ინფორმაციას ამის შესახებ kharagaulinews - ს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) აწვდის.
გიმნაზიამ ავტორიზაცია პირველად 2012 წელს გაიარა, შემდეგ 2017 წელს, რომლის ვადაც 6 წლით განისაზღვრა და 2023 წლის 24 აპრილს იწურებოდა.
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიამ, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ავტორიზაციის განახლების და ხელახლა გავლის სურვილით 2022 წლის ოქტომბრის თვეში განმეორებით მიმართა.
პირველ ეტაპზე სკოლას, მაძიებლის სტატუსი მიენიჭა, რის შემდეგაც გიმნაზიას ექსპერტთა ჯგუფი ეწვია. ექსპერტები სამი დღის განმავლობაში დეტალურად გაეცვნენ სკოლის ცხოვრებას, სასკოლო ინფრასტრუქტურას, მოხდა ყველა საჭირო დოკუმენტაციის ზედმიწევნით შესწავლა. სკოლის შესახებ დამატებითი, მნიშვნელოვანი და ობიექტური ინფორმაციის მიღების მიზნით შედგა საუბრები პედაგოგებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან, რითაც ექსპერტები კმაყოფილები და აღფრთოვანებულები დარჩნენ.
,,ავტორიზაციის საბჭოს წევრები წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაზე მომზადებული პრეზენტაციის შემდეგ აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენი სასულიერო გიმნაზია სრულად აკმაყოფილებს ყველა ძირითად საერთაშორისო სტანდარტს, მათი მხრიდან არ ყოფილა დამატებითი კითხვები და ერთხმად მოგვანიჭეს და აღიარეს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის ავტორიზაცია“ - გვიამბობს გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე).
ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე):
,,თქვენ მოგეხსენებათ, რომ ხარაგაულის გიმნაზიის რექტორი ბრძანდება მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მართგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე , მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მობრძანების შემდეგ სრული ტრანსფორმაცია განიცადა ჩვენმა გიმნაზიამ.
სრულიად გამოიცვალა შენობის სახურავი, იატაკი, ჭერი, გაკეთდა ცენტრალური გათბობა, სახურავზე დამონტაჟდა მზის პანელები, სველი წერტილები მოეწყო შენობის შიგნით , გაკეთდა ხელოვნურ საფარიანი მოედანი, ღია ამფითეატრი ბავშვებისთვის, მოხდა პედაგოგების სახელფასო ზრდა, შეიძლება ითქვას სრულიად განახლდა და შეიცვალა სკოლის ინფრასტრუქტურა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეუფე ბრძანდება ძალიან განათლებული ადამიანი მას განათლება მიღებული აქვს, როგორც საქართველოში, ასე საზღვარგარეთ.
რაღა თქმა უნდა მის ყოვლადუსამღვდელოესობას ძალიან კარგად ესმის განათლების მნიშვნელობა და სწორედ ამიტომ უდიდეს ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
ფაქტობრივად მან ამ წლების განმავლობაში შეუძლებელი შეძლო, რომ არა მისი ასეთი შრომა , თავდადება, დამოკიდებულება სწავლის და განათლების მიმართ ფაქტობრივად წარმოუდგენელი იქნებოდა იმ შედეგის მიღწევა, რაც გიმნაზიას აქვს.
მინდა ეს სიხარული განსაკუთრებულად მივულოცო მეუფე მელქისედეკეს, როგორც რექტორს. მინდა ასევე მივულოცო ჩვენს პედაგოგებს და მადლობა გადავუხადო მათ იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რაც თითოეულმა მათგანმა გიმნაზიისთვის გასწია, რომ არა მათი შრომა და თავდადება ფაქტიურად წარმოუდგენელი იქნებოდა ამ შედეგის მიღება.
როგორც გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი ვულოცავ ჩვენი სკოლის თითოეულ თანამშრომელს, ვულოცავ თითოეულ მოსწავლეს და ოჯახს, მთლიანად ხარაგაულს, თითოეულ ხარაგაულელ ადამიანს ,ყველას ვინც ჩვენი გულშემატკივარია.
ვფიქრობ ეს საზოგადო სიხარულია, რადგან მოგეხსენებათ, საგანმათლებლო დაწესებულების ფუნქციონირება, რომელიც მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის.“
ვულოცავთ წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელბის სასულიერო გიმნაზიას ავტორიზაციის წარმატებით გავლას.