სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC9291.jpg

კობა ლურსმანაშვილი: 100 ათას ლარიანი გრანტი, ხარაგაულელი ახალგაზრდებისთვის

11 ივლისს ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პატრონაჟით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური  ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში დაფინანსებული, მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა  სასტუმრო „სტამბაში“.

ღონისძიებაზე ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულში  CESL პროექტის ფარგლებში დასაფინანსებლად შერჩეული ინიციატივა წარუდგინა საზოგადოებას.

100 ათასი ლარის ღირებულების საგრანტო  პროექტი ხარაგაულის ინოვაციების ცენტრის ფუნქციურ გაძლიერებას და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვას ითვალისწინებს.

,,მინდა გამოვხატო ჩემი დიდი მადლიერება ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიმართ, ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა ტექნიკური აღჭურვილობით განვაახლოთ ინოვაციების ცენტრი, რომელიც 2016 წელს დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი პირველი ხარაგაულში აშენდა.

უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება ახალი ტექნიკით აღჭურვილი ინოვაციების ცენტრი, რაც  ხარაგაულელი ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაში  დიდ როლს შეასრულებს.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების გაჩენას.ეს იქნება გარემო, სადაც დაინტერესებული პირები წვდომას  მიიღებენ   ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, ყველაზე მოთხოვნად მომავლის პროფესიებზე“- განაცხადა, სიტყვით გამოსვლისას, კობა ლურსმანაშვილმა.

ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს 1 მილიონი ევროს კონტრიბუციით, GIZ 4 წლიან პროგრამას - EU4ITD - „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ ახორციელებს, რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში - გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი. 

პროექტის მიზანია, მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის "კატალიზირება", დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად. შესაბამისად, პროგრამა მიზნად ისახავს, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგიონებიდან მიგრაციის შემცირებას და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც საქართველოს რეგიონებში, საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ.

ღონისძიება გახსნეს და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანმა; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა; გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლიდია ქრისტმანმა; GIZ - საქართველოს რეგიონალურმა დირექტორმა სანდრა, შენკემ და GIZ - ის პროექტის CESL მთავარმა ხელმძღვანელმა, ჰოვარდ ჰარდინგმა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს 4 რეგიონის: გურიის, იმერეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადგილობრივმა, სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მოწვეულ სტუმრებს შორის, ასევე წარმოდგენილი იყვნენ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირისა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს 100-მდე სტუმარი.

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 734 - ჯერ