დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა.
სხდომას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველო მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.
საკრებულოს წევრებმა მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც მათ ამავე სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ წარუდგინა, დადებითად შეაფასეს.
დადებითად შეფასდა, ასევე, კულტურის და ხელოვნების ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, რომელიც დეპუტატებს ა(ა)იპ-ის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა გააცნო.
საკრებულოს უმრავლესობამ მადლობა გადაუხადა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ხარაგაულში აქტიური და ნაყოფიერი საქმიანობისთვის.
სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა საბიუჯეტო ცვლილება წარადგინა. საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას, მეწყერული პროცესების გამო გზებზე ქვა-ღორღისა და მიწის მასების გაწმენდის მიზნით, ტენდერების გამოსაცხადებლად 20 000 ლარი გამოეყო. თანხის გამოყოფა 2023 წლის ხუთი თვის შრომის ანაზღაურების ხარჯების ეკონომიიდან მოხდება.
საბიუჯეტო ცვლილებით, ასევე, სოფელ ლაშეში გზის სანიაღვრე არხის მოსაწყობად, 13 419 ლარი, საქართველოს მთავრობის 2022 წლის N131 განკარგულების ნაშთიდან დაიხარჯება.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, ასევე, სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესში ცვლილებას. საკითხი სოციალური სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ წარადგინა.