჩანდა... დღესაც მარტო დარჩება ...  სიმარტოვეს შეეჩვია...

 შეეჩვია?! - საკითხავია.

 ცხოვრება ადამიანს  ყველაფერს აჩვევს!

ისიც შეაჩვია.

ზარი არ წყდება სამრეკლოდან...  მრევლს ისევ ჯიუტად უხმობს ... ვინ წავა ახლა იქ?- გაიფიქრა მოხუცმა და გონებით სამეზობლო მოიარა. პეტრეს ოჯახიდან? - ჰმ, არავინ. -სიმწრით გამოსცრა პასუხი. გიორგის ოჯახიდან?

 -ჰმ, ისიც დაკეტილია. ალექსანდრეს ოჯახიდან? - ვითომ, მართა შეძლებს?! მასაც მოერია სიბერე. ამირანის ოჯახიდან? -გაიქცევა პატარა მარიკო. გაიზარდე შვილო,- წარმოსთქვა მოხუცმა და პირჯვარი გადაიწერა, ბოქლომდადებულ სახლებზე ფიქრი დააფრთხო, განიშორა...

 დედო ზარი სამრეკლოდან ჯიუტად რეკავდა, მრევლს ისევ დაჟინებით უხმობდა...

-ჩემო ტკბილო უფალო,  ეს ხმა ჩემს სოფელს არ მოუშალო! ისევ აბუტბუტდა მოხუცი... ცრემლი მოსწყდა თვალს, შანთივით  ლოყას დაჰყვა და ბალიშზე შეჩერდა.

მოხუცმა კედელს გახედა. თავისი ერთადერთი სიყვარული უღიმოდა. მაშინაც ზუსტად ასე ისმოდა ზარის ხმა,  ხელჩაკიდებულებმა აღმართი რომ აირბინეს და ჯვარი დაიწერეს... მარადისობაში გადასული სიყვარული კედლიდან ამხნევებდა... შვილებმა სწავლა მოინდომეს და ვასწავლეთ... აბა როგორ?! მშობლები არა ვართ?  სამსახურის გამო ქალაქში დარჩნენ და ხელს ხომ არ შევუშლიდით?! ტყუილად ვასწავლეთ?  ასე არ არის? ღიმილმოფენილ სახეზე თანხმობა დაინახა, ისევ ისეთი, როგორიც ადრე, წლების წინ...

ადამიანი  შვილისთვის ყველაფერს გაუძლებს ! - გაიფიქრა და იგრძნო ისევ სწვავდნენ ცრემლები ლოყას...  თვალები გზისკენ ისევ გააპარა... ისევ არავინ ჩანდა...

სამრეკლოდან კი დედო ზარი  ისევ ჯიუტად რეკავდა  და მომლოცველებს დაჟინებით  უხმობდა ...

მოხუცს სწამდა ამ ხმაში იყო იმედი,  იმედი, რომელიც  ცრემლს მოსწმენდდა.

წვიმს... გაუცნაურდა წვიმაც... ახლა გულქვა წვეთბი მოდიან დედამიწაზე!

რეზო თანუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით და ძალისხმევით ტრადიციული  ლიტერატურული კონკურსი  ,,ოდეონი“ წელს მე-14 გაიმართა.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ლინა ბარათაშვილი, იზა ბუაჩიძე – პედაგოგი, ფილოლოგი, მარინე ვეფხვაძე – ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ეკა მელქაძე – ისტორიკოსი, კიცხის საჯარო სკოლის პედაგოგი, ვალერი გოგნაძე – პოეტი

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით,   ლიტერატურული თეატრის დიდი მეგობარის,  ღირსეული ხარაგაულელის დახმარებით და თანადგომით  ოდეონელთა ნაშრომები წიგნად გამოიცემა.

 

ნანახია: 1116 - ჯერ