სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fnfgnzfg.jpg

ხარაგაული უნდა გახდეს ტურისტის არჩევანი მას ამის პერსპექტივა აქვს

დღეს ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში  ,,DMO იმერეთის“ ინიციატივით ხარაგაულის ტურისტული პოტენციალის კვლევის მიზნით შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას აღმასრულებელი დირექტორი მარი დევიძე, მარკეტინგის და პროდუქტის განვითარების მენეჯერი  ლალი ჟორჟოლიანი და  პროფესორი გიორგი დვალიშვილი უძღვებოდა.

 

 შეხვედრას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ასევე მერიის ხელმძღვანელი პირები, მეწარმეები, ა(ა)იპ-ების დირექტორები და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები.

საუბრისას მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა ხარაგაულში ტურიზმის განვითარების კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. ასევე აღნიშნა, რომ ხარაგაულს ტურიზმის განვითარების პერსპექტივა ნამდვილად აქვს, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა ამ სფეროს განვითარებისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთის იდეები მოისმინეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.

მარიამ დევიძე: ,,ასეთ სამუშაო ფორმატში ვიღებთ ისეთ ინფორმაციებს, რომლებიც ტურისტული პოტენციალის და პერსპექტივების განსაზღვრაში გვეხმარება,რომ შემდეგ   სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია ტურისტულ კომპანიებს.

ხარაგაულს ბევრი საინტერესო კულტურული ძეგლი და ისტორიული ადგილი აქვს, რომელიც ტურიზმის წარმატებით განვითარებისთვის  უნდა გამოვიყენოთ.

გიორგი დვალიშვილი: შეხვედრაზე ბევრმა საინტერესო და მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ  გაიჟღერა, რომელიც შეიძლება მომავალში კარგად შევფუთოთ და ტურიზმის განვითარებისთვის გამოვიყენოთ.

ხარაგაული უნდა გახდეს ტურისტის არჩევანი მას ამის პერსპექტივა ნამდვილად აქვს.  იმედი მაქვს ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიური თანამშრომლობის , რაც ძალიან მნიშვნელოვანია."

შეხვედრის მიზანია, შემუშავდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისათვის საჭირო რეკომენდაციები.

მსგავსი ხასიათის შეხვედრებს ,,დმო იმერეთი“  იმერეთის რეგიონის თითოეულ მუნიციპალიტეტში გამართავს. შეხვედრების დასრულების შემდეგ შეიქმნება იმერეთის რეგიონის ერთიანი სარეკომენდაციო პაკეტი. აღნიშნული დოკუმენტი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამისს უწყებებს.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა, ცნობილი გეოგრაფის, პროფესორის გიორგი დვალაშვილის წიგნის ,,იმერეთის 100 ძეგლი” პრეზენტაცია.

წიგნში ხარგაულის მუნიციპალიტეტიდან შესულია: ხარაგაულის მუზეუმი; ჩხერის ციხე; ვახანის ციხე; უბისის ტაძარი; კახორის წმინდა გიორგი; დევისხვრელის მღვიმე; ლეღვანის ტბა; ცაშეკრულას კანიონი; რკინისჯვრის მთა; ზვარე; ნუნისის ხეობა. ნაშრომში ასევე წარმოდგენილია იმერეთის ძეგლების ფოტოები, მუნიციპალიტეტების რუკები, ობიექტების შესახებ არსებული ლეგენდები და თქმულებები, სამეცნიერო-პოპულარულად დაწერილი საცნობარო ტექსტები. თითოეული ძეგლის ადვილად მისაგნებად წიგნში წარმოდგენილია ობიექტების ზუსტი მდებარეობა, სიმაღლე ზღვის დონიდან, მისასვლელი გზა (მანძილი თბილისიდან, ქუთაისიდან, ადმინისტრაციული ცენტრიდან), აგრეთვე გეოგრაფიული კოორდინატები. წიგნი არის ა4 ფორმატის და მოიცავს 124 ფერად, ილუსტრირებულ გვერდს.

წიგნის შეძენა მსურველებს ხარაგაულის სპორტისა და ტურიზმის ცენტრში შეუძლიათ. 

ნანახია: 331 - ჯერ