ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილის სკვერში, მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
კობა ლურსმანაშვილი:
,, არაფერია იმაზე უფრო მეტად დასაფასებელი , როდესაც შეგიძლია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის სამსხვერპლოზე მიიტანო საკუთარი სიცოცხლე. ეს არის თავგანწირვის ნიმუში, რომელიც არაერთმა ღირსეულმა ქართველმა გვიჩვენა. საქართველოს ისტორია არის ბრძოლის, ერის და და ბერის ერთად ყოფნის ისტორია. ვისურვებდი საქართველოს უახლოეს მომავალში ბრძოლის ნაცვლად, შენებაში გამოგვეჩინოს საკუთარი თავი დ საკუთარი შესაძლებლობები.“
9 აპრილის სკვერში, 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა ხარაგაულის მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე).
ამ დღესთან დაკავშირებით ლიტერატურულ კომპოზიცია წარმოადგინეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა.
1989 წლის, 9 აპრილს, თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ ძალისმიერად დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.
გარდაცვლილთა შორის იყო ხარაგაულელი, ელისო ჭიპაშვილიც.
აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.