სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/325139558_857378578712006_7166734358479955721_n.jpg

დიმიტრი კოჩაძე ხარაგაულის სამედიცინო ცენტრის კლინიკურ მენეჯერად  დაინიშნა

„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულების კლინიკურ მენეჯერად დიმიტრი კოჩაძე დაინიშნა.  

დიმიტრი კოჩაძე წარმოშობით ხარაგაულიდანაა, სოფელ ვარძიიდან, მისთვის უცხო არაა ხარაგაული და ის კლინიკა სადაც ახალ თანამდებობაზე დაინიშნა და ის საჭიროებებიც კარგად ესმის რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.   

ახალ კლინიკურ მენეჯერს ,„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“  ცენტრალურ ოფისთან ერთად, ბევრი  მნიშვნელოვანი გეგმა აქვს და მზადაა საერთო იდეების განსახორციელებლად საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოიყენოს.

„იდეები ეხება როგორც ჩვენს არაჩვეულებრივ კოლექტივს, ასევე, ცხადია პაციენტებს და ინფრასტრუქტურას, რომელის გაუმჯობესებაზეც ყველა ერთად ვიზრუნებთ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ოფისის დახმარებით.

მიხარია, რომ კლინიკაში მეგობრული, მოტივირებული და დიდი პასუხისმგებლობის მქონე სამედიცინო გუნდი დამხვდა. ვფიქრობ, მათი მხარდაჭერითა და კონსტრუქციული თანამშრომლობით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. რაც მთავარია, შევძლებთ ეფექტური ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფას. ჩვენი პერსონალის სრული შემადგენლობით მზად ვარ, რომ გავაგრძელო და გავაუმჯობესო ყველა ის სერვისი, რომელიც ჩვენი ხარაგაულის მაცხოვრებლების ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს სჭირდება.“

ახალმა კლინიკურმა მენეჯერმა სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე, შემდეგ კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფექციური სნეულებების სარეზიდენტო პროგრამის მიმართულებით მიიღო.

როგორც დიმიტრი კოჩაძე, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს სამუშაო გამოცდილების პირველი წლები კლინიკა „ჯერარსის“ ბავშვთა კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის დეპარტამენტში დაიწყო, უმცროსი ექიმის თანამდებობაზე მუშაობდა „ამტელ ჰოსპიტალის“ ბავშთა რეანიმაციულ განყოფილებაშიც. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატის აღების  შემდეგ, კი კარიერა „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გააგრძელა.

დიმიტრი კოჩაძე აქტიურად გახლდათ ჩართული კოვიდ-პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მუშაობდა კოვიდ-თერაპიულ განყოფილების ექიმ-ინფექციონისტად, პარალელურად, იმავე პასუხისმგებლობით საქმიანობდა „თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ სავადმყოფოში“.

დიმიტრი კოჩაძე, ამჟამად, „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში“ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ექიმი-ინფექციონისტის თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულება  თერაპიულ და ქირურგიულ პაციენტებს ემსახურება.

ადგილზე ფუნქციონირებს მაღალი სტანდარტის საოპერაციო ბლოკი, ლაბორატორია, რადიოლოგიური სერვისი. პაციენტებს უტარდებათ ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები.

 

 

 

ნანახია: 952 - ჯერ