სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4564.JPG

ხარაგაულში მიგრაციის თემებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ხარაგაულში მიგრაციის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის

განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ მხარდაჭერილ საპილოტე პროექტს - „მდგრადი რეინტეგრაცია

და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში“ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, დღეს ზრდასრულთა ცენტრში მიგრაციის თემებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოორდინატორი, ნათია ახალაია უძღვებოდა.

ნათია ახალაია:

,,ჩვენ ვისაუბრეთ ლეგალური მიგრაციის გზებზე, როგორც სასწავლო ასევე სამუშაო მიმართულებით. რა სახის დოკუმენტაციებია საჭირო ლეგალური მიგრაციისთვის და რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ თავი დავიცვათ ტრეფიკინგისაგან. დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდა ასევე იმ საშუალებების შესახებ, რომლებიც პირმა სავიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში უკან დასაბრუნებლად შეიძლება გამოიყენოს.

როგორც პროექტის ასისტენტი, პაატა შარაშენიძე განმარტავს, მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ინფორმაცია მიეწოდოთ იმ პროგრამების შესახებ , რომლის ფარგლებშიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ქართველ მიგრანტებს ნებაყოფლობით უკან დაბრუნებაში ეხმარება. დახმარების სახეებია: მცირე ბიზნესის კომპონენტი, სამედიცინო კომპონენტი და მატერიალური დახმარება (საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა), რომელიც ინდივიდუალურია ყველა ქვეყნისათვის.

მიგრანტებთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროგრამების შესახებ, კითხვა - პასუხის რეჟიმში, ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჯგუფში ,,უვიზოდ ევროპაში" , სადაც ასევე დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ სიახლეებს, რომელიც მიგრაციის საკითხებს უკავშირდება.

პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მერიაში მოქმედებს საინფორმაციო სერვის ცენტრი, სადაც ხარაგაულის მოსახლეობას შეუძლია ყველა საჭირო ინფორმაცია მიიღოს , ლეგალური მიგრაციის და არალეგალად მყოფი მიგრანტების დახმარების სხვადასხვა პროგრამების შესახებ, ასევე საქართველოში მოქმედი საგრანტო, სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით.

საინფორმაციო სერვის - ცენტრს კურირებს, მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, ტელ: 595 90 27 20

 

ნანახია: 336 - ჯერ